ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე ახალი სისტემა გამოუშვეს, სახელად Manus. მისი შემქმნელები — კომპანია The Butterfly Effect — მას "მსოფლიოში პირველ" სრულად ავტონომიურ AI აგენტს უწოდებენ. ამტკიცებენ, რომ მას კომპლექსური მოქმედებების შესრულება დამოუკიდებლად, ადამიანის მითითებების გარეშე, შეუძლია.

AI აგენტი შეგვიძლია დამოუკიდებელი AI-სკენ წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ, თუმცა იგი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია ხელმისაწვდომი (ანუ მისი გამოცდა ყველას არ შეგვიძლია) და დასახვეწია. ცხადია, ავტონომიური AI სისტემის პერსპექტივა არაერთ კითხვისნიშანს აჩენს სამსახურებში ადამიანების ჩანაცვლების შესახებ.

ცნობისთვის, Manus ჩინეთმა DeepSeek-ის გამოშვებიდან მალევე წარმოგვიდგინა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ავტონომიური აგენტის შექმნა შეგვიძლია ჩინეთის კიდევ ერთ "იერიშად" მივიჩნიოთ აშშ-ისა და ჩინეთის AI ბრძოლაში.

ასევე იხილეთ: "ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია

როგორ მუშაობს Manus

ეს AI აგენტი ასინქრონულად მუშაობს, ანუ მოქმედებებს ფონურ რეჟიმში ასრულებს და ადამიანის მუდმივი მეთვალყურეობა არ სჭირდება. როცა დავალებას შეასრულებს, იგი მომხმარებელს ამის შესახებ ატყობინებს.

ჩვეულებრივ, AI ჩატბოტებს — იქნება ეს ChatGPT, Gemini თუ DeepSeek — მოქმედებისას ადამიანის მითითებები სჭირდება ხოლმე. მეორე მხრივ, Manus-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ამ აგენტს შეუძლია, გადაწყვეტილებები პროაქტიულად და დამოუკიდებლად მიიღოს. სხვა სიტყვებით, Manus-ს სამოქმედოდ ინსტრუქციების ლოდინი ყოველთვის არ სჭირდება.

მაგალითისთვის, თუკი ადამიანი Manus-ს ეტყვის, "მიპოვე ბინა", აგენტი მოკვლევას ჩაატარებს, რამდენიმე ფაქტორს (არეალში კრიმინალის სიხშირე, ამინდი, საბაზრო ტენდენციები და ა. შ.) შეაფასებს და მომხმარებელზე მორგებულ რეკომენდაციებს გასცემს.

ერთი AI მოდელის გამოყენების ნაცვლად, Manus აღმასრულებლის ფუნქციას ითავსებს და კონკრეტული "სპეციალობით" მომუშავე რამდენიმე ქვეაგენტს მართავს. შედეგად აგენტი შედარებით კომპლექსურ, რამდენიმე ნაბიჯისგან შემდგარ, დავალებებს ასრულებს. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, მაგალითად, მას უძრავი ქონების შეძენაც შეუძლია და ვიდეოთამაშების დაპროგრამებაც.

უკვე კარგად ნაცნობი ჩატბოტებისგან განსხვავებით, ავტონომიური ბუნების გამო Manus-ს ადამიანების ჩანაცვლების მეტი პოტენციალი აქვს — თუ, რა თქმა უნდა, იგი მართლაც ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდება, როგორც შემქმნელები ამტკიცებენ. პლატფორმა TechCrunch-ის რეპორტიორმა, კაილ უიგერსმა, Manus გამოცადა და თავის შეფასებას გვიზიარებს, რომელიც ამ ეტაპზე არცთუ სახარბიელოა.

მან პლატფორმას პირველად საკმაოდ მარტივი რამ სთხოვა: ქათმის სენდვიჩი შეეკვეთა სწრაფი კვების იმ ობიექტებიდან, რომლებსაც ყველაზე კარგი შეფასებები ჰქონდა და ახლომახლო მდებარეობდა. დაახლოებით 10 წუთში Manus გაიჭედა. მეორე მცდელობაზე აგენტმა აღნიშნულ კრიტერიუმებზე მორგებული პროდუქტი იპოვა, თუმცა შეკვეთა ვერ დაასრულა და მომხმარებელს გადახდის ბმულიც კი ვერ მიაწოდა.

ფოტო: TechCrunch, Manus

Manus-მა მსგავსადვე გაართვა თავი სხვა დავალებებსაც, რომელთა შორის იყო ფრენის დაჯავშნა ნიუ-იორკიდან იაპონიამდე. ინსტრუქციების მიღების შემდეგ აგენტმა ავიახაზების ვებსაიტებიდან უბრალოდ ფასების ბმულები ჩაყარა, რომელთაგან ზოგი ხარვეზიანი აღმოჩნდა.

ცხადია, პერფორმანსის შეფასებისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ Manus ახლახან შეიქმნა და ჯერ საკმაოდ დასახვეწია. კომპანია აცხადებს, რომ გამოთვლითი სიმძლავრის გაზრდასა და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს.

მანამ, სანამ ეს მოხდება, Manus შეგვიძლია რაღაც ახლისა და საინტერესოს პირველად ვერსიად მივიჩნიოთ — პირველად ვერსიად აგენტისა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს: შეარჩიოს თანამშრომლები, შექმნას პროფესიონალური ვებსაიტები ან სხვადასხვა ტექნოლოგიური პრობლემა გადაჭრას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.