მეცნიერები უსაფრთხო ალკოჰოლს ქმნიან, რომელიც ნაბახუსევს არ გამოიწვევს
ყველა ჩვენგანს გამოუცდია ის მომენტი, როდესაც ვხვდებით, რომ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგველია. კარგი სიახლე ისაა, რომ ნაბახუსევი შესაძლოა მალე წარსულს ჩაბარდეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი სინთეტურ ალკოჰოლზე მუშაობენ, რომლის ბოლოც ნაბახუევი არ არის. ეს მაგიური ელექსირი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი შესაძლოა სულ რაღაც ხუთ წელიწადში გახდეს.
კვლევის უკან ცნობილი დეივიდ ნატი დგას. ის ნარკოტიკების სფეროში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი იყო, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან გამო მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის გამო გაათავისუფლეს, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ცხენზე ჯირითი ადამიანისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ექსტაზის მიღება.
მალევე მან ჟურნალ The Lancet-ში გამოაქვეყნა კიდევ ერთი კვლევა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ჯანმრთელობისთვის ჰეროინზე და კოკაინზე უფრო საზიანო ალკოჰოლია.
"ინდუსტრიამ იცის, რომ ალკოჰოლი მომწამვლელია. ის რომ დღეს აღმოეჩინათ, ის აუცილებლად აკრძალული იქნებოდა. კვებითი სტანდარტების მიხედვით, ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა წელიწადში ერთი ჭიქა ღვინოა", - აცხადებს ის The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა ამის გამო არ იფიქროთ, რომ ნატი ალკოჰოლის მიღებისგან თავს იკავებს. პირიქით, მას ლონდონში პატარა ღვინის ბარიც კი აქვს გახსნილი.
ნატი ამჟამად ლონდონის სამეფო კოლეჯის ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორია.
სინთეტურ ალკოჰოლს, რომელზეც ნატი მუშაობს, ალკარელი ეწოდება. ალკარელი ალკოჰოლისგან დადებით თვისებებს იზიარებს, მაგალითად, ის ხალხთან ურთიერთობას გაგიადვილებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ, თუმცა მას ნამდვილი ალკოჰოლის უარყოფითი თვისებები არ აქვს. ალკარელის ერთი საინტერესო თვისება ისაა, რომ მისი საშუალებით უგონოდ დათრობას ვერ შეძლებთ. ერთადერთი ეფექტი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ შეზარხოშებულ, ბედნიერ მდგომარეობაში ყოფნაა.
მეცნიერების მიზანი ზღვრული "მაქსიმალური ეფექტის" შექმნაა, ანუ რა რაოდენობითაც არ უნდა მიიღოთ ალკარელი, თქვენ თრობის გარკვეულ დონეს ვერ გადააჭარბებთ.
ალკარელის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც ნატმა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ სადოქტოროს სტუდენტი იყო, ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ეფექტის შებრუნების მეთოდს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალკოჰოლის ანტიდოტს მიაგნო. ის პირველი იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ალკოჰოლი ტვინზე გავლენას GABA რეცეპტორებზე მოქმედებით ახდენს, რაც თავისმხრივ ნეირონების აგზნების სიჩქარეს ანელებს.
ექსპერიმენტისას ორგანიზმში იმ ნივთიერების შეყვანით, რომელიც GABA რეცეპტორებს ბლოკავს, ნატმა შეზარხოშებული თაგვების გამოფხიზლება შეძლო.
სამწუხაროდ, აღნიშნული ნივთიერება ადამიანებისათვის ზედმეტად საშიში იყო — თუ მას ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას მიიღებთ, ის ეპილეპტურ შეტევას იწვევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების შემდეგ ტექნოლოგიამ და მედიცინამ დიდი გზა გაიარა.
ნატმა ახლა იცის, რომ ტვინის სხვადასხვა რეგიონში ჯამში 15 განსხვავებული ტიპის GABA რეცეპტორი არსებობს. ალკოჰოლი მოუწესრიგებელია, ის ყველა მათგანს ებმის, თუმცა შესაძლებელია ისეთი სასმელის შექმნა, რომელიც GABA რეცეპტორების მხოლოდ გარკვეულ ტიპთან შევა ურთიერთქმედებაში, ამით კი სინთეტური ალკოჰოლის მოქმედების დარეგულირება შეიძლება.
სინთეტური ალკოჰოლის ნაწილი შესაძლოა დღესასწაულებისათვის იყოს განკუთვნილი, ზოგი მათგანი კი უფრო სერიოზული შეხვედრებისა და ვახშმებისათვის.
მათ მიერ შექმნილი პროდუქტი დასრულებული არ არის, საჭიროა დამატებითი კვლევები მისი უსაფრთხოების შესახებ. ჯერჯერობით აღნიშნული სითხე მხოლოდ ნატსა და მის კოლეგებს აქვთ გასინჯული. ნატი აღიარებს, რომ დასახვეწია მისი გემოც, თუმცა მან და მისმა გუნდმა შეიმუშავა ხუთწლიანი გეგმა, რომელშიც ისინი ამ პრობლემების გადაწყვეტასა და ლიცენზიის მოპოვებას გეგმავენ.
არ გაგვიკვირდება, თუ ამ საკითხს სკეპტიკურად შეხედავთ. ნატი ამ სასმელზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, ზოგი კი მისი მიზნის მიღწევას სირთულით მარსის კოლონიზაციასაც ადარებს, თუმცა მაინც გვაქვს მიზეზი, რომ იმედიანად ვიყოთ.
2018 წლის ნოემბერში ნატმა მისი პროექტისათვის საწყისი ინვესტიციების მოპოვება მოახერხა. ახლა მისი მიზანი 25,5 მილიონი დოლარის მოპოვებაა, რომელიც მას ალკარელის მომხმარებლებამდე მისატანად სჭირდება.
კომენტარები