საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.

ფოტო: ფოტო კვლევიდან / საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

ორგანიზაციის კვლევით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (40%) საარჩევნო დარღვევებს შორის ამომრჩევლის მოსყიდვას გამოარჩევს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ვალების განულების ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს. ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ეს პროგრამა ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ ვალების განულების პროგრამა არც მას და არც მისი ოჯახის წევრს არ შეხებია.

გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად გაიყო საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე: გამოკითხულთა 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, 40 პროცენტის აზრით კი სამართლიანად. ასევე, საზოგადოებრივის აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 45 პროცენტი პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ემხრობა.

კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, რომლის ცდომილების ზღვარი +- 2,3% პუნქტის ფარგლებშია.