"ჩათლახბარათი" — სექსისტური რეკლამა თუ ტრეფიკინგის საფრთხე
რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში სარეკლამო ბანერზე გამოჩნდა კომპანია სლავური მასაჟის რეკლამა. ბანერზე გამოსახულია ქალი და აქვს წარწერა "ჩათლახბარათი". დამატებით ინფორმაციას მომსახურების შესახებ რეკლამა არ იძლევა და დაინტერესებულ პირებს ტელეფონზე დაკავშირებას სთავაზობს.
სლავური მასაჟის ფეისბუქგვერდზე იგივე რეკლამა აპინული გვხვდება დისკრიმინაციული წარწერით "ბოზGOLD ვერ, მაგრამ ჩათლახბარათი ინებეთ ;)".
გარდა ამისა, ფეისბუქის ამ ანგარიშზე გვხვდება არაერთი ფოტო და ვიდეო, სადაც ქალი სექსუალურ ობიექტად არის გამოყვანილი და სექსისტური შინაარსის წარწერები აქვს. კომპანიას განთავსებული აქვს ქსენოფობიური პოსტებიც.
ამ შინაარსის პოსტებით კომპანია სხვადასხვა მომსახურებას არეკლამებს.
კომპანია არ საუბრობს სექსუალურ მომსახურებაზე, თუმცა პოსტების ნაწილი მომხმარებლებში ბადებს ეჭვს, რომ მათ არამხოლოდ მასაჟს სთავაზობენ.
მათ ფეისბუქგვერდზე მხოლოდ ქალების ფოტოებია გამოქვეყნებული. იმ ქალების ნაწილი, რომელსაც სლავური მასაჟი თავის თანამშრომლებად ასაღებს გუგლში სხვა პირებად იძებნება.
რა სახის მომსახურება აქვს კომპანიას
2018 წელს მარკეტერთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სლავური მასაჟს სექსუალური მომსახურებას არ აქვს.
On.ge-მ კომპანიაში მომხმარებლის და ჟურნალისტის სახელით დარეკა და იკითხა რას სთავაზობენ, რა ჯდება სლავური მასაჟის სალონის მომსახურება და მიაჩნიათ თუ არა ეს სექსისტურად.
როგორც მომხმარებელს სატელეფონო ოპერატორმა გვითხრა, რომ სექსუალური მომსახურება არ აქვთ, მაგრამ მასაჟი სრულდება "ჰეფი ენდით, ანუ რელაქსით".
სალონის სტუმრებს ერთსაათიანი მომსახურების შეძენა შეუძლიათ, რომელიც იწყება კლასიკური, გრძელდება ეროტიული მასაჟით და როგორც თავად ამბობენ სრულდება რელაქსით. ასევე აქვთ მომსახურება, რომელიც "ორალური სექსის იმიტაციას"და "ორმაგ რელაქსს" შეიცავს.
On.ge-სთან კი კომპანიამ საუბარი არ ისურვა. ქალმა, რომელიც ადმინისტრატორის სახელით გაგვეცნო განაცხადა, რომ სექსისტური შინაარსის რეკლამა არ უნახავს, რადგან რეკლამასთან შეხება არ აქვს.
"ზოგადად მეუბნებიან [რა რეკლამებიც გვაქვს], მე თვითონ არ შევდივარ ფეისბუქგვერდზე", — განაცხადა მან და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენელბი თავად დაგვიკავშირდებოდნენ.
პროსტიტუციის რეკლამირების საფრთხე
ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია ფიქრობს, რომ "ჩათლახბარათის" რეკლამის პრობლემა არამხოლოდ სექსისტური შინაარსი, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, პროსტიტუციის რეკლამირებაა. მისი თქმით, ეს რეკლამა დასტურია იმისა, რომ კომპანია არა მასაჟს, არამედ სექსუალურ მომსახურებას სთვაზობს ხალხს.
ფოტო: ბაია პატარაია / Facebook
"ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, ასე დაორგანიზება პროსტიტუციის არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს კანონი არ აღსრულდება. ის, რომ ორგანიზებული დანაშაულის ფორმა აქვს მიღებული პროსტიტუციას ამ სარეკლამო ბანერით ჩანს. ადამიანები არც კი ერიდებიან, რომ პირდაპირ არ თქვან, რომ ბორდელი აქვთ. იმიტომ, რომ, რეალურად, ჩვენთან ეს კანონი არ ხორციელდება", — აცხადებს პატარაია.
მისივე თქმით, პრობლემაა არაეთიკური რეკლამის განთავსებაც.
"არსებობს რეკლამის რეგულირების კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამორალური და სექსისტური რეკლამა იკრძალება. ამ რეკალამაზე შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ამორალურია იმიტომ, რომ შეთავაზებულია პროსტიტუცია. ასევე, არის სექსისტური, თავისი შინაარსით, რადგან პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ ყიდიან ქალის სხეულს", — ამბობს ის.
რეკლამის შესახებ კანონი
საქართველოს კანონმდებლობით არაეთიკური შინაარსის რეკლამის გავრცელება აკრძალულია. არაეთიკურად მიიჩნევა ისეთი რეკლამა, რომელიც სქესის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს. გარდა ამისა, რეკლამის შესახებ კანონი კრძალავს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამას.
პასუხისმგებლობის საკითხი
თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ბილბორდებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვას არ გასცემენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია მოკვლევას მას შემდეგ იწყებს, რაც ინფორმაცია შედის იმის შესახებ, რომ რეკლამა უცენზურო შინაარსისაა.
მათი თქმით, ამ რეკლამაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე მივიდა და რეკლამა გათიშული დახვდა. მათივე განმარტებით, ამ რეკლამის განთავსების ფაქტს გააკონტროლებენ.
მონიტორი, რომელზეც სლავური მასაჟის რეკლამა გადის, კომპანია OutdoR.ge-ს ეკუთვნის. ამის შესახებ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ობიექტების რუკიდან ვიგებთ.
On.ge ელოდება კომპანიის პასუხებს და მათ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ რეკლამასთან დაკავშრებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მასაჟის ცენტრის მფლობელი და თანამშრომლები გამოკითხვის მიზნით დაიბარეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
განახლება: გამოძიების დაწყების შემდეგ კომპანიის ფეისბუქგვერდი აღარ იძებნება
კომენტარები