ჩინეთის მღვიმეებში აღმოაჩინეს თევზები, რომლებიც ევოლუციას ჩვენს თვალწინ განიცდიან

ფოტო: Zoosystematics and Evolution
მეცნიერებმა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მღვიმეებში აქამდე უცნობი ოქროსფერი თევზის სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ევოლუციას განიცდის, რათა ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირდეს.
ესაა Sinocyclocheilus-ის გვარში შემავალი თევზი, რომელიც მხოლოდ ჩინეთში არსებულ მღვიმეებში ან მათ მიმდებარედ გვხვდება. ზოგიერთმა ასეთმა არსებამ ევოლუციის პროცესში თვალებიც დაკარგა, რადგან ისეთ პირობებში უწევთ ყოფნა, სადაც სინათლე ვერ აღწევს. შესაბამისად, მხედველობის ორგანო უბრალოდ არ სჭირდებათ.
ახალაღმოჩენილ სახეობას მკვლევრებმა S. xingrenensis უწოდეს ქალაქ სინჟენის პატივსაცემად, რომლის მახლობლადაც მას მიაგნეს. ამ თევზებს დიდი თვალები აქვთ, მაგრამ ქერცლები არ გააჩნიათ. ეს მიანიშნებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ევოლუციას განიცდიან, რათა გარემოს მოერგონ.
წინა კვლევამ აჩვენა, რომ ამ გვარის თევზებმა მღვიმეებს მაშინ მიაშურეს, როცა ჩინეთის ტერიტორია შედარებით მშრალი ხდებოდა. ეს მიოცენისა (23-5.3 მილიონი წლის წინ) და პლიოცენის (5.3-2.7 მილიონი წლის წინ) ეპოქებში მოხდა. მათი ევოლუციური ისტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ S. xingrenensis-მა და სხვა სახეობებმა ქერცლები პლეისტოცენის პერიოდში (2.6 მილიონი-11 700 წლის წინ) დაკარგა. Sinocyclocheilus-ის გვარის ზოგიერთ თევზში ამ დროსვე დაიწყო თვალების გაქრობაც.
"ეს მიანიშნებს, რომ მღვიმეების თევზების უმეტესობა ასეთ ეკოსისტემაში რამდენიმე მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობდა. ამის, ასევე თვალებისა და ქერცლის დაკარგვის მიხედვით, ვვარაუდობთ, რომ ახალი სახეობა მღვიმეში ადაპტაციისთვის გარდამავალ ევოლუციურ პროცესს განიცდის", — აცხადებენ მეცნიერები.
აქამდე Sinocyclocheilus-ში 80 სახეობა შედიოდა, S. xingrenensis კი 81-ე არის. მას უსწორმასწორო შავი ლაქები და რქოვანი წანაზარდის არქონა გამოარჩევს. მათი სიცოცხლის ციკლი დღის იმ მონაკვეთებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როცა სინათლეს იღებენ. სხივებს ისინი ჯერ კიდევ აფიქსირებენ, რადგან დიდი თვალები აქვთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Zoosystematics and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები