საავტორო უფლებების ახალი კანონის გასაპროტესტებლად ვიკიპედია ერთი დღით გაითიშა
ევროპაში მოქმედი ბიზნესები და ვებგვერდები საავტორო უფლებების შესახებ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
საბოლოო კენჭისყრა 26 მარტსაა დანიშნული, როდესაც ახალი კანონის ბედი გადაწყდება. გუშინ ამ შემოთავაზების გასაპროტესტებლად ევროპული ვიკიპედიები 24 საათით გაითიშა, რა დროსაც მომხმარებლებს მსოფლიოს ყველაზე დიდ ენციკლოპედიაზე წვდომა არ ჰქონდათ. ვებგვერდზე შესვლისას ვიკიპედია მომხმარებლებს ახალი კანონის გასაპროტესტებლად ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ამისამართებდა.
ვიკიპედია არ არის ერთადერთი ვებგვერდი, რომელიც ახალ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. მსგავსი შინაარსის ბანერები გამოჩნდა ისეთ ვებგვერდებზეც, როგორიც არის, მაგალითად, Twitch და PornHub. მსგავსი საპროტესტო ბანერი განთავსდა Reddit-ზეც.
პროტესტის სამიზნე ევროკავშირის საავტორო უფლებების დირექტივაა, რომელიც საავტორო უფლებების შესახებ არსებული კანონის განახლებას წარმოადგენს. ახალი დირექტივით გათვალისწინებული ცვლილებები დიდწილად მისაღები და ლოგიკურია, თუმცა მასში ჩაწერილია ორი მითითება, რომელიც კრიტიკოსების თქმით, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.
ერთ-ერთია მე-11 მუხლი, რომელიც გამომცემლებს აძლევს უფლებას, რომ ინტერნეტ პლატფორმებს გადასახადი დააკისროს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკუთარ გვერდებზე მათ ბმულებს გამოიყენებენ (ე.წ. "link tax"). პრობლემურია მეცამეტე მუხლიც, რომელიც მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებების დარღვევით ატვირთულ მასალაზე პასუხისმგებლობას პლატფორმას აკისრებს.
კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს რეგულაციები გამომცემლებსა და კონტენტის შემქმნელებს ხელს შეუწყობს და გაბატონებულ ტექ-გიგანტებს არ მისცემს საშუალებას, რომ სხვების შექმნილი კონტენტით გამომუშავებული თანხები მიითვისონ. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკოსებს ამ კანონის სრულყოფილად აღქმა და მისი პოტენციური შედეგების ცხადად გაანალიზება არ შეუძლიათ, ისინი აცხადებენ, რომ კანონის მიღება ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.
კრიტიკოსების თქმით, განსაკუთრებით პრობლემური მე-13 მუხლია, რომელიც პლატფორმებს (YouTube, Tumblr და სხვა) მომხმარებლების მიერ ატვირთულ მასალაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. მათი თქმით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პლატფორმები იძულებულნი იქნებიან, რომ ატვირთული კონტენტი მკაცრად გაფილტრონ, ეს პროცესი კი არაზუსტი და ხარვეზებით მოცული იქნება.
კანონპროექტის გასაპროტესტებლად გერმანული, ჩეხური, დანიური და სლოვაკური ვიკიპედიის რედაქტორებმა ვებგვერდები გათიშეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ინტერნეტმა პროტესტის მსგავს ფორმას მიმართა.
ვებგვერდების გათიშვის გარდა, მე-13 მუხლის გასაპროტესტებლად პეტიციას ხელი ხუთ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოაწერა. შაბათ-კვირის განმავლობაში ევროპის მასშტაბით დაგეგმილია დემონსტრაციებიც.
ციფრული უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ჯგუფის, EDRi-ს უფროსი მრჩეველი დიეგო ნარანგო აცხადებს, რომ ევროკავშირმა კენჭისყრის თარიღი რაც შეიძლება ახლო მომავალში დანიშნა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ევროკავშირს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების დიდი იმედი არ აქვს.
"აღნიშნული თარიღის შერჩევის ერთადერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ საზოგადოებრივი წნეხის თავიდან აცილება სურთ. ისინი ყოველდღიურად უამრავ იმეილს, ზარს, შეტყობინებასა და ტვიტს იღებენ, მათ სურთ, რომ კენჭისყრა რაც შეიძლება მალე გამართონ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება წააგონ", - განუცხადა ნარანგომ The Verge-ს.
ნარანგოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებების დირექტივის ჩაშლის ამ დრომდე არსებული ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო, არსებობს შანსი, რომ კანონმდებლებმა მოწინააღმდეგეებს მოუსმინონ და გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღონ.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აცხადებს ის.
კომენტარები