ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? წლების განმავლობაში ქართველების ერთ-ერთი საყვარელი გადაცემა იყო. თუმცა, რვა სეზონის შემდეგ, 2016 წელს პროექტი დროებით დაიხურა.

გადაცემის დახურვას თამაშის პოპულარობა არ შეუმცირებია, დღესაც - მთელ ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდაა ჩართული მსგავსი პროექტების ორგანიზებასა და მონაწილეობაში. საქართველოში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციაში კი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ რა? სად? როდის? მიუძღვის, პორექტის დახურვა კი სამწუხარო მოვლენა იყო.

გადაცემა, რომელსაც მაყურებელი სამი წლის განმავლობაში ელოდა, ტელეეთერში ბრუნდება. რა? სად? როდის? შაბათს, 25 მაისს, 23:30 საათზე გავა, პროექტის გენერალური პარტნიორი კი adjarabet.com-ია

მონატრებული პროექტის დაბრუნების შესახებ ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ისაუბრა.

რამდენად იყო მაყურებლის მხრიდან მოთხოვნა თქვენს დაბრუნებაზე?

ისეთი სერიოზული ტალღა მოდიოდა მოსახლეობისგან და ძველი მაყურებლებისგან რომ ფიზიკურად ვეღარ გავუძელით და გადავწყვიტეთ რომ აღგვედგინა პროექტი. 3 წლის წინ, ასე ვთქვათ, მოყირჭებას ვგრძნობდით, რადგან გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ყოველ ორშაბათს ახალი შოუს ჩაწერა, თუმცა ახლა ვგრძნობთ შიმშილს და მზად ვართ ძველებური ენერგიით შევუჩნდე ჩვენს მოაზროვნეებს და კუდით ქვა ვასროლინო

როგორი შეგრძნებაა ამდენი ხნის შემდეგ ეთერში დაბრუნება?

სერიოზული ადრენალინია და დარწმუნებული ვარ გუნდი ინანებს რომ გადაწყვიტა ეთამაშა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ყველანი ძალიან მოხარულები ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დავბრუნდებით სატელევიზიო სივრცეს.

რითი იქნება გამორჩეული ეს სეზონი?

ამ სეზონზე იგივე ფორმატით წარვდგებით მაყურებლის წინაშე, თუმცა შემდეგი წლისთვის ვფიქრობთ, გადახალისებას, მემკვიდრეობის გაგრძელებას და ახალგაზრდა მოაზროვნეების შემოერთებას.

შოუში უამრავი სპორტსმენი მოგიწვევიათ, ამ სეზონშიც ველოდოთ მსგავს მოულოდნელობებს?

სპორტსმენები მოდიოდნენ სტუმრად, მათ არ სცალიათ თამაშისთვის, გვყავდა ჟურნალისტების გუნდი და გაისად ვფიქრობთ რომ უფრო მეტად ჩავატარებთ ექსპერიმენტებს, ამიტომ მოულოდნელი არაფერია.

რა? სად? როდის? საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. გადაცემა 25 მაისს, 23:30 საათზე დაიწყება.