რა გავიგეთ ანაკლიის პორტის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსენებიდან

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

დღეს, 21 მარტს საქართველოს პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი თავისი სურვილით მივიდა. სიტყვით გამოსვლის დროს მან ისაუბრა როგორც პროექტის დაწყების ისე, მიმდინარეობისა და ინვესტორების მიერ წაყენებული მოთხოვნების შესახებ.

ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო

"უკვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი კამპანია უშუალოდ ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი განცდა, რომ მისი მშენებლობით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული. ის სურვილები, რომ ანაკლიის პროექტი დაკავშირდეს მისი ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ გარკვეულ კითხვებთან, ბადებს იმის ეჭვს, რომ ანაკლიის პროექტთან გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნას აქვს მიზანი", — ამ სიტყვებით დაიწყო ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მისვლის მიზეზებზე საუბარი.

მისი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი უსაფუძვლო ვერსია, რომელთა ნაწილიც თავად ანაკლიის პორტის მშენებლობას აზიანებს. ცქიტიშვილის გამოსვლის მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის შესახებ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებების გაფანტვა იყო და მან პროექტის დაწყებიდან დღემდე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორ დაიწყო პროექტი?

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიას უნდა აეშენებინა 100 მილიონი ტონა გამტარობის ღრმაწყლოვანი პორტი. ის ამით მისი მართვის 50-წლიან უფლებას იღებდა, შემდეგ კი სახელმწიფოს გადაეცემოდა. მთავრობის ვალდებულება იყო 1 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემა და მიმავალი გზისა და რკინიგზის მიყვანა.

თავდაპირველად, პორტის აშენების სურვილი 12-მა კომპანიამ გამოთქვა, რომელთა რაოდენობაც 7-მდე შერჩევის შედეგად შემცირდა. საბოლოოდ, დეტალური გეგმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად ის გამოვლინდა. ხელშეკრულებაზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. 8-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ 2016 წლის 3 ოქტომბერს ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას.

ცქიტიშვილის თქმით, ამ პროცესში მთავრობა დათანხმდა ორ ცვლილებას: "მნიშვნელოვნად გადავადდა" პორტის განვითარების ეტაპები და კომპანიას დაპირდა 100 მილიონის მოცულობის სუბორდინირებული სესხის გაცემას. ამ სესხის დაფარვა ბანკებიდან მიღებული 400 მილიონის დაფარვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

როგორ მიმდინარეობს პროექტი?

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, პირველი ერთი წლის განმავლობაში ძირითადად მიმდინარეობდა საპროექტო დოკუმენტების, კვლევებისა და გენგეგმის შედგენაზე მუშაობა. მისი თქმით, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ფსკერის ჩაღრმავების წინასწარი, პირველადი ფაზა.

ცქიტიშვილის თქმით, ბოლო ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები უნდა დაიწყოს მიმდინარე წლის 2 აპრილს, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი პროექტირების მხოლოდ 60 პროცენტია დასრულებული და არ არის საინვესტიციო თანხები მოზიდული. შესაბამისად, ეს ვადა ნაკლებად რეალურია.

მინისტრის განმარტებით, სესხების მოზიდვა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 აგვისტომდე, შემდეგ ამ ვადამ გადაიწია 15 ნოემბრამდე, 2018 წლის 15 დეკემბრამდე და უკვე 31 დეკემბერს მოხდა მისი გადავადება 2019 წლის 15 ივნისამდე. გარდა ამისა, სრული საკუთარი კაპიტალისა და სასესხო თანხის მოზიდვა ისევე, როგორც ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ ეს თარიღი გახდა 2018 წლის 31 დეკემბერი და ახლა არის 2019 წლის 30 ივნისი.

"ახლა ჩვენ ვიცით, რომ კონტრაქტში სხვა ცვლილებებიც არის მოსალოდნელი უშუალოდ იმ კომუნიკაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს კონსორციუმთან, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო-საპროექტო, ასევე პორტის ოპერირების საკითხებს", — განმარტა მინისტრმა.

რა არის სახელმწიფოს ვალდებულება?

ცქიტიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ კომპანიას გადასაცემი 1 000 ჰექტარიდან გადასცა 251 ჰექტარი სახმელეთო სამუშაოებისთვის და 225 ჰექტარი საზღვაო სამუშაოებისთვის. მათ შორის სახელმწიფომ 58,6 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ გამოესყიდა და გადაეცა 76 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მისი განმარტებით, 2019 წლის 6 აგვისტომდე აქვთ ვადა 78 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადასაცემად, რომელიც აუცილებელია პირველი ფაზის მშენებლობის დასასრულებლად.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო გეგმავს თავისი ვალდებულება გზისა და რკინიგზის მიყვანის შესახებ ოპერირების დაწყებამდე შეასრულოს. ვადა 2021 წლის 9 აპრილს იწურება, მისი ჯამური ღირებულება კი 200 მილიონი ლარია, საიდანაც 120 მილიონი რკინიგზაზე მოდის. ამ ნაწილთან დაკავშირებით ბანკებს თავისი მოთხოვნები აქვთ, რის შესახებაც მინისტრმა მათ 8-პუნქტიან მოთხოვნებში ისაუბრა.

როგორია ბანკებისგან მოთხოვნილი 8-პუნქტიანი გეგმა?

მინისტრის თქმით, კონსორციუმმა აცნობა მთავრობას, რომ ბანკებისგან ფინანსებს მოიზიდავდნენ, თუ შესრულდებოდა მათ მიერ მთავრობის მიმართ წაყენებული 8-პუნქტიანი გეგმა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს შემუშავდა ახალი პირობები და 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებები ბანკებს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის. 2019 წლის 12 და 15 მარტს კი კონსორციუმისგან მიიღეს განახლებული რედაქცია.

მინისტრმა 8-პუნქტიანი გეგმა ასე ჩამოაყალიბა:

1 — თარიღები

როგორც პარლამენტის სხდომაზე გაირკვა, რადგან ბანკები აფინანსებენ მშენებლობის მხოლოდ პირველ ფაზას, უნდათ პორტის გაფართოების კონკრეტული თარიღები არ იყოს გაწერილი. მათი აზრით, ეს პროცესი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც ზედი-ზედ სამი წლის განმავლობაში პორტის გამტარუნარიანობის 70 პროცენტის ათვისება მოხდება. ამის შემდეგ ჩატარდეს კვლევა და ოთხივე ბანკიდან მიიღონ შემოთავაზებები განვითარება დაიწყოს თუ არა.

"ჩვენთვის ეს არის რისკი... ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტი, როგორც ის იყო ჩაფიქრებული (100 მილიონი ტონა), მისი მოცულობა ბევრად უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე რომელიმე არსებული პორტი (ბათუმი — 18, ფოთი — 11) და მან უნდ გააჩინოს ახალი ტვირთბრუნვები. შესაბამისად, რისკფაქტორებად მიგვაჩნია ის მოთხოვნები, რომელიც არის ბანკის მხრიდან წარმოდგენილი", — განმარტა მან;

2 — რისკების სახელმწიფოს მიერ დაზღვევა

ვინაიდან სესხის დაფარვის წყარო არის პორტში ოპერირებიდან მიღებული შემოსავლები და არ არსებობს სტრატეგიული ინვესტორი, ან გადამზიდავი, რომელიც მუდმივი ტვირთების მოზიდვას უზრუნველყოფს, ბანკებს მიაჩნდათ, რომ რისკები სრულად სახელმწიფომ უნდა აიღოს. ამ წინადადებას მთავრობა არ დათანხმდა, ბანკებმა კი საპასუხო წინადადება შეიმუშავეს.

ბანკებმა მთავრობას შესთავაზეს შექმნილიყო სარეზერვო ანგარიში, სადაც უნდა განთავსდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა. სახელმწიფოს ექნება უფლება, რომ შეავსოს ეს თანხა, თუ სახელმწიფო ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბანკებს შეეძლებათ ხელშეკრულების გაწყვეტა და მთელი სესხის დაფარვა სახელმწიფოს მოუწევს. სამომავლოდ, ამ თანხის გასტუმრება სახელმწიფოსთვის კონსორციუმს ნასესხებ 100 მილიონთან ერთად მოუწევდა.

"მთავარია ამ პირობაში ის, რომ სახელმწიფომ და არა ინვესტორმა უნდა გაიზიაროს და საკუთარ თავზე აიღოს ტვირთბრუნვის რისკები, ანუ შემოსავლების რისკები და ყველა ის რისკები, რომელიც არამხოლოდ გარე ფაქტორების, არამედ შესაძლოა, უშუალოდ ინვესტორის არაეფექტური საქმიანობის შედეგი იყოს", — განმარტა ამ საკითხზე საუბრისას ცქიტიშვილმა;

3 — სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება

გზა და რკინიგზა ბანკების მხრიდან არის რისკფაქტორად დანახული, რადგან თუ სახელმწიფო ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას, პორტის ფუნქციონირებას შეიძლება შეექმნას პრობლემა. ბანკების მოთხოვნაა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება გახდეს ამ შემთხვევაში კომპენსირება.

გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ გზა უნდა აშენდეს დონორების დადგენილი წესით. მინისტრმა განმარტა, რომ ეს გზა სახელმწიფოს დაფინანსებით შენდებოდა და მსგავსი პროცედურები არ იყო გათვალისწინებული.

"ყველამ ვიცით, დონორების პროცედურებით არ არის შესაძლებელი იმ ვადებში, რაც არის დადგენილი", — განმარტა მან;

4 — საკრედიტო პირობები

სახელმწიფოს აქვს უფლება დაამტკიცოს საკრედიტო პირობები და კრედიტორები. ბანკების წინადადებაა, რომ ეს გახდეს უფრო მოქნილი და შესაბამისად, შეუთანხმოს მთავრობას მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა.

"ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია და რასაც ვაკეთებ კიდევაც. მაგრამ იმ პირობასთან კომბინაციით, რომ მთავრობა თან სესხის უზრუნველყოფის გარანტია, ასეთი შეზღუდვების დაწესება ცოტა ნაკლებად გასაგებია, თუმცა ვაგრძელებთ მოლაპარაკებას", — თქვა მინისტრმა;

5 — "ოქროს აქცია"

სახელმწიფოს აქვს ამ კონსორციუმში "ოქროს აქცია", მხოლოდ ერთი აქცია და ამით უფლება აქვს მოითხოვოს არსებითი საკითხების შეთანხმება. ბანკების წინადადებაა, რომ სახელმწიფოს უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად;

6 — ფორსმაჟორის დაზღვევა

საინვესტიციო ხელშეკრულება გულისხმობს ფორსმაჟორს, მათ შორის პოლიტიკურსაც, რომელის შემთხვევაში მხარეებს აქვთ უფლება, რომ მოშალონ ხელშეკრულება ან გამოიყენონ გადავადების მიზეზად. ბანკების სურვილია, რომ მთავრობამ დაუკონპენსიროს ფორსმაჟორის დროს პორტის გაჩერების შედეგად მიუღებელი შემოსავალი;

7 — კანონმდებლობა

საინვესტიციო ხელშეკრულებით, გარდა საერთაშორისო ვალდებულებისა, სახელმწიფოს უფლება არ აქვს უახლოესი 50 წლის განმავლობაში კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც პორტს შეეხება. ბანკებს სურთ, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც იმ ბიზნესოპერატორებს შეეხებათ, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებენ და ცვლილება კონსორციუმზე გავლენას (შესათანხმებელია ზღვარი) ახდენს, სახელმწიფომ დააკომპენსიროს.

8 — ინვესტორის გაკოტრების შემთხვევაში კომპენსაცია

"ეს არის ჩემი შეფასებით ერთ-ერთი მთავარი პირობა და მთავარი პრობლემა, რომელიც არის ბანკების მხრიდან დასახელებული. ეს არის პრაქტიკულად მთელი სესხის უზრუნველყოფა", — ამ სიტყვებით დაიწყო მინისტრმა ამ საკითხზე საუბარი.

მოქმედი შეთანხმებით, თუ რომელიმე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წყდება ხელშეკრულება, მთავრობა მოიძიებს ინვესტორს, რომელზეც გადავა ყველა ვალდებულება. ბანკებს უნდათ, თუ სახელმწიფოს მიზეზით დაირღვევა შეთანხმება, მან დაფაროს ეს თანხა დაუყოვნებლივ, თუ ინვესტორი იქნება მიზეზი, მაშინ სახელმწიფო რესურსით დაფაროს 4 წლის ვადაში.

რა კითხვები დასვეს დეპუტატებმა?

მაია ცქიტიშვილის მოხსენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა რეგლამენტის შესაბამისად მინისტრს კითხვები დაუსვეს. ქართული ოცნება ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ალტერნატიული გეგმითა და ხელშეკრულების პირობების შესრულების დეტალებით დაინტერესდა, ოპოზიცია —კონსორციუმის მიერ ინვესტიციის მოზიდვის პროცესზე თიბისი ბანკის საქმის გავლენით

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა იკითხა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები, რომ ხელი კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერეს. ის ასევე დაინტერესდა პორტის კომერციული ოპერატორის საკითხით და დასვა კითხვა, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ ოპერატორი კომპანია SSA Marine სხვა კომპანიით ჩანაცვლდა.

ქართულ ოცნებაში მეზურნიშვილი ერთადერთი არ იყო, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორის საკითხით დაინტერესდა. მსგავსი შინაარსის კითხვა დასვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმაც.

მმართველი პარტიის დეპუტატები, ასევე, დაინტერესდნენ მინისტრის აზრით, შეძლებს თუ არა ანაკლიის კონსორციუმი ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების ვადებში შესრულებას და თუ ვადები დაირღვა, რა ალტერნატიული გეგმა აქვს ხელისუფლებას.

"ჩვენ გვყავს არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ინვესტორი, მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები და სათუოა დაფინანსების საკითხი, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პროექტი საბოლოოდ განხორციელდება", — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, რატომ ცდება ერთმანეთს მთავრობისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები.

"რატომ ხდება ისე, რომ ფინანსების მოზიდვის გაგება არის ორგვარი, თუ მათ აქვთ მოზიდული და არ არის პრობლემა, რატომ მართავს მთავრობა კონსულტაციებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან", — განაცხადა დეპუტატმა.

ერთადერთი, რომელმაც ქართული ოცნებიდან თიბისი ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტს შორის კავშირზე კითხვა დასვა, დეპუტატი ზაზა ხუციშვილი იყო.

"საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება თიბისი ბანკის საქმეზე არის ხელისშემშლელი მოლაპარაკების პროცესში ინვესტორებთან, თქვენ თუ გრძნობთ ამ პრობლემას მოლაპარაკების პირობებში?" — იკითხა დეპუტატმა.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, როგორ აფასებს მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომელიც თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლებს უკავშირდება.

"ამ ყველაფერმა შეუშალა თუ არა ხელი პროექტის განხორციელებას? თუ მეთანხმებით, რომ შეუშალა ხელი, მაშინ იქნებ მითხრათ, რატომ მოიქცა ასე კოორდინირებულად და აგრესიულად ხელისუფლება ამ პროექტთან დაკავშირებით?" — იკითხა ბოკერიამ.

ამავე პარტიის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ კი აქცენტი თიბისი ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტის მომავალს შორის კავშირზე გაამახვილა და დაინტერესდა, "რატომ დაიწყო ხელისუფლებამ თანმიმდევრული შეტევა თიბისი ბანკზე მაშინ, როცა ინვესტიციის მოზიდვის პროცესი სრულდებოდა".

"არ მითხრათ პოპულარული მიდგომა, რომ "ამ საქმეს ანაკლიის პორტთან კავშირი არ აქვს". ქუთაისსა და თბილისსაც არ აქვს ერთმანეთთან შეხება, მაგრამ ქუთაისში რომ წვიმს, თბილისში ქარია და ბუნებრივი პროცესია, რომ თიბისის საქმემ იმოქმედოს ანაკლიის პორტის საქმეზე", — თქვა ბობოხიძემ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი კონსორციუმის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობით დაინტერესდა და იკითხა, რატომ საუბრობს მთავრობა, რომ "კონსორციუმს გარკვეული ოდენობის თანხები აპატიებს, როცა ჯარიმებს ადგილი არასდროს ჰქონია".

ირმა ნადირაშვილმა კი იკითხა, გამორიცხავს თუ არა მინისტრი, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ამ პროექტის სათავეში ჩინური კომპანია აღმოჩნდება.

ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ჰყავს თუ არა ხელისუფლებას ალტერნატიული ინვესტორი იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ. სამადაშვილი ასევე დაინტერესდა, ხედავს თუ არა ანაკლიის, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საფრთხეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ "ფაქტობრივად, ანაკლიის პროექტი ჩაფლავდა". მან პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა, რომ პროექტის ჩაშლის მიზეზი არა კონსორციუმის, არამედ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

"თქვენ ახლა გინდა, რომ თქვენი წარუმატებლობა გადააბრალოთ და ხელი შეახოცოთ ინვესტორს, მაშინ როცა ინვესტორიც თქვენი შერჩეული. სამი წელი ვერ ჩაატარეთ ტენდერი და თუ გგონიათ, პროექტს ჩაშლით და ვიღაცაზე გადაბრალებით ქართულ ოცნებას დადებითად წარმოაჩენს საზოგადოების წინაშე, ცდებით", — თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ მთავრობა ორ წელში ანაკლიის პორტამდე გზასა და რკინიგზას ვერ გაიყვანს და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხელისუფლებას ხელშეკრულების შეწყვეტა სურს.

"ორ წელიწადში გზას მიიყვანთ პორტამდე? რკინიგზას ააშენებთ? როცა ზესტაფონიდან ქუთაისამდე დამთავრებული გზა ვერ მიიყვანეთ? თქვენ განსახლებას გააკეთებთ? იქ ადამიანები ცხოვრობენ..", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ ანაკლიის პორტის ბიზნესის თვალსაზრისით მომხიბვლელობის საკითხი დააყენა ეჭვქვეშ და უსაფრთხოების მიმართულებითაც დასვა კითხვა.

"შეიძლება თუ არა ანაკლიის პორტში არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ სამხედრო გემების შეყვანაც? რამდენად საფრთხის მომტანია ან პირიქით?" — განაცხადა ლომიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი

პარტია ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს გაუჩნდა განცდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად საქმე ძირეული ცვლილებებისკენ მიდის. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაუჩნდა კითხვები, რომელიც ამ დრომდე არ ჰქონდა.

"ჩემი კოლეგების შეკითხვებიდან გამომდინარე მიჩნდება განწყობა, რომ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საქმე ძირეული ცვლილებებისკენ მიგვყავს. კონკრეტულად არსებული კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ, რასაც მე ვუყურებ", — განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, ამ პროექტს საერთაშორისო დონეზე ეწინააღმდეგებიან, მათ შორის რუსეთიც.

"უპირველეს ყოვლისა, ეს არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები მიიიჩნევენ ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს, ამაზე ხმამაღლა საუბრის რატო გვერიდება? ეს ჩვენ დაგვიცავს, ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ", — განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

რა უპასუხა მინისტრმა?

ქართული მენეჯმენტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, პრობლემები, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში შეექმნა, გამოუცდელობის ბრალია.

"მათ ძალიან კარგი განათლება და პროექტების მართვის კარგი უნარი აქვთ, პორტის მშენებლობა არასდროს განუხორციელებიათ", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, პრობლემა რომელიც კონსორციუმშია, არის ზურგის, პარტნიორის, მათ შორის სტატეგიული ინვესტორის ნაკლებობა, რომელიც პროექტში უნდა ყოფილიყო.

"რატომღაც ხდება ანაკლიის პროექტის და ანაკლიის კონსორციუმის უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან გაიგივება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროექტში 42 პროცენტით შესულია კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე ასეთივე თანაბარი წილით - 42 პროცენტის ოდენობით კონტი ჯგუფზე ფიქსირდება. სწორედ იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმში შესული იყო კონტი ჯგუფი, მისი გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვაში", — განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვის პირობა ამბობდა, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებდა, უნდა ჰქონოდა სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის პროექტის მშენებლობა-ოპერირებაში, ფინანსების მოზიდვაში. გარდა ამისა, გამოცდილება ერთი ან მეტი პორტის განვითარებასა და მართვაში, საზღვაო ტრანსპორტთან და მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებული გამოცდილება და ყველა ფინანსური დოკუმენტაცია და უწყისი ისეთი სახით უნდა ყოფილიყო შედგენილი და წარმოდგენილი.

"როდესაც სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, კონტი ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და გამოცდილება იყო მიზეზი, რატომაც ტენდერში ამ კონსორციუმმა გაიმარჯვა. დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, კონტი ჯგუფს ჩვენც ვერ ვხედავთ —კონტი ჯგუფი, ფაქტობრივად, პროცესში ჩართული არ არის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია უშუალოდ ქართული მენეჯმენტის მიერ და არც ჩანს ის გამოცდილება და ფინანსური მდგომარეობა, რამაც პროცესში კონსორციუმს გაამარჯვებინა.

კონკურენცია პორტებს შორის

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს.

"როდესაც ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დავიწყეთ, იმ დროისთვის ფოთის პორტიც არსებობდა და ბათუმის პორტიც. ამის თაობაზე იცოდა, მათ შორის ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და იმ 12-მა კომპანიამ, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის. ამდენად, ეს არავისთვის სიახლე არ იყო", —განაცხადა მან.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მისი დამფუძნებლებიდან ესმის ინფორმაცია, რომ ანაკლიის გარშემო რაც ხდება, ხდება იმის გამო, რომ ფოთის პორტს, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, ან ვინმე სხვას სურს გაფართოება, "ეს არის ძალიან არაპასუხისმგებლიანი განცხადებები და სპეკულაცია".

"ამ საკითხის და ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ალტერნატიული გეგმა

ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ანაკლიის პორტისთვის ალტერნატიულ ინვესტორს არ ეძებენ. ცქიტიშვილს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.

"ჩემთვის ასეთი ინვესტორის არსებობის შესახებ ცნობილი არ არის, ასეთი ინვესტორის არსებობის თაობაზე არც მთავრობისთვის არის ცნობილი. ჩვენ არავისთან არ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და არ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს ამ ეტაპზე", — თქვა ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ცდილობს, უკვე არსებულ ინვესტორთან იმუშაოს და მიაღწიოს წარმატებებს.

"თუ ეს არ მოხდება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ პროექტის შესრულებით და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ჩვენ არ გვექნება გამოსავალი გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ალტერნატიული ინვესტორი, ან განვიხილოთ ის ვარიანტი, სახელმწიფომ ხომ არ ააშენოს ჯერ ეს პორტი და მერე ეძებოს ინვესტორი, რომელიც ამ პროექტის ოპერირებას მოახდენს", — თქვა მინისტრმა.

მან აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს არც არასდროს ჰქონია, არც აქვს და არც მომავალში ექნება იმის სურვილი, რომ პორტი სახელმწიფოს საკუთრებაში ჰქონდეს.

პორტის ოპერატორი

ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პორტის ოპერატორთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა ინფორმაციაა და "ის პიარი და კამპანია, რასაც ჩვენ ვხედავთ კონსორციუმის მხრიდან, სამწუხაროდ, აცდენილია კონსორციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციას".

მისივე თქმით, კონსორციუმი ცდილობს ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო დადებითად, ვიდრე სინამდვილეშია. გასაგებია მათი ინტერესი, რადგან ინვესტორები არიან.

"ჩვენ ვისმენთ კონსორციუმისგან, რომ ოპერატორი არის SSA MARINE, გიგანტი კომპანია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არა მხოლოდ სხვა კომპანიაა ამ პროცესში ჩართული, არა ის, რომ შვილობილი კომპანიაა, ესეც რომ ყოფილიყო პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ არის პორტის ოპერატორის განსხვავებული მოდელი", — განაცხადა მან.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების პირობებით, პორტის ოპერატორი ისევე, როგორც სტრატეგიული ინვესტორი, უნდა ყოფილიყო გამოცდილი ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის სრულ კომერციულ საქმიანობას.

"ეს ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა კომპანია, რომელიც უბრალოდ კონტეინერების გადატვირთვას უზუნველყოფს გარკვეულ დროში. ეს უნდა ყოფილიყო ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის კომერციულ საქმიანობას. ასეთმა ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პირველ რიგში, პორტის საფასო პოლიტიკა, უნდა მოიზიდოს ტვირთები, დაამყაროს ურთიერთობა როგორც გადამზიდავ ხაზებთან", — განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პორტის ოპერატორს უნდა გაეაზრებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პორტს შეიძლებოდა ჰქონოდა.

"ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ მცირე კომპანიის, სხვა ზომის კომპანიის, სხვა მასშტაბის და მოცულობის მქონე კომპანიის მხოლოდ ხუთ თანამშრომელს, ქართულ კომპანიაში, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთობლივად ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ვიღებთ მოდელს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის პორტის კომერციული ოპერატორი", — თქვა მინისტრმა.

ივანიშვილი და ანაკლიის პორტი

მაია ცქიტიშვილმა უპასუხა ივანიშვილის შესახებ ოპოზიციის დასმულ კითხვას და თქვა: "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა — პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის.

"და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი", — დასძინა ცქიტიშვილმა.

სახელმწიფოს ვალდებულება

მაია ცქიტიშვილმა რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, სახელმწიფო გზის მშენებლობას ასწრებს და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

"ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ ასწრებს გზის მშენებლობას და სახელმწიფომ ახლა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩაშალოს ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულება. ამასთან, საერთოდ ჩაშალოს ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობა, იმიტომ, რომ ბატონო რომან, გზის გაკეთებას ვერ ვასწრებთ, მაპატიეთ, ძალიან არასერიოზულია".

მისი განმარტებით, ტენდერი პროექტირების პროცესშია, გამოვლინდება გამარჯვებული, დაიწყება პროექტირება.

"როგორც სხვა სამშენებლო პროექტებში, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ამ პროექტის დაგვიანების ისევე, როგორც არსებობს რისკი პორტის მშენებლობის დაგვიანების და თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დარჩენილ წელიწადნახევარში 600 მილიონ დოლარს დახარჯავს და უზრუნველყოფს პორტს იქ, სადაც დღეს 8 მეტრის სიმაღლეზე ტალახია, დამერწმუნეთ, რომ ჩვენც ამ პერიოდის განმავლობაში გზასაც და რკინიგზასაც მივიყვანთ", —- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტვირთბრუნვის გარანტია

მინისტრის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა იცოდა, რომ ხელს აწერდა კაბალურ ხელშეკრულებას: ბანკების მოთხოვნა, საოპერაციო შემოსავლების დაბალანსებასთან დაკავშირებით ე.წ. ტვირთების გარანტიით და მეორეს მხრივ, სახელმწიფოსგან სესხის სრული უზრუნველყოფა, ანაკლიის კონსორციუმისთვის ცნობილი იყო.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ წარმოადგინეს ბანკებმა მოთხოვნა ტვირთბრუნვის გარანტიებთან დაკავშირებით, ან რატომ წარმოადგინეს მოთხოვნა სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორ ძირითად მოთამაშეშია პასუხი - იმიტომ, რომ ბანკებს დღეს არ ჰყავთ არავითარი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის გარდა იქნებოდა პასუხისმგებელი სესხების დაფარვაზე", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მათ არ ჰყავთ პორტების გამოცდილი ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოზიდვას, პორტის განვითარებას ისეთი სახით, რომელი სახითაც ის ყველას აქვს წარმოდგენილი.

რას პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მინისტრს?

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პროექტზე საუბრისას ბევრი არაობიექტური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არ იყო გაკეთებული აქცენტი იმ წვლილზე, ენერგიასა და ინვესტიციაზე, რომელიც კონსორციუმმა განახორციელა.

მისივე თქმით, ანაკლიის კონსორციუმი დიდი გუნდია, არა მხოლოდ ქართველებით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებით დაკომპლექტებული.

"ის, რომ არ გვყავს ინვესტორი არის მცდარი. SSA MARINE-ს ორ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. გადამწყვეტი ფაქტორია, რომ SSA MARINE თავის 20-მილიონიან ინვესტიციას რისკის ქვეშ დებს პროექტში. მათმა შვილობილმა კომპანიამ, რომელსაც დააარსებენ საქართველოში უნდა განახორციელონ ოპერირება ტერმინალებზე", — განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, კონსორციუმს არაერთხელ უთქვამს, რომ პროექტი არის ძალიან რთული.

"პორტის მთავარი ბენეფიციარი არის ქვეყანა. ჩვენ საფინანსო ინსტიტუტებს ვთხოვთ უზარმაზარი თანხის ინვესტირებას ჩვენს ქვეყანაში. მათ დააყენეს გარკვეული პირობები, რომელიც უნდა დავუკმაყოფილოთ", — განაცხადა ახველდიანმა,

ის განმარტავს, რომ ასეთი რთული და კომპლექსური პროექტის გარშემო თანხების მობილიზება არის რთული და მათ ეს მოახერხეს.

"წინა კვირას მარტში, იყო კომპრომისული ვარიანტი წარგენილი. ასეთ პროექტებს ყოველთვის აქვს განსაზღვრული ანგარიში, რომელსაც ჰქვია სესხის მომსახურებისთვის სარეზერვო ანგარიში, სადაც უნდა განთავსდეს გარკვეული თანხა, საუბარია რამოდენიმე ვარიანტზე 24-დან 50 მილიონის ფარგლებში", — ამბობს კონსორციუმის წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, თუ დონორი ამ თანხას დახარჯავს, სახელმწიფოს აქვს უფლება და არა ვალდებულება, შეავსოს თანხა, თუ თანხას არ შეავსებს ბანკს უფლება ექნება, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება.

"კომპრომისულობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული თანხა შეავსოს", — განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება პირველ რიგში კონსორციუმის ინვესტიციაა, რადგან კერძო ფული ჩადეს პროექტში და რისკის ქვეშ დააყენეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  2. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
  3. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  4. ვინ (არ) მიულოცა პუტინს დაბადების დღე?!
  5. აშშ-ში სანგუ-ს დელეგაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახა კალაძე: 25-30 წელი კი არა, უფრო მეტიც არის საჭირო, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეს

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს დედაქალაქის მერი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საპატიო თავმჯდომარის,…