უკვე ოფიციალურია: ანტარქტიკის თავზე ოზონის ხვრელი პატარავდება
მკვლევართა პროგნოზით, ანტარქტიკის თავზე ოზონის შრე დაახლოებით 10 წელში სრულად აღდგება.

ფოტო: NOAA Climate
ახალი კვლევით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ანტარქტიკის თავზე ოზონის ხვრელი ქრება.
ახალი ნაშრომი მაღალი სტატისტიკური სანდოობით აჩვენებს, რომ ოზონის ხვრელი აქტიურად პატარავდება, ეს კი არა ამინდის ბუნებრივი ცვალებადობის, არამედ პირდაპირ იმის შედეგია, რომ ოზონდამშლელი ნივთიერებები შემცირდა. ამაზე არაერთი ფაქტი მიანიშნებდა, თუმცა ნაშრომი პირველია, რომელმაც ეს ასეთი სიზუსტით დაადასტურა.
კვლევას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერები უძღვებოდნენ.
"ბევრი რაოდენობრივი მონაცემი მიუთითებდა იმაზე, რომ ოზონის ხვრელი პატარავდება. ეს რეალურად პირველი კვლევაა, რომელიც განსაზღვრულ სანდოობას გვაძლევს ოზონის შრის აღდგენის შესახებ", — ამბობს სუზან სოლომონი, კვლევის ავტორი და MIT-ის მკვლევარი ატმოსფერული ქიმიის მიმართულებით — "95%-იანი სანდოობით, დასკვნა ისაა, რომ შრე აღდგენის პროცესშია. ეს გასაოცარია და იმაზე მეტყველებს, რომ მართლაც შეგვიძლია გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება".
ოზონის შრე სტრატოსფეროს რეგიონია დედამიწის ზედაპირიდან 15-30 კილომეტრით ზემოთ. აირადი ნივთიერება ოზონი მასში იმაზე დიდი რაოდენობით გვხვდება, ვიდრე ატმოსფეროს სხვა ნაწილებში.
ოზონი მზის საზიანო ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს და ჩვენი პლანეტისთვის ფარის როლს ასრულებს. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ ანტარქტიკის თავზე ოზონის შრეში ნაპრალი ჩნდებოდა. ეს უმთავრესად ქლორფტორონახშირბადებმა (CFC-ები) გამოიწვია — სინთეზურმა ნაერთებმა, რომლებსაც აეროზოლებში, გამხსნელებსა და მაგრილებელ აგენტებში აქტიურად იყენებდნენ. CFC-ები სტრატოსფეროში შეღწევისას ქლორის ატომებს გამოყოფს, რომლებიც ოზონის მოლეკულების დაშლას უწყობს ხელს.
ოზონის შრე განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსზეა დაზიანებული. ამას ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა, პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები და პოლარული მორევები განაპირობებს. ეს გარემოებები ოზონდამშლელ ქიმიკატებს აკავებს, შედეგად კი გაზაფხულზე შრის დაზიანება მძაფრდება.
სუზან სოლომონი, ახალი კვლევის ავტორი, ერთ-ერთი პირველი მეცნიერი იყო, რომელიც ოზონის შრის დაზიანების საკითხს იკვლევდა. იგი 1986 წელს ანტარქტიკაში გაემგზავრა იმის დასადასტურებლად, რომ ამას CFC-ები იწვევდა.
მოპოვებულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედა. ეს ასეც მოხდა: 1987 წლიდან მოყოლებული ევროპის კავშირმა და 197-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი მონრეალის პროტოკოლზე, რომლითაც ოზონდამშლელი ნივთიერებები აიკრძალა, მათ შორის CFC-ებიც.
გასული ათწლეულის განმავლობაში არაერთი ფაქტი მიანიშნებდა, რომ ოზონის ხვრელი ყოველწლიურად უფრო პატარავდებოდა — განსაკუთრებით სექტემბერში, როცა ანტარქტიკაში თბება და ნაპრალი იხსნება. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამის დადასტურებას სიფრთხილით მოეკიდნენ, რადგან, სოლომონის თქმით, ატმოსფეროში გარემოებები საკმაოდ ქაოსურად იცვლება, ამან კი შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს.
15-წლიანი დაკვირვების მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, ამის საფუძველზე კი მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მათი პროგნოზით, ანტარქტიკის თავზე ოზონის შრე დაახლოებით 10 წელში სრულად აღდგება.
ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები