ტელეფონში დროის ფლანგვა თუ გიყვართ, უჩვეულო მეთოდი უნდა გაგაცნოთ ამისთვის.

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ე. წ. დოფამინის საიტები გამოჩნდა — შეგიძლიათ საკვები ან რაიმე სხვა შეუკვეთოთ და ფული არ დახარჯოთ, ოღონდ ვერც ამანათს მიიღებთ... ამ ყველაფრის მიზანი უბრალოდ შეძენის იმიტაციაა: ამ საიტებით სარგებლობისას ვითომ ფული გაქვთ და ვითომ რამეს ყიდულობთ.

ცხადია, მიზანი მხოლოდ ეს არ არის. ეს საიტები რაიმეს შეკვეთის მთლიანი ციკლის სიმულირების საშუალებას იძლევა — ყიდვიდან დაწყებული, ამანათისთვის თვალის დევნებით დასრულებული; ჩანაფიქრი ისაა, რომ ეს ქცევა ადამიანებს უფრო გააზრებულად ხარჯვაში უნდა დაეხმაროს, თუმცა ბუნდოვანია, რამდენად ახერხებს ამას.

New York Times-ის მიხედვით, ტრენდი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო სამხრეთ კორეაში. სეულში მექანიკური ინჟინერიის სტუდენტმა, 21 წლის პარკ სოჰიუნმა, საკვების მიტანის ყალბი საიტი შექმნა, სახელად Food Never Arrives (ის უკვე აპლიკაციის სახითაც არსებობს).

თავიდან ეს უბრალოდ ხუმრობად ჰქონდა ჩაფიქრებული. საიტი საშუალებას იძლევა, რომ არარსებული საკვები შევუკვეთოთ, შემდეგ კი რეალურ საკვებზე უარის თქმით დაზოგილ ფულსა და კალორიებს ითვლის. მკაცრი ეკონომიკური კლიმატის ფონზე საიტი პოპულარული გახდა.

"ხალხმა მისი ონლაინ გაზიარება და განხილვა დაიწყო. მსჯელობდნენ, რეალურად ეხმარებოდა თუ არა საჭმლის შეკვეთისგან თავის შეკავებაში", — უთხრა პარკმა NYT-ს.

ამას მიმბაძველთა ტალღა მოჰყვა. ზაფხულში Microsoft-ის ინჟინერმა საიტი FakeHaul შექმნა, რომელიც Temu-ზე შოპინგის დამაჯერებელ იმიტაციას აკეთებს. გარდა ამისა, პარკის საიტით შთაგონებულმა ორმა დეველოპერმა ინდოეთიდან, პურვანშ პარმარმა და ანშულ შარმამ, აპლიკაცია Food Never Comes შექმნეს. ეს საიტი საკვების მიტანის სიმულაციას აკეთებს და იმ საკვების რეალურ რეცეპტებს გვაწვდის, რომელიც რეალურად არ შეგვიკვეთია. პარმარმა და შარმამ გამოცემას უთხრეს, რომ საიტმა გამოქვეყნების დროიდან, ივნისიდან, 2.7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ექსპერტები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და ბჭობენ, რამდენად მოაქვს ამ საიტებს სხვა სარგებელი, ხანმოკლე სიამოვნების გარდა.

იელის მომხმარებელთა კვლევის ცენტრის დირექტორმა, რავი დარმა, NYT-ს უთხრა, რომ "მოლოდინის ელემენტს დიდი სიამოვნება მოაქვს, მოვლენის შემდეგ კი ხშირად სიცარიელეს ან იმედგაცრუებას ვგრძნობთ". ქცევითი ეკონომიკის სპეციალისტმა ლინგკუო სიუმ მოსაზრება გამოთქვა, რომ ეს ხრიკები შეიძლება საკმაოდ მალე მოძველდეს, მოხმარების სიმულაციით კი "უფრო ძლიერი ლტოლვის" ჩამოყალიბების რისკი იქმნება.

სხვათა შორის, სიმულირებულ შოპინგს სიმულირებული მოწევაც მოჰყვა. კიდევ ერთმა სამხრეთკორეელმა დეველოპერმა, კო სოჯინმა, შესვენებაზე ვირტუალური მოწევისთვის ვებსაიტი Damta World შექმნა. ანიმაციურ საიტზე მოსაწევად უბრალოდ დაწკაპუნებაა საჭირო, ეკრანზე კი სიგარეტის წვა იწყება. ისიც შეგვიძლია, რომ შესვენებაზე მყოფ სხვა მწეველებს შეტყობინებები "ვუჩურჩულოთ". მრიცხველი იმასაც ითვლის, ყოველდღიურად რამდენი ნამწვი "ვისროლეთ" ოფისის სახურავზე.

კომ NYT-ს უთხრა, რომ საიტს ყოველთვიურად 150 ათასი ადამიანი სტუმრობს. მისივე თქმით, ვებსაიტზე შეხვედრის შემდეგ ზოგიერთი მომხმარებელი რეალურ ცხოვრებაშიც დამეგობრდა.

ისღა დაგვრჩენია ვიიმედოვნოთ, რომ ეს მეგობრობა ყალბი შოპინგით გამოწვეულ სიამოვნებაზე დიდხანს გასტანს, ამასობაში კი ეცადეთ, მსგავსი საიტებით დაუფიქრებლად არ ისარგებლოთ — ზუსტად ვერავინ ვიტყვით, იმიტაცია უბრალოდ ყიდვის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს თუ პირიქით გაამძაფრებს მას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.