წყალი დედამიწის ჩამოყალიბებამდე 9 მილიარდი წლით ადრე წარმოიქმნა — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, წყალი სამყაროში დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა — ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე დედამიწის ჩამოყალიბებამდე მილიარდობით წლით ადრე შეიძლება გაჩენილიყო.

ფოტო: NASA
როგორც ჩანს, წყალი სამყაროში ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სიცოცხლის წარმოქმნა მილიარდობით წლით უფრო ადრე შეიძლებოდა, ვიდრე მეცნიერები ამას უშვებდნენ.
წყალი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ინგრედიენტია სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ, მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ, თუ როდის შეიძლება გაჩენილიყო ის სამყაროში.
ახალი კვლევის თანახმად, დიდი აფეთქებიდან 200 მილიონი წლის შემდეგ სამყაროში წყალი უკვე არსებობდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ წყალი დიდი აფეთქებიდან მილიარდობით წლის შემდეგ გაჩნდა.
ადრეული სამყარო მშრალი იყო, რადგან ის ძირითადად ძალიან მარტივი ელემენტებისგან შედგებოდა, როგორიცაა წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი. სამყაროში არ იყო მძიმე ელემენტები მანამ, სანამ პირველი ვარსკვლავები არ აფეთქდა. ასეთი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ზეახალი ვარსკვლავებია ის, რაც მსუბუქ ელემენტებს მძიმე ელემენტებად გარდაქმნის.
"ჟანგბადი ასეთი ზეახალი ვარსკვლავების გულში ყალიბდება და წყალბადთან ერთად ის წყალს წარმოქმნის. სწორედ ასე ეხსნება გზა სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტებს", — თქვა კვლევის თანაავტორმა დანიელ უალენმა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ წყალი თავად ზეახალში არ ჩნდება, არამედ მოგვიანებით, კოსმოსურ ღრუბლებში ჟანგბადისა და წყალბადის შეერთებით ყალიბდება.
მკვლევრებმა წყლის გაჩენის დროის დასადგენად უძველესი ზეახალი ვარსკვლავები, სახელად Population III გამოიკვლიეს. ეს უძველესი ვარსკვლავებია, რომლებიც დიდი აფეთქებიდან მალე წარმოიქმნა. ეს ვარსკვლავები უმეტესად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგებოდა და ძალიან დიდი მასის გამო სწრაფად გარდაიქმნებოდა ზეახალებად.
მეცნიერებმა შექმნეს ამ უძველესი ზეახალების მოდელები, რათა გაერკვიათ, როდის წარმოიქმნა ჟანგბადი — წყლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ Population III ზეახალების წყალობით გაჩნდა სივრცეში ჟანგბადი, რომელმაც მოგვიანებით წყალბადთან ერთად წყლის ფორმირება გახადა შესაძლებელი.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დიდი აფეთქებიდან მალევე, ზეახალს უკვე შეეძლო წარმოექმნა გაზის მკვრივი გროვა, რომელიც წყალს შეიცავდა.
"ამით ვამბობთ, რომ სიცოცხლის ფორმირებისთვის აუცილებელი პირობები იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა — ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ადრეული სამყაროს გაგებაში", — თქვა უალენმა.
ეს გვეუბნება იმას, რომ უცხო ცივილიზაციები, შესაძლოა, მილიარდობით წლით ადრე ჩამოყალიბებულიყო, ვიდრე დედამიწა. შესაბამისად, შეიძლება არსებობს ცივილიზაცია, რომელიც მილიარდობით წლით გვისწრებს.
კვლევა ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები