კვლევა: უძილობა ბუზებს ბევრს ვერაფერს აკლებს
ძილი ერთი შეხედვით უცნაური რამ არის, თითქოს მის უკან ლოგიკა არ ჩანს. ძილის დროს უამრავ დროს ვკარგავთ, არ ვართ პროდუქტიულები და ვერ ვიცავთ თავს. თუმცა ვიცით, რომ რეგულარული ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და ეს არა მარტო ადამიანებს, არამედ ყველა ცხოველს ეხება, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე გვეგონა.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების გუნდის მიერ ჩატაარებული კვლევა, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ მამრი დროზოფილებისათვის (ხილის ბუზი) ძილი შესაძლოა არც იმდენად აუცილებელი იყოს, რამდენადაც სხვა ორგანიზმებისთვის, თუნდაც ჩვენთვის.
"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძილი სიცოცხლისათვის აუცილებელ პროცესად ითვლება ისაა, რომ ჩვენს გარშემო არსებული ყველა ცხოველი იძინებს, ჩვენ საკმაოდ გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბუზი ამ კანონს, ერთი შეხედვით, არ ემორჩილება. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, ჩვენს ხელში რამდენიმე იღბლიანი ბუზი აღმოჩნდა, თუ ეს უნარი ამ სახეობის ყველა წარმომადგენელს ახასიათებდა", - აცხადებს კვლევის ავტორი ჯორჯო ჯილესტრო.
იმისათვის, რომ ბუზებისთვის დაძინების საშუალება არ მიეცათ, მეცნიერებმა ისინი შუშის სპეციალურ კონტეინერში ჩასვეს, რომელიც 20 წამის განმავლობაში გაუნძრევლად მყოფი ბუზის დაფიქსირების შემთხვევაში ბრუნვას იწყებდა და დაძინებულ ბუზს აღვიძებდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოუძინარი მამრი ბუზები, გამოძინებულ მამრ ბუზებთან შედარებით, უფრო მალე არ დახოცილან.
თუმცა, მდედრების შემთხვევაში, გამოუძინებელი ბუზები 3,5 დღით უფრო ადრე დაიხოცნენ. 3,5 დღე შესაძლოა დიდ დროდ არ მოგვეჩვენოს, თუმცა ეს ბუზების სიცოცხლის ხანგრძლივობის (40-50 დღე) დაახლოებით რვა პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მდედრი ბუზები, მამრ ბუზებთან შედარებით, ნაკლებ ძილს საჭიროებდნენ, გასაკვირია, რომ ისინი ხანგრძლივი უძილობის მიმართ უფრო მგრძნობიარენი გამოდგნენ.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ექსპერიმენტი ლაბორატორიის მიერ კონტროლირებულ პირობებშია ჩატარებული. ბუნებაში, დიდი ალბათობით, გამოუძინებელი ბუზები უფრო მალე დაიხოცებოდნენ, რადგან მათ მტაცებლები უფრო ადვილად შეჭამდნენ.
"უძილობის გამო მათ შესაძლოა ბუნებაში ადეკვატურად ვეღარ იფუნქციონირონ, ისევე როგორც, მაგალითად, ვიცით, რომ გამოუძინებელი ადამიანი ავტოავარიის მომატებული რისკის ქვეშაა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უძილობას ბუზებზე არანაირი გავლენა არ აქვს, პირიქით, მომდევნო ექსპერიმენტებში ჩვენ შევამოწმებთ, თუ რა გავლენას ახდენს უძილობა მათ სხვადასხვა უნარებზე, ამ კვლევაში კი მხოლოდ იმის გარკვევას ვცდილობდით, შეუძლია თუ არა უძილობას სიკვდილის გამოწვევა", - აცხადებს ჯილესტრო.
როდესაც გამოუძინებელ ბუზებს დაძინების საშუალება მისცეს, მათ პირველი ორი დღის განმავლობაში უფრო ხანგრძლივი დროით ეძინათ, შემდეგ კი ისინი რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
გასათვალისწინებელია, რომ ცხოველებში ძილი ხშირად უმოძრაობით იზომება. თუმცა, ბუზების ძილის ერთ-ერთმა პირველმა შემსწავლელმა პროფესორმა The New York Times-ს განუცხადა, რომ ბუზების მიკრომოძრაობები, რომლებსაც გუნდი ღვიძილად თვლიდა, შესაძლოა ძილის რეჟიმში ხდებოდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა ბუზები წამიერად მაინც იძინებდნენ, რასაც მეცნიერები ვერ აფიქსირებდნენ, ამ ხანმოკლე ძილს კი შესაძლოა საკუთარი ფუნქცია მაინც შეესრულებინა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კვლევის ავტორებმაც გააკეთეს.
"ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ექსპერიმენტებში ბუზებს მცირე დროით მაინც ეძინათ, ეს კი შესაძლოა მათ ძილის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევდა", - აცხადებენ ავტორები.
კომენტარები