საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებას სთხოვს. ამ შინაარსის წერილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას სახელზე პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა გააგზავნა.

საპატრიარქოს აზრით, იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტს გრიფით საიდუმლო ადევს, უნდა გასაჯაროვდეს.

"მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტი და ყველას მიეცეს საშუალება გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ფოტო: საპატრიარქო

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.