მარიანის ღრმულში რეკორდულად ღრმა ყვინთვისას პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინეს
ამერიკელმა მკვლევარმა მარიანას ღრმულში ზონდით ყველაზე ღრმა ყვინთვისათვის რეკორდი დაამყარა, პარალელურად კი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში პოლიეთილენის პარკი და შესაფუთი ქაღალდები იპოვა.
ვიქტორ ვესცოვო წყლის ქვეშ თითქმის 11 კილომეტრის სიღრმეზე ჩავიდა. მარიანას ღრმულის ფკსერზე მან ზონდით ოთხი საათი გაატარა. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა ოკეანის ამ წერტილს მიაღწია.
მარიანას ღრმულის ფკსერზე პირველი ადამიანები 1960 წელს აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ძალების ლეიტენატი დონ უელში და შვეიცარიელი ინჟინერი ჟაკ პიკარდი გახდნენ.
დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2012 წელს მარიანას ღრმულის ფსკერზე რეჟისორი ჯეიმს კამერუნიც დაეშვა. ახლა ვიქტორ ვესცოვო გახდა მეოთხე ადამიანი, რომელიც მარიანას ღრმულის ფსკერზეა ნამყოფი, თანაც ის 11 მეტრით უფრო ღრმად ჩავიდა, ვიდრე წინამორბედები, რის გამოც მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
საბოლოო ჯაში, ვესცოვომ და მისმა გუნდმა ექსპედიციის ფარგლებში მარიანას ღრმულში ექვსი დაშვება განახორციელა.
გუნდის თქმით, მათ ამფიპოდების ოთხი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, 7-8 კილომეტრის სიღრმეზე კი დააფიქსირეს რგოლოვანი ჭიის ერთ-ერთი ტიპი, ისევე როგორც თევზები ოჯახ Liparidae-დან.
გუნდმა ასევე აღმოაჩინა მკაფიოდ შეფერილი ქვები, რაც სავარაუდოდ ფსკერზე არსებული მიკრობების გავლენაა. ასევე შესამჩნევი იყო დაბინძურება, რაც გასაკვირი არ არის. მარიანას ღრმულში ადამიანის ნარჩენები აქამდეც არაერთხელ უნახავთ.
მეცნიერებმა ფსკერიდან ნიმუშების შეგროვებაც შეძლეს და ახლა მათ სურთ გაარკვიონ, არიან თუ არა ეს ორგანიზმები მიკროპლასტმასებით დაბინძურების მსხვერპლნი — ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გამოააშკარავა, რომ ეს რეალური პრობლემაა.
აღნიშნული ყვინთვა ექსპედიცია Five Deeps-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მსოფლიო ოკეანეებში ხუთი ყველაზე ღრმა წერტილის შესწავლაა.
ექსპედიციის საბოლოო მის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არსებულ მოლოის ღრმულში დაშვებაა, რაც აგვისტოში განხორციელდება.
დაშვებებისთვის გამოყენებულ ზონდს 9 სანტიმეტრის სისქის ტიტანის კედლები აქვს, რომელშიც ორი ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.
ოკეანის ღრმა წერტილები დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლისგან დაცლილ ადგილებად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა უკვე ვიცით, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. როგორც ჩანს, სიცოცხლე გამოსავლის პოვნას ყველაზე რთულ პირობებშიც ახერხებს ხოლმე.
კომენტარები