საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მიხეილ ჩიკვილაძე წარადგინა. მის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს 19 მარტს უყრის.

როგორც საკონკურსო კომისიის სხდომაზე ჩიკვილაძესთან გასაუბრებით გაირკვა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია.

"დიახ, ამის უარყოფა როგორ შეიძლება. ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ჩემზე ორი კურსით წინ იყო. შემდეგ უკვე, 1983 წლიდან სკოლაში [სამუშაოდ] ბატონი ვასილიც მოვიდა და ამის შემდეგ ჩვენ ვიყავით კოლეგები. თავისთავად კოლეგა არ გამორიცხავს მეგობრობას. ჩვენ ვმეგობრობდით, რა თქმა უნდა და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა", — განმარტა მან გასაუბრებაზე და დასძინა, რომ იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.

ახალი მეურვე საზოგადოებრივ მაყუწყებელში ზაზა შათირიშვილის ნაცვლად იმუშავებს. შათირიშვილიც ჩიკვილაძის მსგავსად მაღლაფერიძის მეგობარია. ის ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა და ექვსი წლის ვადით 103 ხმით აირჩია. მან თანამდებობა არჩევიდან 10 თვეში დატოვა.

მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 24), მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს ექვსი წელი. ამ შემთხვევაში კი კანდიდატი ხუთი წლის ვადით აირჩევა, რადგან მეურვე, რომელსაც ის ცვლის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (მუხლი 209) მიხედვით, მეურვის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა). იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, უმრავლესობამ ხელახლა უნდა დაასახელოს კანდიდატი. ამ შემთხვევაშიც მას კვლავ შეუძლია ჩიკვილაძის წარდგენა. განმეორებით კენჭისყრაზე კანდიდატი მეურვედ არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მოაგროვებს მინიმუმ 51 ხმას.