GOT-ის ყველაზე მდიდარი ოჯახების ეკონომიკა
ჯორჯ მარტინის საგის ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი ოჯახების რეიტინგის შედგენისას მთავარი კითხვა აქტივების შეფასებაში მდგომარეობს. რა მეთოდით უნდა შეფასდეს დრაკონი? რა ღირს მსგავსი აქტივი იმ ვითარებაში, რომელშიც საგის გმირები ცხოვრობენ?
მიუხედავად აქტივების შეფასების სირთულისა, ნაწარმოებში საკვლევი მასალის დეფიციტი არ შეინიშნება. 60-საათიანი სატელევიზიო დრამა და ხუთი წიგნი ჯორჯ მარტინისაგან ძირითადი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად და ყველაზე მდიდარი გვარების რეიტინგის შესადგენად საკმარის ინფორმაციას იძლევა.
ცეცხლის მფრქვეველი დრაკონების ფასის დადგენისას, შესაძლოა, სატელევიზიო დრამის მესამე სეზონი გაგახსენდეთ, სადაც დეინერის ტარგარიენი თავის ერთ-ერთ დრაკონს 8 000 უნაკლოს და 5 000 მონის სანაცვლოდ თმობს, თუმცა, სცენის ბოლოს გასაგები ხდება, რომ დეინერისი დრაკონის დათმობას ნამდვილად არ აპირებდა. ჯორჯ მარტინის სამყაროში დრაკონი ნამდვილად ყველაზე ძვირფას და მომგებიან აქტივს წარმოადგენს. დრაკონის გამოყენება მის მფლობელს ნებისმიერი მიზნის შესასრულებლად შეუძლია.
ტარგარიენების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 1
საწყისი პოზიცია: 9
საგის დასაწყისში ვესტეროსის ყოფილი სამეფო ოჯახი საკუთარი სამეფოდან განდევნილია და სიკვდილს გადარჩენილი ორი შთამომავალი, ვისერისი და დეინერისი სხვადასხვა ქალაქებში ხეტიალობენ. ყველაფერი დეინერისის და კჰალ დროგოს ქორწინების დღეს იცვლება, როდესაც დეინერისს დრაკონის 3 კვერცხს ჩუქნიან.
ბოლო სეზონში კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აქტივების, დრაკონების გარდა, დეინერის ტარგარიენი ფლობს დიდ არმიას, აკონტროლებს რამდენიმე თავისუფალ ქალაქს, მონათა ყურეს და ლანისტერების მშობლიურ მამულს, კასტერლის კლდეს. ასევე, დეინერესის ძალაუფლებაშია დრაგონსტოუნი - ერთადერთი ადგილი, სადაც დრაკონის შუშა მოიპოვება, რომელიც მკვდრების არმიის დასამარცხებლად არის საჭირო.
ლანისტერების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 2
საწყისი პოზიცია: 1
ოჯახის სლოგანი ვალების გასწორების შესახებ ნაწილობრივ ეხმიანება ამ ოჯახის დამოკიდებულებას ფინანსებთან დაკავშირებით. საგის განმავლობაში ცნობილია, რომ ოჯახი კასტერლის კლდის ტერიტორიაზე მიმდებარე ოქროს საბადოებს ფლობს, თუმცა მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს საბადოები წლებია, ამოწურულია. მიუხედავად ამისა, სატელევიზიო დრამის პირველ სეზონში რობერტ ბარათეონს ტაივინ ლანისტერის სამი მილიონი ოქროს დრაკონი მართებს.
გლობალურ ფინანსურ სისტემასთან წვდომა ლანისტერების გვარის კიდევ ერთი აქტივია. თავისუფალი ვაჭრობა სხვადასხვა თავისუფალ ქალაქებთან და კარგი ურთიერთობა ბრაავოსის რკინის ბანკთან ლანისტერებს დიდ უპირატესობას აძლევს. მერვე სეზონის დასაწყისისთვის ლანისტერებს მთელ ვესტეროსში ყველაზე მრავალრიცხვოვანი და კარგად აღჭურვილი არმია ჰყავთ.
არინების სახლი
საწყისი პოზიცია: 3
მიმდინარე პოზიცია: 3
არინების სახლის მთავარ უპირატესობას მათი რეგიონის მდებარეობა და მთიანი ლანდშაფტი წარმოადგენს. საარწივე რთულად მისადგომი და კიდევ უფრო რთულად დასაპყრობი რეგიონია. სამეფო საკმაოდ მოშორებულია ცხელ წერტილებს და, შესაბამისად, ვესტეროსში მიმდინარე ომები მის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება.
ამავდროულად, არინების ხელშია გალტაუნი, ბრაავოსის თავისუფალ ქალაქთან დამაკავშირებელი ყველაზე ახლო ნავსადგური. არინები ასევე გამოირჩევიან კარგად აღჭურვილი და გამოცდილი რაინდების სიმრავლით. მათი ზუსტი რიცხვია უცნობია, თუმცა არინების ჩართვა ვინტერფელის ბრძოლის მოსაგებად საკმარისია. მერვე სეზონის დასაწყისისთვის არინების ხელშია ყველაზე მსხვილი პორტი, კარგად დაცული და მიუდგომელი სასახლე და ასევე, კარგად გაწვრთნილი არმია.
სტარკების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 4
საწყისი პოზიცია: 4
მიუხედავად იმისა, რომ სტარკები და მათი მოკავშირე სახლები ვესტეროსის ყველაზე დიდი მიწათმფლობელები არიან, რეგიონი მეჩხერად არის დასახლებული. მუშა ხელის დეფიციტი ჩრდილოეთის მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. ვინტერფელის მთავარი სიძლიერე, ანუ მისი მიუდგომლობა, მკაცრი კლიმატი და რთული ლანდშაფტი, ამავე დროს, მთავარი სისუსტეცაა.
რეგიონში მოიპოვება რკინა, ვერცხლი, ფლოტისა და სხვადასხვა საბრძოლო თუ სამუშაო იარაღის საჭიროდ დასამზადებელი ხის მასალა. სამუშაო ძალის სიმცირის გამო სტარკები ვერ ახერხებენ ამ უპირატესობების გამოყენებას.
გრეიჯოების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 5
საწყისი პოზიცია: 7
რკინის კუნძულები ბუნებრივი რესურსების კუთხით ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სამეფოა. გვარის სლოგანი "ჩვენ არ ვთესავთ" ნაწილობრივ მეტყველებს, თუ რას ფიქრობს ეს ოჯახი ოჯახის ეკონომიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებით. გრეიჯოების შემოსავლის მთავარ წყაროს ძარცვა წარმოადგენს. ტყეების სიმცირე გრეიჯოებისთვის მეტად ართულებს მათი მთავარი ტრანსპორტის, გემების მშენებლობას.
მიუხედავად ამისა, ფინალური სეზონის დაწყებამდე გრეიჯოების სახლის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რკინის კუნძულების ახალი მმართველი ეურონ გრეიჯოი 1 000 გემიანი ფლოტის შექმნას აპირებს. გრეიჯოების სახლის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი გემებს არა საძარცვად, არამედ სავაჭროდ გამოიყენებდნენ.
მარტელების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 6
საწყისი პოზიცია: 6
მარტელების, დორნის სამეფო, ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ხრიოკი რეგიონია. დორნის მთავარ წარმოებასა და ექსპორტს ღვინო და ყურძენი წარმოადგენს. ცნობილია, რომ მარტელებს ჰყავთ არმია და მცირე ფლოტი, თუმცა, ზუსტი რიცხვები უცნობია.
ფინალური სეზონის დაწყებამდე მარტელების სახლის ყველა ძირითადი წევრი მკვდარია, თუმცა სავარაუდოა, რომ გვარი სრულად არ განადგურებულა. დორნის მდებარეობა ამ რეგიონის მთავარი უპირატესობაა, რომელიც მომავალ ომში რეგიონს განადგურებისგან დაიცავს.
ტალების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 7
საწყისი პოზიცია: 5
ტალების სამეფო, თავისი ცენტრალური მდებარეობის და ნაყოფიერი მიწის გამო, ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი უნდა იყოს, თუმცა ცენტრალური მდებარეობა უპირატესობასთან ერთად სისუსტესაც წარმოადგენს. ვესტეროსში მიმდინარე ყველა სამხედრო დაპირისპირება მდებარეობის გამო რივერანსაც ეხება. ამასთანავე, ტალების ოჯახი ვერ აკონტროლებს მდინარეზე გადასასვლელ და მთავარ სავაჭრო გზებს, რაც მათ გამდიდრების საშუალებას არ აძლევს.
მერვე სეზონის დასაწყისისთვის ტალების მემკვიდრე დატყვევებულია, ხოლო ჯარი კი ლანისტერების არმიას ჩაბარდა. ფინალური სეზონის დაწყებამდე ტალების ოჯახი გაკოტრების პირას იყო.
ბარათეონების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 8
საწყისი პოზიცია: 8
წესით, ვესტეროსის მმართველის ოჯახი, ამავდროულად ყველაზე მდიდარიც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, სატელევიზიო დრამის დასაწყისისთანავე ცნობილი ხდება, რომ რობერტ ბარათეონს ჯამში 6 მილიონი ოქროს დრაკონის ვალი აქვს. ბარათეონების ჯანსაღ ფინანსურ საქმიანობაზე ცნობილი ბევრი არაფერია, ამ გვარის წარმომადგენლები, როგორც წესი, კარგი მეომრობით არიან სახელგანთქმულნი.
ფინალური სეზონის დაწყებამდე ბარათეონების გვარის სამივე ძმა მკვდარია. ბარათეონების გვარიდან ცოცხალი მხოლოდ რობერტის უკანონო შვილი გენდრია, რომელიც ჯონ სნოუს არმიას შეუერთდა.
ტირელების სახლი
მიმდინარე პოზიცია: 9
საწყისი პოზიცია: 2
ტირელების სამფლობელო, ჰაიგარდენი ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი რეგიონია. რეგიონის სიმდიდრე პირდაპირპროპორციულად აისახება მმართველი ოჯახის სიმდიდრეზეც. ტირელები საგის დასაწყისში ვესტეროსის ყველაზე მდიდარ ოჯახად გვევლინება ლანისტერების შემდეგ. მჭიდროდ დასახლებულმა სამეფომ, ნაყოფიერმა მიწამ და კარგმა მდებარეობამ ტირელებს საშუალება მისცა, 100-ათასიანი არმია შეეკრიბათ.
ბოლო სეზონებში ვესტეროსში განვითარებულმა მოვლენებმა ტირელების ოჯახი სრულად გაანადგურა. უკანასკნელმა ცოცხალმა ტირელმა, ლედი ოლენამ საწამლავი მას შემდეგ დალია, რაც ჰაიგარდენი ლანისტერების არმიამ აიღო.
კომენტარები