მწერები გადაშენების ზღვარზე — მსოფლიო საფრთხის წინაშე დგას
მსოფლიოში მწერების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს - თუ დედამიწაზე მწერები გადაშენდებიან, ამას კაცობრიობაზე უდიდესი გავლენა ექნება.
მსოფლიოში მწერების რაოდენობის სწრაფი კლება ჟურნალ Biological Conservation-ში გამოქვეყნებულ ახალ მეტაანალიზშია აღწერილი, რომელშიც მწერების გადაშენების საკითხზე სხვადასხვა დროს ჩატარებული 73 კვლევაა გაანალიზებული.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში გავრცელებული მწერების 40 პროცენტი შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში გადაშენდეს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რომელსაც მწერები მცენარეების დამტვერვაში თამაშობენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერები დედამიწაზე მცხოვრები ხმელეთის ცხოველების ორ მესამედს შეადგენენ.
"თუ მწერების გადაშენების პროცესს ვერ შევაჩერებთ, ეს დედამიწისა და კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება", - აცხადებს კვლევის ავტორი ფრანჩესკო სანჩეზ-ბაიო The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბოლო 25-30 წელია დედამიწაზე ყოველწლიურად მწერების 2,5 პროცენტი ქრება.
ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ბოლო 60 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებაა. სოფლის მეურნეობას კი თავისმხრივ მივყავართ გარემოს დაბინძურებამდე, მწერების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებასა და სასუქებისა და პესტიციდების გახშირებულ გამოყენებამდე. შესაბამისად, მწერების გაქრობაში უდიდესი წვლილი საკვების წარმოებას მიუძღვის, რის გამოც მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა ამჟამინდელი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკების გადახედვა (განსაკუთრებით პრობლემურია პესტიციდების ხშირი გამოყენების საკითხი) და ახალი, მდგრადი განვითარების სტრატეგიების შექმნა.
"დასკვნა აშკარაა: თუ ჩვენ საკვების წარმოების მეთოდებს არ შევცვლით, რამდენიმე ათწლეულში მწერების გადაშენების საკითხი დდგება", - ნათქვამია კვლევაში.
მეტაანალიზში განხილული კვლევების დაახლოებით შვიდ პროცენტში მწერების გადაშენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილებებიც სახელდებოდა. მეტაანალიზში ნახსენებია, თუ როგორ შეამცირა ნემსიყლაპიების, მეგაზაფხულეებისა და დიდი ფუტკრების გავრცელების არეალი ტემპერატურების გლობალურმა მატებამ.
მომავალში ტემპერატურის მატება კი უარყოფით გავლენას კიდევ უფრო მეტ სახეობაზე მოახდენს. ეს კვლევები განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან მწერები ეკოსისტემებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. პეპლები და ჩრჩილები კი, რომლებიც მცენარეების განაყოფიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ როლს ასრულებენ, გაუარესებული გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ 1980 წლის შემდეგ, დღის ჩრჩილების 733 სახეობიდან 85-მა პროცენტმა მნიშვნელოვანი რაოდენობრივი კლება განიცადა.
"მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ამჟამად დედამიწაზე დიდი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პლანეტაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს", - ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები