დიდი ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირას დაადგენს თარიღს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას პორნოგრაფიული შინაარსის მასალებზე წვდომისათვის საკუთარი ასაკის ოფიციალური დადასტურება და ლიცენზიის მოპოვება მოუწევს. აღნიშნული იდეის მოწინააღმდეგეები კი აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ კომპანიებმა, რომლებიც ადამიანების ასაკის გადამოწმებას მოახდენენ, მათ ხელში ჩავარდნილი ინფორმაცია.

პორნოგრაფიაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მისი დამტკიცება კი სხვადასხვა დაბრკოლების გამო მრავალჯერ გადაიდო. პორნოგრაფიის აკრძალვის გარდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ინტერნეტში გავრცელებულ, ბავშვებისთვის საზიანო სხვა მასალებთან ბრძოლასაც გეგმავს. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტების განსახორციელებლად სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე იქნება საჭირო.

შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ პორნოგრაფიის შემცველი ვებგვერდები იძულებულნი გახდებიან, რომ მათი მომხმარებლების ასაკის მკაცრი ვერიფიცირება მოახდინონ, ეს კი რამდენიმე სხვადასხვა საშუალებით შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ვებგვერდზე პასპორტის, ან მართვის მოწმობის ატვირთვით. შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვის შეძენაც. ხოლო ვებგვერდებს, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, ჯარიმები დაეკისრებათ, ან ქვეყანაში მათზე წვდომა შეიზღუდება.

ჯიმ კილოკი, რომელიც Open Rights Group-ის აღმასრულებელი დირექტორია, მიიჩნევს, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ პერსონალური მონაცემების გაჟონვის დიდი რისკი იარსებებს.

"მსგავსი ინფორმაციის გაჟონვას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მასწავლებელი ხართ, სპეციფიკური სექსუალური პრეფერენციებით, ამ ინფორმაციის გაჟონვის შედეგად კი შესაძლოა ეს თქვენმა მოსწავლეებმა გაიგონ. თქვენ შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაგეკისროთ, რადგან პორნოგრაფია ლეგალურია, თუმცა ეს თქვენს რეპუტაციაზე დიდ გავლენას მოახდენს. პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ, რომ ინფორმაცია მათი სექსუალური გემოვნების შესახებ შესაძლოა საზოგადოებისა და ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდეს", - აცხადებს ჯიმი.

კილოკი, რომლის ორგანიზაციაც ინტერნეტში სახელმწიფოს ჩარევას ეწინააღმდეგება, აცხადებს, რომ ის განსაკუთრებით შეწუხებული ერთ-ერთი კომპანიით, MindGeek-ით არის, რომელიც მრავალ პოპულარულ პორნოგრაფიულ ვებგვერდს ფლობს, მაგალითად, PornHub-ს. ახლახან MindGeek-მა ახალი კომპანია, AgeID-იც ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც მომხმარებლების ასაკის ვერიფიკაცია იქნება.

"პრობლემა ისაა, რომ ამ შემთხვევაში მთელ თქვენს ინფორმაციას პორნოგრაფიის სფეროში მარკ ცუკერბერგის ექვივალენტს აწვდით", - აცხადებს კილოკი.

AgeID-ს მოსაზრებით, კომპანიის ვერიფიკაციის სისტემას 25 მილიონამდე ბრიტანელი გამოიყენებს. სისტემის გამოსაყენებლად ინდივიდებს იმეილით ანგარიშის შექმნა მოუწევთ, სადაც მათ პასპორტის ან მართვის მოწმობის ფოტო უნდა ატვირთონ. თუ მათ ეს არ სურთ, სპეციალურ მაღაზიებში პორნოგრაფიის საშვის შეძენაც იქნება შესაძლებელი, მყიდველის ასაკს კი მაღაზია გადაამოწმებს.

AgeID-ის დირექტორი ჯეიმს კლარკი აცხადებს, რომ კომპანიას მომხმარებლების ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზა არ ექნება.

"AgeID მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად, სახელს, იმეილს, ტელეფონის ნომერსა და დაბადების თარიღს არ შეინახავს", - აცხადებს ის.

კლარკი აცხადებს, რომ AgeID-ის სისტემაში მომხმარებლის იდენტობის დადგენა შეუძლებელი იქნება, თუმცა მისი თქმით, სხვა კომპანიები შესაძლოა ასეთივე უსაფრთხო არ იყოს.

აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სხვადასხვა სერვისების, მაგალითად, VPN-ების გამოყენებით ადამიანებს პორნოგრაფიაზე წვდომა და აღნიშნული შეზღუდვისთვის გვერდის ავლა მაინც შეეძლებათ.

დადებითი გადაწყვეტილება აღნიშნული შეზღუდვის შემოღებაზე პარლამენტმა ორი წლის მიიღო, თუმცა მისი განხორციელება არაერთხელ გადაიდო. ამჟამინდელი ინფორმაციით შეზღუდვა შესაძლოა პირველი აპრილიდან ამოქმედდეს, თუმცა ამ პროცესში ჩართული ადამიანები აცხადებენ, რომ პირველი აპრილისთვის კანონპროექტის ამოქმედება ვერ მოხერხდება.