AI-ს მეშვეობით გუგლის ახალი Doodle თქვენს მელოდიებს ბახის სტილში დაუკრავს
მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა მუსიკალური უნარები, იოჰან სებასტიან ბახის, ხელოვნური ინტელექტისა და გუგლის ახალი Doodle-ის მეშვეობით ლამაზი კომპოზიციების შექმნა არ გაგიჭირდებათ.
31 მარტი ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის დაბადების დღეა, რის აღსანიშნავადაც გუგლმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Doodle გაუშვა.
ერთადერთი რამ, რაც გევალებათ, რამდენიმე ნოტის აკრეფაა, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი თქვენს მიერ შერჩეულ ნოტებს გააანალიზებს და "თქვენს" კომპოზიციას ბახის სტილში დაუკრავს.
ეს პროცესი ძალიან მარტივია, თანაც შექმნილი კომპოზიციების გაზიარება სხვა ადამიანებისთვისაც შეგიძლიათ. მაგალითად, ამ ბმულზე ჩემს მიერ შექმნილ მელოდიას მოისმენთ.
კომპოზიციების შესაქმნელად გუგლი მანქანურ დასწავლას (Machine Learning) იყენებს. მანქანური დასწავლა ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ტიპია, ამ დროს კომპიუტერისთვის დიდი რაოდენობით ნიმუშების მიწოდება ხდება, ამ შემთხვევაში აღნიშნული ნიმუშები ბახის კომპოზიციები იყო. მათი გაანალიზების შემდეგ კი ალგორითმმა მსგავსი კომპოზიციების შექმნა ისწავლა.
ამ შემთხვევაში ბახის ქორალები ხელოვნური ინტელექტისათვის ინფორმაციის კარგ წყაროს წარმოადგენდა, რადგან ეს კომპოზიციები ერთმანეთს სტრუქტურით მნიშვნელოვნად წააგავდა - ყველა მათგანში ოთხი ხმაა, რომლებიც ერთმანეთს ავსებს.
იმის შემდეგ, რაც სისტემამ ბახისთვის დამახასიათებელი მუსიკის სტილი ისწავლა, ინჟინრებმა ის გადააკეთეს, რათა მას თქვენს მიერ შერჩეულ ნოტებზე კომპოზიციის შექმნა შესძლებოდა.
გუგლის ახალი დუდლით რამდენიმე მითის დამსხვრევაც შეგვიძლია. გავრცელებულია იდეა, რომ მუსიკა განსაკუთრებულ ნიჭს საჭიროებს, ადამიანებს კი ეს ნიჭი ან აქვთ, ან არა, რაც მცდარი წარმოდგენაა. მიუხედავად იმისა, თუ რას გეუბნებოდნენ ბავშვობაში, "არამუსიკალური" ადამიანი არ არსებობს. მუსიკასთან დაკავშირებული უნარების სწავლა ყველას შეუძლია.
ეს დუდლიც ამის კარგი მაგალითია, რადგან ის გაჩვენებთ, თუ რამდენად კარგად შეიძლება ჟღერდეს თქვენი შერჩეული ნოტები, თუ მას მცირედით გავამრაფალფეროვნებთ და შევავსებთ.
მეორე მცდარი წარმოდგენა ისაა, რომ მუსიკის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თითქოს ერთგვარი თაღლითობაა. ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და ერთ დღეს, ალგორითმების მიერ დაწერილმა მუსიკამ შესაძლოა ჯილდოებიც აიღოს. ეს საკითხი კი აღრმავებს შიშს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ადამიანი მუსიკის სფეროშიც კი ჩაანაცვლოს.
თუმცა, ხელოვნურ ინტელექტთან დაპირისპირების ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია მასთან ვითანამშრომლოთ და ის მუსიკის შექმნისათვის გამოვიყენოთ. მუსიკოსების ნაწილი AI-ზე დაფუძნებულ ხელსაწყოებს კომპოზიციების შესაქმნელად უკვე იყენებენ.
2016 წელს ტერინ საუზერმა საკუთარი ალბომის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა გამოიყენა. 1990-იან წლებში კი დეივიდ ბოუიმ თავის მეგობართან ერთად პროგრამა Verbasizer შექმნა, რომელიც სიტყვებსა და წინადადებებს ხლეჩდა და მათ ახლებურად ალაგებდა, AI-ს მიერ შექმნილი სიტყვების კომბინაციებს კი ბოუი4 საკუთარ ტექსტებში იყენებდა.
კომენტარები