ცნობილია, რომ ჯანმრთელობისთვის ძილი უმნიშვნელოვანესია, ამ დროს ადამიანის ტვინი დღის განმავლობაში ნეირონებს შორის ჩამოყალიბებულ კავშირებსა და მიღებულ ინფორმაციას ახარისხებს.

ამ პროცესს სინაფსური ჰომეოსტაზი ეწოდება, მისი საშუალებით ტვინი ზედმეტი და გამოუსადეგარი ინფორმაციისგან იცავს თავს. აღნიშნული პროცესი ჩვენი ტვინის კოგნიტურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, სიზმრები კი ინფორმაციის დამახსოვრებაში მონაწილეობს.

როგორც ჩანს, ძილის დადებითი გავლენა შესაძლოა ხელოვნურ ნეირულ ქსელებზეც (ANN) ვრცელდებოდეს.

ANN ბიოლოგიურ ნეირულ ქსელებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის (AI) ერთ-ერთი ტიპია, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ნეირულ ქსელებს თავისით, ინსტინქტურად დაძინება არ შეუძლიათ, ამის გამო მათემატიკოსებმა სპეციფიკური, ძილის უნარის მქონე ANN დააპროგრამეს, რომელსაც ჰოპფილდის ქსელი ეწოდება.

"აღნიშნული AI ძუძუმწოვრების ტვინში არსებული ძილისა და სიზმრების მექანიზმზე დაყრდნობით ავაგეთ, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ორი რეჟიმი გააჩნია, ერთ-ერთია სტანდარტული (ღვიძილი) დასწავლის მექანიზმი, რომლის დროსაც ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება ხდება, მეორე კი ე.წ. ძილის რეჟიმი, რა დროსაც მიღებული ინფორმაცია იფილტრება და მუშავდება", - ნათქვამია სტატიაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ANN-ს ღვიძავს, ის ინფორმაციას სწავლობს და ინახავს, თუმცა ამ დროს მისი მახსოვრობა შეზღუდულია.

მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტში ადამიანის ძილის ორი რეჟიმი ჩააშენეს - სწრაფი და ნელი ძილი. სწრაფი ძილის რეჟიმში ხელოვნური ინტელექტი უსარგებლო ინფორმაციას შლის, ნელი ძილისას კი ის დარჩენილ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამუშავებს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მეცნიერებმა შესანიშნავი შედეგი მიიღეს. ძილის რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში, სტანდარტულ რეჟიმთან შედარებით, ალგორითმი დაახლოებით 7-ჯერ უფრო ეფექტური იყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიოლოგიური ორგანიზმების გარდა, ძილი შესაძლოა ხელოვნური ინტელექტისთვისაც აუცილებელი იყოს", - აცხადებს სალენტოს უნივერსიტეტის მათემატიკოსი ადრიანო ბარა.

კვლევა ჟურნალ Neural Networks-ში გამოქვეყნდა.