როდის და როგორ მოხვდნენ შინაური კატები ჩინეთში
ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ დიპლომატებისა და ვაჭრების თანმხლები კატები, აბრეშუმის გზის გავლით მოხვდნენ ჩინეთში.

ფოტო: Hunan Museum Collection Database
როგორც კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების დნმ-ის ანალიზი აჩვენებს, ჩინეთში შინაური კატები პირველად დაახლოებით 1 400 წლის წინ გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტის გავლით.
ახალი გარემოებით, რომელიც "გამორჩეულ აღმოჩენად" შეფასდა, ირკვევა, რომ შინაური კატები აღმოსავლეთ აზიაში ასეულობით წლით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ამას წინა კვლევები გვიჩვენებდა. გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ ეს ცხოველები ადგილობრივ ელიტებში მაშინვე პოპულარულები გახდნენ.
"კატები თავდაპირველად იშვიათ, ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებად ითვლებოდნენ. კატების ქცევა და ცვალებადი ხასიათი, რომელიც ხან დამოუკიდებლობაში გამოიხატებოდა, ხან კი მოსიყვარულებაში, მათ იდუმალებას მატებდა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, შუ-ჯინ ლუომ, პეკინის უნივერსიტეტის გენომური მრავალფეროვნებისა და ევოლუციის ლაბორატორიის მთავარმა მკვლევარმა.
თანამედროვე შინაური კატები (Felis catus) აფრიკული ველური კატების (Felis silvestris lybica) შთამომავლები არიან. წინა კვლევები მიუთითებს, რომ პირველად ველურმა კატებმა ადამიანებთან თანაცხოვრება, დაახლოებით 10 ათასი წლის წინ ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს, შემდეგ კი ევროპაში დაახლოებით 3 ათასი წლის წინ გავრცელდნენ.
კვლევის მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვით, დაახლოებით 600 წელს, ვაჭრებმა და დიპლომატებმა შინაური კატები ჩინეთში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალური აზიის გავლით ჩაიყვანეს. შუ-ჯინ ლუოს თქმით, ისინი ადგილობრივ დიდებულებს საჩუქრად გადასცეს.
არქეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ შინაური კატების ჩამოსვლამდე, სოფლად მცხოვრები ადამიანები ადგილობრივ ბენგალურ კატებთან (Prionailurus bengalensis) თანაცხოვრობდნენ. მკვლევრებმა 5 400 წლის წინანდელი ბენგალური კატის ძვლები უძველეს სოფელში, ჩრდილო-დასავლეთ შენსის პროვინციაში, იპოვეს. აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები და კატები ერთსა და იმავე ეკოსისტემაში თანაცხოვრობდნენ.
თუმცა, ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ურთიერთობა კატების მოშინაურებად არ უნდა ჩავთვალოთ. გარდა ამისა, გავრცელებული შეხედულება, რომ კატების მოშინაურება ჩინეთში ხანის დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 206 - ახ. წ. 220) მოხდა, მტკიცებულებებს მოკლებულია, რადგან ამ პერიოდის შინაური კატების არქეოლოგიური ნამარხები არ მოიპოვება. საჭირო გახდა შინაური კატების ჩინეთში მოხვედრის დროისა და პროცესის სრული გადააზრება.
მძიმე და კომპლექსური ამოცანა

ტანგის დინასტიის ნახატი (829 წელს) არის შინაური კატების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება ჩინეთში.
ფოტო: Chinese Archaeology
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ლუომ და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს 22 კატისებრთას ნაშთი, რომლებიც ჩინეთის 14 არქეოლოგიურ სამარხში აღმოაჩინეს. მათი ასაკი დაახლოებით 5 ათასი წელია. მკვლევრებმა პირველ რიგში ამ ძვლების ბირთვული და მიტოქონდრიული დნმ გაშიფრეს, რათა თითოეული სახეობა დაედგინათ. ეს მონაცემები შეადარეს ადრე გამოქვეყნებული 63 ბირთვული და 108 მიტოქონდრიული გენომის მონაცემს, რომლებიც კატების ევოლუციას მსოფლიო მასშტაბით ასახავდა.
"ეს ჩინეთში მცხოვრები მცირე კატისებრთას ადამიანებთან თანაცხოვრების ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი კვლევაა. არქეოლოგიური ნიმუშების შეგროვება და კატების ნაშთების გამოკვლევა ურთულესი ამოცანა იყო", — განაცხადა ლუომ.
22 კატიდან, რომლებიც ჩინეთის არქეოლოგიური სამარხებიდან შეისწავლეს, 14 შინაური აღმოჩნდა. უძველესი ნაშთები ტონგუანში, შენსის პროვინციაში იპოვეს. ნახშირბადის მეთოდის გამოყენებით, ისინი ახ. წ. 730 წლით დათარიღდა. ეს მონაცემი მიუთითებს, რომ შინაური კატები ჩინეთში ხანის დინასტიის დასრულების შემდეგ მოხვდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ 14-ვე შინაურ კატას მიტოქონდრიულ დნმ-ში clade IV-B-ს სახელით ცნობილი გენეტიკური ნიშანი ჰქონდა. ეს ნიშანი იშვიათია ევროპისა და დასავლეთ აზიის კატებში, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს მსგავსი ნიშანი ყაზახეთში მცხოვრები კატის დნმ-ში, რომელიც ახ. წ. 775-940 წლებით თარიღდება.
ყაზახეთში ნაპოვნი ეს ნამარხი, აბრეშუმის გზაზე აღმოჩენილი შინაური კატების ნაშთებს შორის, უძველესია. ეს აღმოჩენა დამატებით მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ კატები სავაჭრო მარშრუტით გავრცელდნენ აღმოსავლეთ აზიაში.
იშვიათი შეფერილობები
მკვლევართა აზრით, ჩინეთის ელიტისთვის საჩუქრად გადაცემული კატები, დიდი ალბათობით, სრულიად თეთრები ან თეთრ კოპლებიანები იყვნენ. ტონგუანში, ნამარხზე ჩატარებული დნმ-ის ანალიზი მიუთითებს, რომ ის ჯანმრთელი მამრი კატა იყო გრძელი კუდითა და მოკლე, შესაძლოა, სრულად ან ნაწილობრივ თეთრი ბეწვით. დღესაც, აღმოსავლეთ აზიაში თეთრი კატების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რაც, შესაძლოა, სწორედ ამ უძველესი კატების გენეტიკურ მემკვიდრეობას უკავშირდებოდეს.
შინაური კატების პოპულარობა ჩინეთში, მათმა ხალხურ რწმენებსა და რელიგიაში ინტეგრაციამაც განაპირობა. ლუოს თქმით, "უძველესი ჩინელები სპეციალურ რიტუალებს ატარებდნენ, როდესაც კატა სახლში მოჰყავდათ. მათ აღიქვამდნენ არა როგორც არაფრით გამორჩეულ ქმნილებებს, არამედ როგორც პატივსაცემ სტუმრებს."
სმითსონის ინსტიტუტის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის არქეოზოოლოგმა მელინდა ზედერმა, რომელიც ახალ კვლევაში არ მონაწილეობდა, სამეცნიერო ჟურნალში განაცხადა, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვანია კატების ჩინეთში გავრცელების პროცესის გასაგებად. "მათი დაკავშირება აბრეშუმის გზასთან მართლაც დიდი სიახლეა. ეს გამორჩეული აღმოჩენაა", — აღნიშნა მან.
კომენტარები