გაიცანით ნეპტუნის ახლადაღმოჩენილი მთვარე - ჰიპოკამპი
ის ტელესკოპებში პაწაწინა წერტილად მოჩანს, თუმცა მეცნიერებმა როგორც იქნა დაადასტურეს, რომ ეს ძვირფასი პიქსელები ნეპტუნის მე-14 მთვარეს წარმოადგენენ.
მთვარეს ჰიპოკამპი ეწოდა, რომელიც მითოლოგიური ზღვის ცხენის სახელია. ჰიპოკამპი ნეპტუნის ყველაზე პატარა მთვარეა, მისი დიამეტრი მხოლოდ 34 კილომეტრია. მთვარე პირველად 2013 წელს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებში აღმოაჩინეს.
პირველად დაფიქსირებიდან მის მთვარედ ოფიციალურად აღიარებამდე დიდი დრო გავიდა, ამის მიზეზი ისაა, რომ ჰიპოკამპი ძალიან მკრთალია, რის გამოც მის შესასწავლად სპეციფიკური ოპტიკური საშუალებები იყო საჭირო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტრონომები პატარა ქალაქის ხელა ობიექტს 4,6 მილიარდი კილომეტრის დაშორებიდან სწავლობდნენ. მარკ შოვალტერი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა გუნდმა ჰიპოკამპი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით სამ სხვადასხვა დროს შეისწავლა.
Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ჰიპოკამპი კიდევ უფრო მხარს უჭერს და ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ნეპტუნის შიდა მთვარეები პლანეტარული შეჯახებების შედეგად გაჩნდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჰიპოკამპი შესაძლოა ნეპტუნის მეორე ყველაზე დიდი მთვარის, პროტეუსის ფრაგმენტი იყოს, რომელიც შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
პროტეუსის ზედაპირს შეჯახებების მრავალი კვალი ეტყობა, ერთ-ერთია 150-მეტრიანი კრატერი, რომელსაც ფაროსი ეწოდება. მეცნიერების თქმით, ჰიპოკამპი აღნიშნული კრატერიდან ამოფრქვეული მასის მხოლოდ ორ პროცენტს უნდა წარმოადგენდეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჰიპოკამპი მართლაც პროტეუსზე მომხდარი შეჯახების შედეგია. ჰიპოკამპის ორბიტა ნეპტუნიდან 105 000 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა მას პროტეუსთან მხოლოდ 12 000 კილომეტრი აშორებს, რაც მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ეს ორი მთვარე ერთმანეთთან კავშირშია.
თუ პროტეუსზე არსებული კრატერისა და ჰიპოკამპის ზომას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნეპტუნის გარშემო კიდევ სხვა მთვარეც უნდა იმალებოდეს, რომელიც იმავე შეჯახებას უნდა წარმოექმნა, რომელმაც ჰიპოკამპი წარმოქმნა.
ამჟამად მიჩნეულია, რომ ნეპტუნს ჩამოყალიბებისას მთვარეების სისტემა გააჩნდა, თუმცა შემდეგ მის ორბიტაზე ტრიტონი მოხვდა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ ჯუჯა პლანეტა იყო, ნეპტუნის სისტემაში ტრიტონის შემოსვლამ პლანეტის სიახლოვეს ქაოსი გამოიწვია, რის შედეგადაც თავდაპირველი მთვარეები განადგურდა, ხოლო ახლები კი ჩამოყალიბდა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნეპტუნის შიდა ორბიტაზე არსებული მთვარეები უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე თავად პლანეტა.
კომენტარები