ჩინეთში აღმოაჩინეს ნამარხები, რომელთა ასაკიც ნახევარ მილიარდ წელს აჭარბებს
ჩინეთში 500 მილიონი წლის წინანდელი, კამბრიული ეპოქის განამარხებული ცხოველები აღმოაჩინეს
პალეონტოლოგებმა მდინარე დანშუის სანაპიროზე განამარხებული ათასობით ცხოველი იპოვეს, მათ შორისაა მედუზების, წყლის ღრუბლების, წყალმცენარეების, ფრინტების, ჭიებისა და ართროპოდების პრიმიტიული ფორმები.
აღნიშნული ორგანიზმები იმდენად კარგადაა შემონახული, რომ მეცნიერებმა მათში რბილი ქსოვილების, კუნთების, ნაწლავების, თვალების, ლაყუჩებისა და სხვა ორგანოების ამოცნობა შეძლეს.
ამჟამად სულ 4 351 ნამარხია ამოღებული, რაც ჯამში 101 სახეობას გვაძლევს, მათგან 53 კი ახალია.
"სასიამოვნო სიურპრიზია, რომ აღმოჩენილ ნამარხებში ძალიან ბევრი ჩვენთვის აქამდე უცნობი სახეობაა", - აცხადებს გეოლოგი რობერტ გეინსი.
აღმოჩენილი ნამარხები დაახლოებით 518 მილიონი წლისაა, ამ დროს დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების სწრაფი გამრავალფეროვნება და გამრავლება მოხდა, ამ მოვლენას კამბრიული აფეთქება ეწოდება. კამბრიული აფეთქების შედეგად დედამიწაზე მრავალი უცნაური სახეობის ცხოველი წარმოიშვა, რომელთა დიდი ნაწილიც ევოლუციურ ჩიხში შევიდა და გაქრა, თუმცა იყვნენ წარმატებული სახეობებიც, რომლებმაც სიცოცხლის ხის პირველ ტოტებს საფუძველი ჩაუყარეს.
მეცნიერები კვლავ კამათობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია კამბრიული აფეთქება. ერთ-ერთი იდეის მიხედვით, ამ დროს სიცოცხლემ გენეტიკური აპარატის ევოლუციის შედეგად ცხოველების სხეულების წარმოქმნა "ისწავლა", რამაც სიცოცხლის გამრავალფეროვნება განაპირობა. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. დიდი ალბათობით, კამბრიულ აფეთქებაში როლი მტაცებლობის ჩამოყალიბებამ, ტექტონიკურმა ძვრებმა და ოკეანეში საკვები ნივთიერებების მომატებამაც ითამაშა.
ამ დრომდე კამბრიული აფეთქების პერიოდის ყველაზე მრავალფეროვანი და კარგად შემონახული ნამარხების წყარო ბრიტანეთის კოლუმბიის კლდოვან მთებში არსებულ დანალექი ფენები იყო, მსგავსი ადგილმდებარეობა არსებობდა ჩინეთშიც.
ჰუბეის პროვინციაში აღმოჩენილი ახალი ნამარხები კამბრიული ეპოქის ამ დრომდე ცნობილი ნამარხებისგან სრულად განსხვავებულია, რაც მეცნიერების აღტაცებას იწვევს.
დურჰემის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მარტინ სმიტი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ იყო, აცხადებს, რომ ნამარხების ახალი არეალი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს.
"ნამარხების ხარისხი შეუდარებელია, მათში ადამიანის თმის სისქეზე უფრო წვრილი და ნატიფი დეტალებიც არის შემონახული", - აცხადებს სმიტი.
კამბრიული აფეთქების ეპოქაში დედამიწაზე სიცოცხლე მხოლოდ წყალქვეშ არსებობდა.
"ეს ნამარხები გვეხმარება ამოვხსნათ და გავშიფროთ ის პროცესი, რომლის საშუალებითაც უმარტივესი ორგანიზმებიდან ურთულესი, თანამედროვე სახეობები მივიღეთ", - აცხადებს ის.
"მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრების განმავლობაში კამბრიული ეპოქის ნამარხების ასეთი წყაროს აღმოჩენას შევესწრებოდი", - აცხადებს ლოზანის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ალისონ დეილი.
კომენტარები