შავი ყუთი უკრაინიდან — ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინელებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის ფავორიტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა. ახალბედა პოლიტიკოსმა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 30 პროცენტი მიიღო. ზელენსკიმ უკრაინის 21 რეგიონიდან 16 ოლქში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 18 პროცენტით უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გავიდა. მეორე ტური 21 აპრილს ჩაინიშნა.
უკრაინული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავის მიმართ მრავალი კითხვა არსებობს. მსხვილი არასისტემური მოთამაშის გამოჩენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძირითადად, მოულოდნელობის რისკს ქმნის. მომხრეებისთვის იგი ახალი და სუფთა რეპუტაციის კანდიდატია, ხოლო ოპონენტები მას ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი უკრაინელის, იგორ კოლომოისკის მარიონეტად მიიჩნევენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერთგვარი შავი ყუთია, ახალ იმედთან ერთად, ის უკრაინელებისთვის, ჯერჯერობით ყველაზე, უცნობი კანდიდატია, ვის მიმართაც არაერთგვაროვანი მოლოდინები არსებობს.
ბავშვობა და კომიკოსის კარიერა
41 წლის ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში დაიბადა. ზელენსკიმ ბავშვობის ოთხი წელი მონღოლეთში გაატარა, სადაც ოჯახი მამის სამსახურის გამო გადავიდა. კრივოი როგში დაამთავრა საჯარო სკოლა, იქვე მიიღო იურიდიული განათლება, თუმცა ორკვირიანი სავალდებულო პრაქტიკის გარდა პროფესიით არცერთი დღე არ უმუშავია.
სკოლის დამამთავრებელ კლასში ზელენსკიმ იუმორისტული თამაშის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი ჩამოაყალიბა. სკოლის დასრულების შემდეგ შეურთდა ქალაქის გუნდს და 1997 წლის მანსანკანის ჩემპიონატიც მოიგო. მისი როლი გუნდში მუდმივად იზრდებოდა, კაპიტანთან ერთად იგი ერთ-ერთი მთავარი ავტორიც გახდა.
ჩემპიონატის მოგების შემდეგ ზელენსკიმ შექმნა ახალი გუნდი, 95-ე კვარტალი. მანსაკანის უმაღლეს ლიგაში ზელენსკის გუნდი 1997-2003 წლებში გამოდიოდა. პროექტის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო 2003 წელს ზელენსკიმ რუსული მანსანკანი დატოვა. ამავე წლიდან იწყება ზელენსკისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ტელეარხის 1+1-ის თანამშრომლობაც.
1+1-ზე ზელენსკი უკრაინული ტელევიზიის ვარსკვლავი გახდა. 2005 წელს ჩამოაყალიბა იუმორისტული სტუდია 95-ე კვარტალი, რომელიც მრავალი წარმატებული რეიტინგული შოუს ავტორია. 2015 წელს სატელევიზიო სერიალის ხალხის მსახურის პრემიერა შედგა. შოუში ზელენსკი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც უეცრად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. კიეველი ისტორიის მასწავლებლის როლი ზელენსკისთვის პოლიტიკურ ტრამპლინად იქცა.
პოლიტიკა
2014 წლის მაიდნის მოვლენების დროს კომიკოსი რევოლუციის მხარეს დადგა. ყირიმის ანექსიის შემდეგ ზელენსკიმ უარი თქვა რუსეთში მუშაობაზე. 2018 წელს ზელენსკიმ პარტია სახელწოდებით ხალხის მსახური დააარსა. 2018 წლის 31 დეკემბერს მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართვის ნაცვლად ტელეარხ 1+1-ის ეთერში სწორედ, ზელენსკის მიმართვა აჩვენეს. ამ მიმართვაში კომიკოსმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტში ზელენსკი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი იყო. წინასაარჩევნო კამპანია ზელენსკიმ ჟურნალისტებისგან და მედიისგან საკმაოდ დისტანცირებული რეჟიმში გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ზელენსკი სულ ორ ინტერვიუს დათანხმდა, მან, ასევე, უარი თქვა დებატებში მონაწილეობაზეც. მისი საარჩევნო სტრატეგია, ძირითადად, სოციალურ ქსელებსა და რეგიონებში საკონცერტო გასვლებზე იყო გათვლილი.
ზელენსკი არასისტემური საპროტესტო კანდიდატია, ძველი და კორუმპირებული პოლიტიკური ელიტით გადაღლილი და იმედგაცრუებული უკრაინელებისთვის ის იმედისმომცემი კანდიდატია. ზელენსკის ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მოსახლეობის დიდ ნაწილში იგი მის მიერ შესრულებულ პატიოსანი მასწავლებლის როლთან ასოცირდება.
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზელენსკის ირგვლივ რამდენიმე სკანდალი აგორდა. ერთ შემთხვევაში მას იტალიაში არსებულ 15-ოთახიანი მდიდრული ვილის ფლობას ედავებოდნენ, რომელიც დეკლარაციაში არ ასახა, ასევე, არსებობდა კითხვები მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით რუსეთში. ზელენსკი რუსეთთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
კავშირი იგორ კოლომოისკისთან
მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შტაბის შეხვედრაზე განაცხადა, რომ "მეორე ტურში ბედისწერამ კოლომოისკის მარიონეტთან დააპირისპირა და ოლიგარქსა და მის კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვთ".
კოლომოისკისა და ზელენსკის კავშირების ირგვლივ მრავალი კითხვა არსებობს. სწორედ, ეს იქცა ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე სუსტ წერტილად. იგორ კოლომოისკი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი უკრაინელია. მის მფლობელობაში იყო უკრაინის უმსხვილესი პრივატ ბანკი, რომლის ნაციონალიზაციაც პოროშენკოს ინიციატივით მოხდა.
ზელენსკის განცხადებით მას კოლომოისკისთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. იგივეს ამბობს კოლომოისკიც. ოლიგარქი ასევე, უარყოფს ზელენსკის კამპანიის ფინანსირებასაც. კოლომოისკისა და ზელენსკის საქმიანი კავშირები საკმაოდ მჭიდროა. კოლომოისკის მედია ჰოლდინგი 1+1 ზელენსკისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია. სწორედ, ამ ტელეარხის მეშვეობით ზელენსკიმ შეიქმნა სოციალური კაპიტალი და მოიპოვა მაღალი ცნობადობა. 2016 წელს ტელეარხ 1+1 ფინანსური დავალიანება ზელენსკის სტუდიის მიმართ 4 მილიონი დოლარი იყო. ოლიგარქსა და საპრეზიდენტო კანდიდატს შორის სხვა პირდაპირი კავშირის დამადასტურებული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.
ზელენსკის პოლიტიკური გამოუცდელობა მის უპირატესობასთან ერთად შეიძლება მთავარი სისუსტეც იყოს. არსებობს ბევრი კითხვა და გაურკვეველი მოლოდინები. უკრაინა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გადის. ეკონომიკური სტაგნაცია, საომარი მოქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, კორუფცია, ანექსირებული ყირიმი, ამის ფონზე უცნობია, რამდენად შეძლებს ახალბედა ზელენსკი უკრაინის პოლიტიკურ ლანდშაფტში საკუთარი ადგილის მოპოვებას. კითხვები ზელენსკის მიმართ კვლავაც ბევრია და მისი მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.
კომენტარები