სად გავჩერდით GOT-ის წინა სეზონში და რას უნდა ველოდოთ ახლისგან
რამდენიმე საათში დასასრულის დასაწყისი იწყება. დიახ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Game Of Thrones-ის ფინალური სეზონის გამოსვლით სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა სრულდება. არ არის გამორიცხული დასრულდეს ვესტეროსის შვიდი სამეფოს ან საერთოდაც ცოცხალთა სამყაროს არსებობის ისტორიაც.
ეს სტატია ყველასთვისაა. მოუცლელებისთვის, რომლებმაც ახალი სეზონის გამოსვლამდე ძველი ვერ გადაიმეორეს. გულმავიწყებისთვის, რომლებიც ყოველი სერიის გამოსვლისას მილიარდ კითხვას დასვამენ, რადგან ძველი მოვლენები ცუდად ახსოვთ და დამწყებებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ უბიწონი არიან და სასწაულად შეძლეს ამდენი წლის განმავლობაში ჯორჯ მარტინის სამყაროთი არ მოეწამლათ თავი. უკვე დროა. ზამთარი დადგა.
ვესტეროსში ტრადიციულად ომია. ომი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და სერსეი ლანისტერსა და დანარჩენ სამყაროს შორის. გავიხსენოთ, რა ძალები აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ვის რა შანსი აქვს.
ცოცხლები VS მკვდრები
დეინერის ქარიშხალთშობილს, ანდალებისა და პირველი ადამიანების დედოფალს, დრაკონების დედას და ა.შ. უამრავსახელიან მმართველს მხოლოდ ორი დრაკონიღა დარჩა. ერთ-ერთი, ვისერიონი მან გაუთვალისწინებლად გაწირა ათიოდე ადამიანის გადასარჩენად. უფრო ზუსტები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ მთავარი მიზეზი ჩრდილოეთის მეფე, ჯონ სნოუ იყო.
ორი დრაკონით დარჩენილ დედოფალს დოტრაკიელებისა და სწორუპოვრების არმიასთან ერთად მუხლმოდრეკილი ჩრდილოეთის მეფის ჯარიც ჰყავს. ჯონ სნოუს ჯარში კი ჩრდილოეთის ყველა სახლი, ველის რაინდები, შავი საძმო და ველური თავისუფალი ხალხია გაერთიანებული.
რაც შეეხება მთავარ საფრთხეს, ღამის მეფეს, მის არმიაში ათასობით მკვდარი ველური, ჩრდილოელი და ღამის საძმოს წევრია. მათ შორის არიან გოლიათები და მკვდრეთით აღმდგარი ვისერიონი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღამის მეფის არმია ყოველ მიცვალებულთან ერთად იზრდება.
სერსეი VS ყველა
წინა სეზონიდან გავიგეთ, რომ სერსეი საკუთარი თავის იმედადღა დარჩა, როცა მისმა უკანასკნელმა მხარდამჭერმა ლანისტერმა, ჯეიმიმ ის მიატოვა ფიცის გატეხვის გამო [სერსეი დახმარებას დაპირდა ჯონსა და დეინერისს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრძოლაში მათ დახმარებას კი არა დამარცხებას გეგმავს]. მიუხედავად ამისა, ჯარის ნაკლებობას დედოფალი მაინც არ უჩივის.
რკინის კუნძულების თვითგამოცხადებულმა მეფემ, ეურონ გრეიჯოიმ, რომელიც სერსეის ბანაკშია თავისი ფლოტი ესოსში წაიყვანა 20 000 ოქროს ხმლის ჩამოსაყვანად. ოქროს ხმლები, ესოსის საუკეთესო მეგობრებად ითვლებიან. სერსეიმ მეომრები რკინის ბანკისგან აღებული ვალით იყიდა.
სერსეის აქვს კიდევ ერთი ძლიერი იარაღი – ცოდნა. როცა დეინერისი მთელი თავისი დიდებულებით დრაკონით მიფრინდა მეფის სავანეში, სერსეიმ შეამჩნია, რომ მას მხოლოდ ორი დრაკონი ჰყავდა. დედოფალმა იცის, რომ დრაკონების მოკვლაც შესაძლებელია და გვერდით ჰყავს ერთგული მეისტერი, რომელიც მის ყველა ახირებას ფრთებს ასხამს. მას აქვს სპეციალური იარაღიც, რომლითაც ერთხელ უკვე დაჭრეს დროგონი.
ლანისტერების არმიაზე კი არაფერი ვიცით. ნაკლებადმოსალოდნელია სერსეის ჯეიმისთვის იმის უფლება მიეცა, რომ ჯარი წაეყვანა. თან ვხედავთ, რომ ბოლო კადრში ჯეიმი მარტო მიემართება ჩრდილოეთისკენ, მაგრამ ვიტოვებთ მცირე იმედს, რომ ჯეიმი ერთგულ მეომრებთან ერთად შეუერთდება ჩრდილოელებს.
კიდევ ვინ დარჩა ცოცხალი გადამწყვეტ ბრძოლამდე?
უკვე გითხარით, რომ ცოცხალი არიან ჯონ სნოუ, დეინერის ტარგარიანი, სერსეი და ჯეიმი ლანისტერები, ეურონ გრეიჯოი და ღამის მეფე (ეს ცოტათი სადავოა ცოცხალია, თუ არა). სად არიან დანარჩენები?
ჯორაჰი, ვარისი, ბრიენა, ბრონი, პოდრიკი, მისანდეი, გრეი ვორმი, ქოფაკი, მთა, თეონი, დავოსი და სხვები მეფის სავანეში იმყოფებოდნენ მეფე-დედოფლების შეხვედრაზე, სადაც ძალების გაერთიანებაზე უნდა ემსჯელათ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ტირიონის იდეა იყო და ბრონის დახმარებით დაიგეგმა.
სწორედ ამ შეხვედრაზე გაამხელს ჯონი, რომ დეინერისის წინაშე მოიდრიკა ფეხი და ამის გამო სერსეის ერთგულებას არ შეჰფიცებს. სერსეი კი შეთანხმებაზე უარს იტყვის, სანამ ტირიონი "მის გადარწმუნებას" არ შეძლებს. შეთანხმება დაიდება, სერსეი დახმარებას დაჰპირდება მოწინააღმდეგეებს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, სიტყვას არ შეასრულებს.
ბრიენა, პოდრიკი, მისანდეი, გრეი ვორმი, ქოფაკი, ჯორაჰი, ვარისი და დავოსი ჩრდილოეთის მეფესა და დედოფალთან ერთად ბრუნდებიან ვინტერფელში.
თეონი, რომელმაც არაერთხელ გამოიჩინა სისუსტე, ბოლოს და ბოლოს ძალებს მოიკრებს და ჯონის რჩევით დის, იარა გრეიჯოის გადასარჩენად წავა, რომელიც ბიძას, ეურონ გრეიჯოის ჰყავს ტყვედ. სხვათა შორის, თეონის წყალობით.
მეეჭვება, მაგრამ მაინც, თუ ვინმეს არ გახსოვთ გეტყვით, რომ დეინერის ტარგარიანი და ჯონ სნოუ, აწ უკვე ეიგონ ტარგარიანი გემით მიემართებიან ვინტერფელისკენ.
მათთან ერთად არის ტირიონ ლანისტერიც, რომელსაც უჩვეულოდ მოწყენილი სახე აქვს.
ამ მზერამ გააჩინა თეორიები იმის შესახებ, რომ ტირიონი დრაკონების დედოფლის ფანების არმიას შუერთდა. ნაწილი კი ვფიქრობთ, რომ მას უბრალოდ მობეზრდა თავქარიანი მმართველების გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც მხოლოდ გრძნობების გათვალისწინებით მოქმედებენ.
რა ხდება ვინტერფელში?
ვინტერფელის მმართველი ლედი სანსა სტარკია. მასთან ერთად არიან არია და ბრანიც და აღარ არის პიტერ ბეილიში. სამეფო კარის ყველაზე ჭკვინი მოთამაშე, რომელმაც სამეფოთა ომი წამოიწყო საკუთარი ამბიციების ასრულებას ვერ ეღირსა, რკინის ტახტზე ვერ დაჯდა და ვინტერფელის დიდ დარბაზში განუტევა სული.
ბეილიშის მოკვლის ბრძანება სანსამ გასცა და არიამ აღასრულა, სწორედ იმ დანით, რომლითაც ბეილიშმა ბრანის მოკვლა დაგეგმა და ლედი კეიტლინ სტარკი ლანისტერების წინააღმდეგ აღამხედრა.
წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეხვდებიან ჩრდილოელები იმ ამბავს, რომ მათმა არჩეულმა მეფემ მუხლი მოდრიკა და დამპყრობლის, დეინერის ტარგარიანის ქვეშევრდომი გახდა. ამ ამბავმა თავდაპირველად სანსაც კი აღაშფოთა და ჩრდილოელი ლორდებისგან არაფერი გაგვიკვირდება იმის გათვალისწინებით, რომ ტარგარიანებმა ადრე მათი ლორდები ცოცხლად დაწვეს.
ვინტერფელში ბრუნდება სემუელ ტარლიც, ჯონის ახლო მეგობარი და ნახევრადგანსწავლული მეისტერი, რომელიც ბრანთან ერთად ვესტეროსის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ ახდის ფარდას: რობერტ სტარკის აჯანყება უსაფუძვლოდ დაიწყო, ეიგონ ტარგარიანს ლიანა სტარკი არ მოუტაცებია და ის ნებაყოფლობით გაყვა მას ცოლად.
წყვილს ბიჭი შეეძინათ, ეიგონ ტარგარიანი, რომელიც მომაკვდავმა ლიანამ თავის ძმას, ნედ სტარკს ჩააბარა. ტა დააააამ!!! ჯონი არათუ ბასტარდი სნოუ, არამედ დრაკონების შთამომავლები და დეინერისის ძმიშვილია. მორალის კითხვას არ ვაპირებთ.
რა ხდება კედელზე?
ისტორიაში პირველად, კედელს შავი საძმო და ველურები ერთად იცავენ. ტორმუნდ წითელწვერა და ათასგზის გაცოცხლებული ბერიკ დენდარიონი სწორედ მაშინ აღმოჩნდებიან კედლის თავზე, როცა ღამის მეფე თავისი ამალით და ვისერიონით ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს კედელს, რომელიც ათიათასობით წელი იცავდა ვესტეროს საფრთხისგან. (არ ინერვიულოთ, ტიზერში ჩანს, რომ ორივე მათგანი ცოცხალია. ჯერ.)
მკვდრების არმიამ კედლის სამხრეთით გადაინაცვლა. კადრში, რომელიც არმიის მსვლელობას ასახავს, ფანებმა სტარკების საგვარეულო სიმბოლო მგელი ამოიცნეს, რაც თავის მხრივ შეიძლება იმას ნიშნავს, რომ ღამის მეფეს ვინტერფელისკენ აქვს გეზი. ეს თეორია რომ ახდება, უკვე ტრეილერებიდანაც გავიგეთ და ახლა მათი განხილვის დროა.
რას უნდა ველოდოთ მომდევნო სეზონისგან?
ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს: სიკვდილს. ტრეილერები, ტიზერები, პრომოები, ოფიციალური პოსტერები და მსახიობები და თავად ჯორჯ მარტინი - ყველა ნიშანი გვამცნობს, რომ მომდევნო სეზონი სისხლით, ცრემლებით და დანკარგითაა სავსე. ამაში თავადაც ვრწმუნდებით.
მიუხედავად იმისა, რომ არიამ მოგზაურობისას უდიდესი გამოცდილება შეიძინა და ბევრ განსაცდელს გაუძლო, ამ სეზონში ხდება რაღაც ისეთი, რამაც ეს გამბედავი გმირიც შეაშინა.
"მე ვიცნობ სიკვდილს. მას ბევრი სახე აქვს", — ისმის არიას ხმა, რომელიც ვინტერფელის ციხეში ობსიდიანის დანით შეიარაღებული გაურბის საფრთხეს.
გავიგეთ ისიც, რომ გრეიჯოიმ სერსეის ოქროს ხმლები ჩამოუყვანა, რასაც დედოფალი თვითკმაყოფილი სახით ხვდება.
მუხლმოდრეკილი მეფე კი დედოფალთან ერთად ვინტერფელში ჩავიდა.
და ვინტერფელის ლედიმ მას "დიდსულოვნად დაუთმო" ჩრდილოეთის სამეფო ქალაქი. "ვინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ", — ამბობს სანსა. იგივე სიტყვები პირველ სეზონში ნედ სტარკმა მაშინდელ მეფეს რობერტ ბარათეონს უთხრა, რამაც ჩრდილოეთს სისხლი და ცრემლი მოუტანა. ასეთივე განსაცდელს სამეფო ვერც ამჯერად ასცდა.
აქვე ვხედავთ ერთ საინტერესო კადრს: მართალია, ჯონი აქამდეც არაერთხელ გვინახავს დრაკონებთან, მაგრამ ეს მიზანმიმართული ნაბიჯი გვაფიქრებინებს, რომ ჯონი ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ დრაკონზე ამხედრდება.
HBO-ს გავრცელებული კადრებიდან ვხედავთ, რომ დეინერისი წარბშეკრული ზის ვინტერფელის დიდ დარბაზში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ჯონი ლორდებმა მეფედ აირჩიეს. ამის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის სამხედრო ტაქტიკის განხილვა. მაგრამ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დენი ჩრდილოელი ლორდების დაუმორჩილებლობამ გააბრაზა.
თუმცა ამაზე დარდს დიდ ხანს ვერ შევძლებთ, რადგან ჩრდილოეთში ღამის მეფის მისვლა გარდაუვალია. ცოცხლების არმიაში ვესტეროსისა და თავისუფალი ქვეყნების საუკეთესო მეომრები, ყველაზე ცნობილი გმირები და რაინდები იბრძვიან, თუმცა...
თუმცა ჯორჯ მარტინი გვეუბნება, რომ გადარჩენის შანსი არავის აქვს. HBO-ს მიერ გავრცელებულ ფოტოში წარწერით "ტახტისთვის" ყველა პერსონაჟის სიკვდილს ვხედავთ.
მალევე გამოჩნდა თიზერიც, რომელშიც გაყინულ ვინტერფელს, ჯონისა და არიას ხმლებს, დეინერისის დრაკონისთავიან ყელსაბამს, ტირიონის მეფის მარჯვენის ნიშანს, ბრანის დამტვრეულ სკამსა და პერსონაჟების სიკვდილის მაუწყებელ სხვა ნიშნებს ვხედავთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის პრომოც, სადაც ჯონს, არიას და სანსას საკუთარ კუბოებთან ვხედავთ ვინტერფელის საძვლეში.
ამ კადრებში არ ჩანს ბრანი, რომელმაც განაცხადა, რომ ის უკვე ვინტერფელის ლორდი სტარკი აღარ არის და სამთვალა ყორანია. ამან ფანებს გაუმტკიცა იმის რწმენა, რომ ბრანი სინამდვილეში ღამის მეფეა. ამას ემატება მგლის თავის ფორმა, რომელიც ღამის მეფის ჯარმა გამოსახა. ფანები თვლიან, რომ როცა ერთ-ერთი ხილვისას ღამის მეფე ბრანს ხელზე შეეხო, მის სხეულს დაეპატრონა.
მაგრამ ეს მხოლოდ თეორიებია. რაც შეეხება ყველას გარდაცვალებას შეგახსნებთ, რომ პრომოში გადაღებული კადრები სერიალში შეიძლება არ მოხვდეს. ეს უბრალოდ მინიშნებაა შემქმნელებისგან, რომ საფრთხე რეალურია და მას თავს ვერავინ აარიდებს.
და ბოლოს ყველაზე მთავარი...
როდის გამოდის ახალი სეზონი?
სერიალის ფინალური სეზონის მსოფლიო პრემიერა ტელევიზიით 14 აპრილს შედგება. ჩვენი დროით 15 აპრილს, ღამის ხუთ საათზე.
ისღა დაგრჩენია წარმატება და გამძლეობა გისურვოთ. წინ დიდი ამბები გველის.
ვალარ მარგულის!
კომენტარები