დაუჯერებელია, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად შერაცხული, მაყურებლის ფავორიტი სამეფო კარის თამაშები დასასრულს მიუახლოვდა.

შოუ 2019 წლის 19 მაისს დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულდება ეპოქა, რომელმაც, როგორც შოუს შემქმნელებს, ისე მაყურებელს დიდი თავსატეხი გაუჩინა და სიტყვა სპოილერი ყველაზე აქტუალური გახადა.

სულ ცოტაც და GOT-ს დავემშვიდობებით. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფენტეზის ჟანრის სერიალების ეპოქა ამით სრულდება, პირიქით როგორც წელს, ისე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამეფო კარის თამაშებს ბევრი შემცვლელი გამოუჩნდება.

არავინ იცის რეალურად მოახერხებენ, თუ არა ეს სერიალები ჩაანაცვლონ შვიდი სამეფოს ისტორია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ცდას არ დააკლებენ — მაგალითად ამაზონმა ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზიო შოუდ ქცევისთვის არც მეტი, არც ნაკლები, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ხუთ სერიალს, რომელიც შეეცდება, რომ GOT-ის დასრულების შემდეგ გაჩენილი დიდი სიცარიელე ამოავსოს.

THE LORD OF THE RINGS

ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით გადაღებული სერიალი, დიდი ალბათობით, 2021 წელს გამოვა. ამ ეტაპზე, სერიალთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი. მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ამაზონმა შოუს ხუთი სეზონი დაამტკიცა, სიუჟეტი კი უკვე ნანახი ტრილოგიის მოვლენებამდე 3 ათასი წლით ადრე განვითარდება. სწორედ ამ წლებში გამოიჭედა ის ბეჭედი, რომელიც წლების შემდეგ ბილბო ბეგინსს ჩაუვარდა ხელში.

ამ ეტაპზე სერიალში მონაწილე მსახიობების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

The Long Night (GOT-ის პრიქველი)

სერიალი, რომელსაც GOT-ის ჩანაცვლების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია, სწორედ გრძელი ღამეა. HBO გმირთა ეპოქის შესახებ იღებს ახალ შოუს. ეს ის ეპოქაა, როცა თითქმის ყველა ის საგვარეული ჩამოყალიბდა, რომელსაც ამჟამინდელ შოუში ვხვდებით. ამავე ეპოქას განეკუთვნება ბრანდონ მშენებელის ისტორია, რომელმაც კედელი ააგო, ასევე ყველაზე დიდი ზამთარი ისტორიაში და ა.შ. პრიქველზე მუშაობას შოუს შემქმნელები ოქტომბერში, ბელფასტში დაიწყებენ, მისი პრემიერა კი 2020 წელს იგეგმება. HBO-მ სამეფო კარის თამაშების პრიქველში მთვარი როლის შესასრულებლად ნაომი უოთსი მიიწვია, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო პროექტზე უარი არ თქვა და წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

THE WITCHER

როგორც კი ნეტფლიქსმა The Witcher-ის სერიალად გადაღება დააანონსა, მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ამ პროექტით სტრიმინგ-სერვისი სწორედაც რომ GOT-ის ჩანაცვლებას აპირებდა. სერიალი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვკის რომანების სერიის მიხიედვით შეიქმნება, მთავარ როლს კი ჰენრი კავილი მოირგებს. გარდა ამისა, ორ მთავარ ქალ პერსონაჟზე ნეტფლიქსმა მსახიობები უკვე შეარჩია - ფრეი ალანი და ანია ჩალოტრა შოუში ცირისა და იენიფერის როლს შეასრულებენ. ისტორიის მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი არაერთი მუტაციის შემდეგ განვითარებული აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები.

სერიალის გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

HIS DARK MATERIALS

BBC და HBO ერთობლივად იღებენ ფილიპ პულმანის პოპულარული ტრილოგიის His Dark Materials ეკრანიზაციას. ტრილოგიის პირველი ტომის მიხედვით უკვე გადაღებულია ფილმი ოქროს კომპასი. ცნობილია, რომ დამტკიცებულია შოუს ორი სეზონი, თითოეულ მათგანში კი რვა ეპიზოდი იქნება. სერიალში მთავარ როლებს ლინ მანუელ-მირანდა, დაფნი კინი, ჯეიმს მაკევოი და რუთ უილსონი ასრულებენ.

THE CHRONICLES OF NARNIA

ნარნიას ქრონიკების მიხედვით სერიალის გადაღება ნეტფლიქსის კიდევ ერთი ამბიციური გეგმაა. თუმცა, ამ შემთხვევაში სტრიმინ-სერვისი მხოლოდ შოუთი არ შემოიფარგლა და ამბიციური პროექტი სერიალის გარდა, ფილმადაც გამოვა. შოუ კლაივ ლუისის წიგნების სერიის მიხედვით შეიქმნება და მასში მოთხრობილი იქნება ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. გარდა ამისა, რომანებში აღწერილია არსებები, რომლებიც ბრიტანულ, ირლანდიურ ზღაპრებსა და ბერძნულ/რომაულ მითოლოგიებში გვხვდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება შოუს გადაღებები და ვინ ითამაშებს მასში.

ამავე თემაზე: