მეცნიერებმა დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის სახის ძვლების ასაკი დაადგინეს, რომელიც 1.1-დან 1.4 მილიონ წლამდეა. მისი მახასიათებლები არ შეესაბამება ჰომო ანტესესორის სახეობის წარმომადგენლებისას, რომლებიც ევრაზიის ამ რეგიონის პირველ მოსახლეებად მიიჩნევიან. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ საქმე აქამდე უცნობ პოპულაციასთან გვაქვს.

ამ პრეისტორიულ ძვლებს ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ატაპუერკას არქეოლოგიურ ზონაში მიაკვლიეს. თავად ინდივიდს "Pink" უწოდეს, სახეობას კი — Homo affinis erectus, რადგან ის ჰომო ერექტუსს მოგვაგონებს.

"ეს აღმოჩენა ევროპაში ადამიანის ევოლუციური ისტორიის ახალ აქტორს წარმოგვიდგენს, Homo affinis erectus-ს. მისი დახმარებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადრეული პლეისტოცენის პერიოდში ევროპაში ადამიანთა ერთზე მეტი სახეობა ცხოვრობდა. ასევე, დასავლეთ რეგიონის პირველი მოსახლე ჰომო ანტესესორი არ ყოფილა, როგორც აქამდე გვეგონა", — ამბობს გათხრების კოორდინატორი, როზა ჰაჯეტი.

Homo aff. erectus-ის სახის ფრაგმენტი.

ფოტო: Maria D. Guillén / IPHES-CERCA

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეს ჰომო ერექტუსი იყოს, რადგან მსგავსება დიდია. ამის მიუხედავად, მახასიათებლებში არის სხვაობები, რომლებიც დამოუკიდებელ სახეობაზე გვაფიქრებინებს. ასეა თუ ისე, უკანასკნელი მიგნება ადამიანთა გავრცელებისა და ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

აფრიკის გარეთ ადამიანთა უძველესი ნაშთები საქართველოშია მიკვლეული და ისინი 1.8 მილიონი წლით თარიღდება. დმანისში ნაპოვნი ჩონჩხები ჰომო ერექტუსის წინარე პოპულაციას მოგვაგონებს, მაგრამ აღნიშნული საკითხი სადავოა. აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში პირველად სწორედ ეს სახეობა (ჰომო ერექტუსი) გამოჩნდა, მაგრამ დასავლეთ ნაწილში უძველესი ნამარხი ჰომო ანტესესორისაა.

ამ ნაშთებს ატაპუერკას არქეოლოგიურ ზონასთან ახლოს მიაგნეს და 800 000-900 000 წლით დაათარიღეს. "Pink" მასზე ბევრად ძველია და სახის სხვაგვარი მორფოლოგიით გამოირჩევა. ეს მიანიშნებს, რომ ის აქამდე უცნობი პოპულაციის წარმომადგენელია, რომელმაც დასავლეთ ევროპაში ჰომო ანტესესორამდე ჩააღწია.

ამ უკანასკნელის სახე უფრო ჰომო საპიენსისას წააგავდა, Homo affinis erectus-ისა კი შედარებით პრიმიტიული უნდა ყოფილიყო — ცხვირის არასაკმარისად განვითარებული სტრუქტურით (ერექტუსის მსგავსად). იმასაც აღნიშნავენ, რომ "Pink" დმანისის ჰომინინებისგანაც განსხვავდება და ამ ორ პოპულაციას შორის ერთგვარ გარდამავალ ევოლუციურ სივრცეს ავსებს.

სახის ფრაგმენტთან ახლოს ნაპოვნი ცხოველთა დამუშავებული ძვლები და ქვის იარაღები მიუთითებს, რომ Homo affinis erectus საკმაოდ გამოცდილი მონადირე იყო. ახლა მეცნიერებს აინტერესებთ, გადაიკვეთა თუ არა ეს სახეობა ჰომო ანტესესორთან, რის დასადგენადაც დამატებითი არქეოლოგიური მტკიცებულებებია საჭირო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.