კეტამინზე დაფუძნებულ მედიკამენტს აშშ-ში დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენებენ
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინსიტრაციამ (FDA) დეპრესიის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტის, ესკეტამინის გამოყენება დაუშვა. აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებმაც მკურნალობის სხვა მეთოდები გამოცადეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.
ახალი პრეპარატი, რომელიც ცხვირის სპრეის სახით იქნება ხელმისაწვდომი ნარკოტიკ კეტამინზეა დაფუძნებული. ესკეტამინის სპრეი დეპრესიის საწინააღმდეგო პირველი სწრაფად მოქმედი პრეპარატი იქნება.
სხვა ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, ესკეტამინი პაციენტების ხასიათსა და გუნება-განწყობას რამდენიმე საათში აუმჯობესებს, შედარებისთვის, ბაზარზე არსებული სხვა მედიკამენტებით იმავე შედეგის მისაღწევად რამდენიმე კვირაა საჭირო, ხშირად კი მათი გამოყენება საერთოდ უშედეგოა.
ახალი მედიკამენტი Johnson & Johnson-ის შვილობილმა კომპანიამ, Janssen-მა შექმნა.
საქმე ისაა, რომ ესკეტამინი ტრადიციული ანტიდეპრესანტებისგან, მაგალითად, პროზაკისგან განსხვავებულად მუშაობს. პროზაკს კომპანია Eli Lilly აწარმოებს და მისი გაყიდვა 1987 წელს დაიწყო, ეს მედიკამენტი ტვინში სეროტონინს უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, რის გამოც ის პაციენტების ნაწილში დეპრესიის სიმპტომებს ამსუბუქებს. ესკეტამინის სამიზნე კი ნივთიერება გლუტამატია.
ესკეტამინი გლუტამატის რეცეპტორს ბლოკავს, რაც ტვინში ცვლილებებს იწვევს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ალტერნატიული მეთოდი დეპრესიასთან საბრძოლველად ეფექტური შეიძლება იყოს.
ბოლო ათწლეულში ჩატარებული მცირერიცხოვანი კვლევები მიუთითებს, რომ კეტამინი დეპრესიის მქონე პაციენტებისათვის შესაძლოა სიმპტომებისგან გასათავისუფლებელი სწრაფი საშუალება იყოს. ამ ცნობების პარალელურად აშშ-ში ჩნდებოდა ახალი კლინიკები, რომლებიც პაციენტებს კეტამინით მკურნალობას სთავაზობდნენ. თუმცა აღნიშნული დაწესებულებები აშშ-ს მთავრობის მიერ არ კონტროლდებოდა და მკურნალობას არც დაზღვევა ფარავდა, რეგულაციების არარსებობის გამო კი თითოეულ კლინიკას მკურნალობის ჩატარება თვითნებურად შეეძლო.
აშშ-ს მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდაა ახსნილი, რომ ესკეტამინი მხოლოდ კონკრეტულ კლინიკებში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მკურნალობის პროცესში ექიმებს პაციენტებზე დაკვირვება შეეძლებათ, ამის მიზეზი მედიკამენტის სხვა მიზნებით გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვაა.
ესკეტამინით მკურნალობა იაფი არ იქნება, თითოეული სესია პაციენტს $900 დაუჯდება, კვირაში კი ორი ასეთი პროცედურაა რეკომენდებული, რის შედეგადაც მკურნალობის ღირებულება თვეში 7 000 დოლარს მიაღწევს.
დიდი ალბათობით, ესკეტამინით მკურნალობა დაზღვევას დაექვემდებარება, აღსანიშნავია, რომ ესკეტამინს, კეტამინთან შედარებით, ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენები ექნება.
FDA-ს გადაწყვეტილების შესახებ ექიმებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ახალი მედიკამენტი სასარგებლო და გამოსადეგი იქნება, თუმცა მისი გამოყენება ფრთხილად და რაციონალურად უნდა მოხდეს", - აცხადებს იელის დეპრესიის კვლევის პროგრამის დირექტორი და ფსიქიატრი ჯერარდ სანაკორა.
"შესანიშნავი სიახლეა, რომ გვექნება მედიკამენტი, რომელიც ტრადიციული ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებული მექანიზმით იმოქმედებს, თუმცა ამ აჟიოტაჟს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ", - აცხადებს ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და FDA-ს ყოფილი მიმომხილველი ერიკ ტერნერი.
კომენტარები