გიორგი ქობულია — "უცხო სხეული" ქართული ოცნების ხელისუფლებაში
ემოციური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, არაფორმალური თამაშის წესები, ნეპოტიზმი და გარიგებები სახელმწიფო კომპანიებში — ეს იმ პრობლემური საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც "უცხო სხეულად წოდებულმა" ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გადაყენების შემდეგ საჯაროდ ისაუბრა.
უპრეცედენტოა, როცა მოქმედი ხელისუფლების გათავისუფლებული მინისტრები პარლამენტში მიდიან და დეპუტატების კითხვებს პასუხობენ. ეს პრეცედენტი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ შექმნა. ის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა მიიწვია.
ყოფილი მინისტრების პარლამენტში მისვლის პრაქტიკას ქართული ოცნება საჯაროდ შეეწინააღმდეგა. ამის მიუხედავად, "გუნდიდან წასული, განაწყენებული ადამიანების შეკრებას" ქართული ოცნების სამი დეპუტატი მაინც დაესწრო. შეხვედრისთვის ის ერთადერთი დარბაზი გამოიყო, საიდანაც პარლამენტის ვებგვერდზე პირდაპირი ტრანსლაცია შეუძლებელია.
ყველაზე მეტი კითხვა ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე დაისვა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა საკითხებზე ვერ შეთანხმდა ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების გუნდთან და მიიღო თუ არა მისი გადაყენების გადაწყვეტილება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა.
ვინ და რატომ გადააყენა?
ყოფილ მინისტრს 4 საათის განმავლობაში არც ერთხელ უხსენებია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახელი, თუმცა თქვა: "ჩემი გადაყენების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო, პარტიის ლიდერთან შეთანხმებით".
მისი განცხადებით, თანამდებობიდან მხოლოდ ერთ რომელიმე საკითხზე უთანხმოების გამო არ გაუთავისუფლებიათ: "ეს იყო დიდი პროცესი. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი".
ქობულია ამბობს, რომ იყო ბევრი საკითხი, რომელთა შესრულებასაც დაჟინებით ითხოვდა, თუმცა ეს საკითხები ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებს არ ემთხვეოდა.
"ეს ეხება მაგალითად, ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას, სხვადასხვა სექტორებში, ასევე, მაგალითად, საკითხს, როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვის სისტემის ჩამოყალიბება. ეს საკითხები იყო, რომელზეც ჩვენ, ალბათ, ვერ ვიპოვეთ საერთო ენა", — განმარტა მინისტრმა.
ის ფიქრობს, რომ "რაღაც საკითხებში პრინციპული აღმოჩნდა" და "თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მხარს არ დაუჭერდა გადაწყვეტილებებს, რომელსაც ფუნდამენტურად არ ეთანხმებოდა".
"არაფორმალური თამაში"
გიორგი ქობულიამ თქვა, რომ მინისტრობამდე მმართველ გუნდთან ყველა საკითხი დააზუსტა, მათ შორის "არაფორმალური თამაშის" წესების შესახებ.
"მე ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის და დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა", — განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
"შეცდომით დანიშნული"
თანამდებობიდან გადაყენებულმა გიორგი ქობულიამ "ტოტალური ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ, თითქოს, მინისტრად "მაკინზის" მიერ ჩატარებული კვლევის გამო დანიშნეს.
"მედიაში ხშირად მსმენია, რომ ჩემი მოსვლის მიზეზი ნაშრომი, რომელიც იყო არა ჩემი, არამედ სხვისი გაკეთებული ნაშრომი. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ნაშრომის მიხედვით ვინმეს სამსახურში აყვანა ხდება. მერე უი, არა შეგვეშალა, ისე არ ყოფილა და მოდით გავათავისუფლოთ? ეს ისტორია თავიდან ბოლომდე ფანტაზიაზეა აგებული. ნაშრომიც არ ყოფილა", — განაცხადა ქობულიამ.
მან დასძინა, რომ ნიკა გილაურს ძალიან კარგად იცნობს და მისგანაც შეგვიძლია მივიღოთ კომენტარი, რომ "ეს არის მასთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი სისულელე".
ქობულიას თქმით მმართველ გუნდს ძლიერი ტექნოკრატები სჭირდებოდა და სწორედ, ამიტომ მოიყვანეს. მან განმარტა, რომ ის იყო "სერიოზული კომპანიის" მმართველობაში.
"სერიოზული საუბრები იყო პრემიერ-მინისტრთან და პარტიის ხელმძღვანელთანაც. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვიხილავდით, აქ იყო საუბრები იმაზე, რომ ვებრძვით ნეპოტიზმს, არავის დავნიშნავთ, ვინც არ იქნება ღირსეული, არ მოვაწერთ ისეთ ხელშეკრულებებს ხელს, რომელიც კერძო ბიზნესმენების ინტერესებშია. ეს პირობები ნალაპარაკები იყო და იყო ჩვენი შეთანხმება", — განაცხადა ქობულიამ.
"უცხო სხეული"
ქობულიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ერთ-ერთი შეხვედრისას "უცხო სხეული" უწოდეს. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ მოიხსენია ის ასე, თუმცა დაუშვა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მის "პრინციპულობას უკავშირდებოდა".
მართვის პრობლემები მთავრობაში
გიორგი ქობულიას თქმით, "საქართველოს მთავრობაში პრობლემაა, რომ გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილებები "ემოციურად გაუაზრებელია".
მისი თქმით, რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების 20 დღეში გაცემას გულისხმობდა, შეიცვალა.
"ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს", — განაცხადა ქობულიამ.
ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ინვესტორთა მოზიდვის ერთიანი ხედვა. მისი პოზიციით, "უცხოელი მსხვილი ინვესტორები ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
ის ფიქრობს, რომ გასაძლიერებელია მიდგომა ჰესების და ქარის პროექტების მიმართულებით. მან ყურადღება გაზის სექტორში წლების განმავლობაში ერთ მომწოდებელზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს სექტორი დარეგულირებული არ არის, რაც ნეგატიური პრაქტიკაა.
"ყველაფერზე რომ კითხვები გვიჩნდება, ასეთი კითხვა არავის გასჩენია, რომ წლების განმავლობაში ამ მთავრობისა და იმ მთავრობის პერიოდშიც, ერთი კომპანიაა და რა ფასშიც უნდა იმ ფასში მიაწვდის. კომერციულ სექტორს სხვა გამოსავალი, რომ სხვა კომპანიისგან იყიდოს გაზი, არ აქვს. ეს საკითხი მოსაგვარებელია, ან უნდა შეიქმნას კონკურენცია, ან თუ ეს მონოპოლიაა, მაშინ უნდა დარეგულირდეს", — თქვა ყოფილმა მინისტრმა.
გიორგი ქობულიას განცხადებით, საჯარო სტრუქტურებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და "ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებები კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევენ".
მისივე თქმით, მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის დასრულების საკითხი წლების განმავლობაში "რატომღაც" ვერ წყდება.
"ვერ გაგცემთ პასუხს, რატომ ხდება ასე, ამდენი, წლის განმავლობაში, სადაც არის უზარმაზარი სატრანზიტო პოტენციალი, უზარმაზარი თანხებია დახარჯული, 700 მილიონამდე. ეს არის საქართველოსთვის ძირითადი არტერია, რაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე", — განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გააკრიტიკა და განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველია, რის საფუძველზე ხდება შეფასება.
"დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა მოხდეს. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი რაღაც ორგანიზაცია აკეთებს შეფასებას და ძალიან ხშირად გაურკვეველია, რის საფუძველზე და რანაირად ხდება შეფასება. ხშირადაა, ის დიდი გაუგებრობის და კამათის საგანი", — განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
სახელმწიფო კომპანიები
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ სახელმწიფო კომპანიები არის "არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდე". მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს და საჭიროა მათი ნაწილობრივ პრივატიზაცია.
"სტრატეგიული ინტერესები უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვიტავთ", — განაცხადა მან.
მან საპარტნიორო ფონდის მუშაობაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არაეფექტურია, მისი შედეგიანობა კი დაბალი.
"ინვესტიციების მოზიდვისა და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის სამინისტროს საპარტნიორო ფონდში. მისი სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობაც საკმაოდ დაბალია", — განაცხადა ქობულიამ.
ამის პარალელურად, ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ "კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში საკუთარი თვალით არ უნახავს".
საპარტნიორო ფონდის არაეფექტურობაზე მინიშნების შემდეგ ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მომავალ ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის პარლამენტში მისვლის საკითხს დააყენებს.
ჰესის მშენებლობა პანკისში
გარდა მმართველობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, გიორგი ქობულიას პასუხის გაცემა სხვა მთავარ და აქტუალურ საკითხებზეც მოუწია, მათ შორისაა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხი და ანაკლიის პორტის ბედი.
გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ "პანკისის საკითხი საერთოდ არ მდგარა ბოლო მომენტამდე, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო". სწორედ, მისი გადაყენებიდან 3 დღეში შევიდა პანკისის ხეობაში პოლიცია და ეკონომიკის სამინისტროს ტრაქტორი.
ქობულია ფიქრობს, პანკისში მცირე ზომის ჰესი შენდება და ამ საკითხზე უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება არაოპტიმალურია, როცა გაცილებით უფრო დიდი ჰესებია ასაშენებელი.
მისი თქმით, მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს ხალხთან და აუხსნას, თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ პროექტებს.
"პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჰესები აუცილებლად ასაშენებელია, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის პირობების უმაღლესი სტანდარტების, ევროსტანდარტების გათვალისწინებით... ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა ჩვენი მთავრობის მხრიდან, სადაც მე არ ვთვლი, რომ დამაკმაყოფილებლად ვმუშაობთ, არის ხალხთან კომუნიკაცია... თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, გვჭირდება ხალხთან ძლიერი კომუნიკაციის მექანიზმი", — განაცხადა ქობულიამ.
ანაკლიის პორტი
გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა კომერციული პრობლემები აქვს.
"შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, აქვს სერიოზული კომერციული პრობლემები, რაც არაერთხელ მითქვამს. ჩვენ ამაზე არ უნდა არ დავხუჭოთ თვალი, ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში", — განაცხადა ქობულიამ.
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი
ქობულიას მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის საკითხზეც ჰქონდა. ის ფიქრობს, რომ ყველაზე ობიექტური და ოპტიმალური საკონცერტო დარბაზის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისთვის გადაცემა იყო. მისივე თქმით, კერძო სექტორმა დარბაზი ვერ აამუშავა.
"ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზების მართვა კერძო სექტორის მიერ უბრალოდ წარმოუდგენლად რთულია. ასეთი ტიპის დარბაზები არის სახელმწიფოსი ან დოტირებული. ამერიკაშიც რომ გადახედოთ, იქაც არ არის ბევრი და ჩვენთან დაბალი შესაძლებლობის ქვეყანაში რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს ამუშავოს", — განაცხადა ქობულიამ.
მისი აზრით, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო და დარბაზი სამართავად უნდა გადასცემოდა სიმფონიურ ორკესტრს. ქობულია ამბობს, რომ სიმფონიურ ორკესტრს "შესანიშნავი" ხედვა ჰქონდა, თუმცა ეს ის საკითხი იყო, რომელიც გუნდის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს: "მგონი, დღესაც დაკიდებული საკითხია".
სამომავლო გეგმები და პოლიტიკა
ეკონომიკის გადაყენებული მინიტრი აცხადებს, რომ საქართველოში რჩება და ზაფხულს თბილისში გაატარებს. ის არც პოლიტიკურ აქტივობას გამორიცხავს.
მას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ახლოს. "თუ გადავწყვიტე გეტყვით", — განუცხადა ჟურნალისტებს.
პოლიტიკური შეფასებები
ქართული ოცნება
გიორგი ქობულიასთან შეხვედრას არ დასწრებია ის კომიტეტი, რომლის მთავარი პროფილიც ეკონომიკა და ამ დარგში არსებული გამოწვევებია. ამ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ თქვა, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან შეხვედრას არ დაესწრო, რადგან ფიქრობდა, რომ საქმიან ნაწილზე მეტად, პოლიტიკის ნაწილზე ისაუბრებდნენ.
"რომ მქონოდა იმის რწმუნება, რომ იქნებოდა მხოლოდ საქმიანი საუბარი, ერთ წუთს არ დავფიქრდებოდი, მეც დავესწრებოდი", — განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, ქობულიას სურვილის შემთხვევაში, მასთან ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას ითანამშრომლებდა. დეპუტატის თქმით, ქობულია პირველი იქნება ვისაც გამოცდილების გაზიარებისთვის მიმართავს.
გიორგი ქობულია რომან კაკულიას შეთავაზებას დადებითაც შეხვდა და თქვა, რომ "ნებისმიერ დროს მზად არის".
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატები შეხვედრას არ დაესწრებოდნენ.
"გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მგონია, რომ არაფერი გვესაქმება" — განაცხადა მდინარაძემ.
ამის მიუხედავად, ქობულიასთან შეხვედრაზე ქართული ოცნების სამი დეპუტატი მივიდა" შოთა შალელაშვილი, ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატები
ქობულიას პარლამენტში მისვლის ერთ-ერთი ინიციატორი, ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ქობულია "ივანიშვილის ხასიათთან თანხვედრაში ვერ მოვიდა" და ამიტომ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"ეს არის მმართველობის პრობლემა, ეს არის გაჩერებული ბიუროკრატია, ეს არის პარტიის თავმჯდომარესთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები — მათი ინტერესები და ცხვირის ჩაყოფა ქვეყნის ეკონომიკაში", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ის ფიქრობს, რომ ქობულიაში ვერ დაინახეს ადამიანი, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე, როგორც "მას კომფორტს სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან".
კიდევ ერთმა ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა და სხდომის წამყვანმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოისმინა "საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში".
"როცა ის ამბობს, რომ ქვეყანაში არის რეალურად 50 პროცენტიანი უმუშევრობა და არა 12 პროცენტია, როგორც ეს სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია ხოლმე მოცემული. ჩემთვის ეს უკვე ნიშნავს რეალური პრობლემების დანახვას და პროცესის დაწყებას", — განაცხადა კობერიძემ.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ "ქობულია იმის გამო მოხსნეს, რომ ის ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილა".
მისივე განცხადებით, "რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა და ბევრი ცუდი რამ, რის გაკეთებასაც ქობულიამ ხელი შეუშალა, მისი ხელისუფლებიდან გაშვების მიზეზი აღმოჩნდა".
" როგორც მან თქვა, მთავრობაში "უცხო სხეულად" განიხილავდნენ — უცხო გარიყეს და ამ უცხომ პირველად გაბედა, რომ მმართველობის ის მახინჯი წესი ემხილა, რაც დღეს საქართველოშია დამკვიდრებული", — განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას თქმით, "გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა".
"ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენ გრძელდება ვარდნა, ფაქტია", —განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, შეხვედრა ამომწურავი არ იყო და "უფრო მკაფიო პასუხებს ისურვებდა".
მოკლედ გიორგი ქობულიას შესახებ
ქობულია პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 2019 წლის 18 აპრილს გადააყენეს და იმავე დღეს შეცვალეს ეკონომიკის ახალი მინისტრით, ნათია თურნავათი. ის მინისტრის პოსტს მხოლოდ 8 თვის განმავლობაში იყო, სადაც, თავის დროზე, სპეციალურად მოიწვიეს. მანამდე ქობულია McKinsey-ს წარმატებული კარიერის მქონე ბიზნესის მართვის სპეციალისტი იყო.
კომენტარები