ვის ეშინია კომიქსების?
სტუდენტობისას ვინმე თუ მკითხავდა, ჟურნალისტიკაზე რატომ ჩააბარეო, დაუფიქრებლად ვპასუხობდი, ლუის ლეინის გამო-მეთქი. მგონი, პასუხის ლაკონიურობა და ორიგინალურობა მხიბლავდა და ბოლომდე გულწრფელი არ ვიყავი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ლუის ლეინი მართლა მომწონდა - მერე რა, რომ როგორც კი მისი შეყვარებული სათვალეს მოიხსნიდა, რომ მოგეკლა, ვეღარაფით ცნობდა. ეს უცნაური თვისება, - თუ რა დავარქვა, არც კი ვიცი,- მეტროპოლისის ჩახლართული კრიმინალური ამბების გამოხლართვაში ოდნავადაც არ უშლიდა ხელს. ლუის ლეინი მაგარი გოგო იყო - დღემდე არის - და მის გარდა სხვა ღირებული პერსონაჟი რომ არ შეექმნა კომიქსების სამყაროს, მარტო მისი არსებობისთვის ვიქნებოდი საუკუნოდ მადლიერი.
ვის ეშინია კომიქსების?
როცა კომიქსების, როგორც სერიოზული ლიტერატურის, დაცვას ცდილობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ კომიქსი მხოლოდ სუპერგმირების დაუჯერებელი თავგადასავლები არაა; რომ, აი, ხომ არსებობს შპიგელმანის MAUS, რომელიც ისეთ სერიოზულ თემას ეხება, როგორიც ჰოლოკოსტია. ეს არგუმენტი პირიქითაც მუშაობს, როცა არა ხელოვნების მთლიანი დარგის, არამედ კონკრეტულად ერთი წიგნის ღირსების შელახვა-არშელახვის საკითხი დგას, - არაფერი შეგეშალოს, MAUS კი იყენებს ვიზუალურ ენას, მაგრამ ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო კომიქსი, ის გრაფიკული რომანიაო.
არც MAUS-ის მხატვრული ღირებულების დაკნინებას ვცდილობ - ამას რომელი ჭკუათმყოფელი ეცდება - და არც ტერმინი გრაფიკული რომანი მაღიზიანებს. თუმცა, სადმე თუ გადაეყრები ალან მურის სიტყვებს, - ეს ცხვირაბზუებული ტერმინი ვიღაც იდიოტმა მოიფიქრა დისის მარკეტინგის დეპარტამენტშიო, - რთულია, გულის სიღრმეში მაინც არ გაიფიქრო, როგორ სულ ათიანში არტყამს ეს კაციო.
ჰო, ტერმინი გრაფიკული რომანი იმისთვისაა, რომ ზრდასრულმა, სერიოზულმა ადამიანმა წიგნების მაღაზიაში უილ აიზნერის შედევრად აღიარებული ნოველების ყიდვისას დაურცხვენლად გაუსწოროს თვალი დახლს მიღმა მდგომ გამყიდველს, - არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ, ის კი არ მაინტერებს, ბეტმენი გოთემის კრიმინალურ სამყაროს როგორ უმკლავდება, ზოგადსაკაცობრიო, ეგზისტენციალურ დილემებზე ფიქრმა მომიტყუა ამ წიგნამდეო. არადა, საქმეც ეგაა - ტრაგიკული ბავშვობის მქონე მილიონერი, რომელიც საშუალო ასაკის კრიზისს ღამურის ფორმის გადაცმითა და საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებით ებრძვის, იმდენ ზოგადსაკაცობრიო, ეგზისტენციალურ დილემას იტევს, რამდენიც გაგიხარდებათ. როგორ გაუმკლავდება ამ დილემების წარმოჩენას ცალკეული ავტორი, ეს ნამდვილად სხვა ამბავია და თავად ხელოვნების დარგის სიავკარგესთან, აბა, რა მოსატანია.
არც ისე მოკრძალებული პირველი ნაბიჯები
ამბის ნახატებით გადმოცემის ტრადიცია დასაბამს ადამიანთა შორის კომუნიკაციის ევოლუციის საწყისი ეტაპებიდან იღებს. სტივენ ეპკონი, რომელიც ვიზუალური წერა-კითხვის ფენომენს იკვლევს, ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეულ პირველ ნიმუშად დაახლოებით 35 ათასი წლის წინ ნეანდერტალელების მიერ ახლანდელი საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტირიაზე არსებულ გამოქვაბულებში ამოკვეთილ ფიგურებს მიიჩნევს. მგონი, ცოტა აზვიადებს, მაგრამ სახალისო დაშვებაა.
სინამდვილეში, დანამდვილებით არავინ იცის, რას ემსახურებოდა ბიზონებს, ირმებსა და, ძალიან იშვიათად, ადმიანებს მიმსგავსებული ეს საოცარი ნახატები. შეიძლება, მათ რელიგიურ-რიტუალური დატვირთვა ჰქონდა, ან, უბრალოდ, წარმატებული ნადირობის მოსაგონებელი იყო - შთამომავლობას რომ არ დავიწყებოდა, ვისი გორისანი იყვნენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობილ ლასკოს მღვიმეში აღმოჩენილ ცხოველთა ნახატებს შორის, რომლებიც 17-15 ათასი წლის წინ და თაობების განმავლობაში უნდა შექმნილიყო, ჩრდილოეთის ირემს ერთხელაც ვერ გადაეყრები. უცნაური ეს ამბავი იმიტომაა, რომ მღვიმის ტერიტორიაზე ყველაზე მეტისწორედ ამ ცხოველის ძვლებია აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები რასაც ჭამდნენ, იმას არ ხატავდნენ.
საკომუნიკაციოდ ნახატების ბატონობის ერა ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში პირველი ანბანით, ფინიკიური დამწერლობის შექმნით დასრულდა. როცა იეროგლიფური დამწერლობა თავისი არაპრაქტიკულობის გამო წარსულს ჩაბარდა, ჟღერადობას, და არა ვიზუალს, მიმაგრებულმა არბიტრარულმა ნიშანთა, ასო-ბგერათა სისტემამ, არც მეტი, არც ნაკლები, კაცობრიობის განვითარების ტრაექტორიაც კი განსაზღვრა. ტედ ჩანის მოთხრობა შენი ცხოვრების ამბები თუ არ წაგიკითხავთ, ამ ტექსტის მიხედვით გადაღებული დენის ვილენიუვის ფილმი ჩამოსვლა მაინც ყველა ვარიანტში გექნებათ ნანახი. ჰოდა, მეც მაგას ვამბობ - ენა და მისი ჩაწერის ფორმა რიგიანად განსაზღვრავს სამყაროს აღქმას. როგორც ენაში ჩაკეტილი არსებები, ადამიანები კომუნიკაციის ფორმითაც ვწყვეტთ, რეალობის რა ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება და რა, უბრალოდ, უგულებელვყოთ.
აი, მაგალითად, უტექსტო სურათს ადამიანი ტვინის მარჯვენა, გრძნობებსა და ემოციებზე პასუხისმგებელი ნახევრსფეროთი აღიქვამს; ალფაბეტურ ტექსტს - მარცხენა, ლოგიკასა და მათემატიკურ აზროვნებაზე პასუხისმგებლით. სადღაც 3700 წლის წინ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ საკომუნიკაციოდ ეს უკანასკნელი გაცილებით ეფექტიანი იყო და დღემდე აზრი არ შეუცვლია. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.
სუპერმენის დაბადება
სანამ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან სერიულად გამოცემული კომიქსები ამერიკელი ბავშვების საყვარელი საკითხავი გახდებოდა, დასავლურმა კულტურამ გრაფიკული ენა მეორეხარისხოვნად, ტექსტების ილუსტრაციად აქცია. მერე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა - 1938 წელს ამერიკის დიდ ქალაქებში ჟურნალ-გაზეთების დახლებზე წითელმოსასხამიანი ბიჭი გამოჩნდა. ფონად აფეთქებისგან გადაყვითლებული ჰორიზონტი უჩანდა, გარშემო კატასტროფით შეძრული, დაფეთებული ადამიანები ეხვია, თავად კი, თითქოს ოლიმპიური სიმშვიდის გარსითაა მოცულიო, უდრტვინველად, სათამაშოსავით აეტაცებინა დაკუნთულ ხელებში მწვანე ავტომობილი.
ასე დაიბადა სუპერმენი, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი კომიქსის სუპერგმირი და პირველთაგან ერთადერთი, ვინც დროს გაუძლო. 2014 წელს ექშენ კომიქსის ეს პირველი ნომერი 3.2 მილიონ დოლარად გაიყიდა იბეიზე და დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ კომიქსად რჩება. სუპერმენმა კი ერთდროულად კომიქსების ოქროს ხანასაც დაუდო დასაბამი და იმის რწმენასაც, რომ ნახატებით აწყობილი მუშტების ქნევის ამბავი ზრდასრულების საქმე არ არის.
30-იანი წლების სუპერმენს ფრენა არ შეეძლო და მისი მტრებიც სამყაროს კი არ ემუქრებოდნენ განადგურებით, ყაჩაღობითა და კორუფციით იმსახურებდნენ კრიპტონის უკანასკნელი ვაჟის რისხვას. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ბევრი სუპერმენის შექმნას რელიგიურ ან ანტიფაშისტურ სენტიმენტებს უკავშირებს. მე თუ მკითხავთ, ნიუ-იორკში მცხოვრები ებრაელი ახალგაზრდები, ჯერი სიგელი და ჯო შასტერი, იმ ამბავს მოგვიყვნენ, რომელიც მათთვის ყველაზე ახლობელი იყო. სუპერმენის ისტორია უცხო მიწიდან ამერიკაში ჩასული ემიგრანტისაა, რომელიც, მიუხედავად ფიზიკური და გონებრივი უპირატესობისა, საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას დაუფიქრებლად ცვლის ადგილობრივ ღირებულებებზე და, კლარკ კენტის სახელს ამოფარებული, რიგითი ამერიკელი ხდება.
დიდი დეპრესიის ნაყოფს, სუპერმენს, მასავით ქუჩის კრიმინალთან მებრძოლი ბეტმენისა და ფლეშის შექმნა მოჰყვა; მეორე მსოფლიო ომის საფრთხემ კაცთა სამყაროს პერიპეტიებისგან გაშორებული ორი იზოლაციონისტური სახელმწიფოს, ატლანტისისა და თემისკირას ამაყი შვილები - აქვამენი და ვანდერ ვუმენი დაბადა; 50-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ხანამ კი საზოგადოებისგან გენეტიკური სხვაობის გამო გარიყული, საოცარი შესაძლებლობების მქონე ადამიანები X-Men გააცნო სამყაროს.
ასე იყო სულ - სუპერგმირების კომიქსები მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების საპასუხოდ იქმნებოდა და მარტივი, გასაგები ენითა და ჩამთრევი, ამაღელვებელი სიუჟეტებით იტყუებდა ახალგზარდა მკითხველს. კაშკაშა ფერების, თვალებში შემოფეთებული შორისდებულებით გაჭედილი მუშტიკრივისა და მოვლენათა თავბრუდამხვევი სისწრაფის მიღმა ყოველთვის იდეა იდგა. აი, ის იდეა, აზრთა წყობას ხელოვნებად რომ აქცევს.
ზოგი კომიქსი უფრო თანასწორია
პარალელურად, კომიქსის, როგორც ხელოვნების დარგის რეპუტაციის დასამარებას იაფფასიანი და საეჭვო მხატვრული ღირებულების მქონე დეტექტივ-თრილერები და სასიყვარულო რომანები წარმატებით აშველებდნენ ხელს. მაგალითად, 40-60-იან წლებში ფრიად პოპულარული სასიყვარულო რომანები ისეთ საჭირბოროტო პრობლემებს ეხებოდა, როგორებიცაა, როგორ შევაყვაროთ თავი კაცს, თუ ჭარბი წონა გვაწუხებს; როგორ მოვიქცეთ, თუ შემთხვევით კომუნისტი შეგვიყვარდა; როგორ დავაჯეროთ საქმრო ჩვენს ქარაფშუტობაში... მოკლედ, ჩვენი უახლოესი წარსულის შავ-ბნელ ფურცლებზე გიყვებით.
ნახატებითა და სიტყვებით აწყობილ ამბის თხრობას გადამრჩენელად ნიღაბ-მოსასხამიანი, მძიმე ფიქრებით მოცული გმირი არ მოვლენია (არადა, თემატურად კი დააკვდებოდა). თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის როლი დღეს უკვე გრაფიკული ნოველის მამად აღიარებულმა, უილ აიზნერმა მოირგო, როცა თავისი ბავშვობის სევდიანი მოგონებები ასევე სევდიანი ნახატებითა და პანელთა ახირებული წყობებით გამართა. წვეთებად ჩამოდენილ ამ სიტყვებში, "წვიმა მთელი დღე შეუბრალებლად იღვრებოდა ბრონქსის თავზე", ერთხელ და სამუდამოდ გაცხადდა მარტივი ჭეშმარიტება: თუ ნახატებსა და სიტყვებს ხეირიანად შეუხამებ ერთმანეთს, რაღაც მაგიურს მიიღებ.
სხვათა შორის, აიზნერის ყველაზე ცნობილი მოთხრობის კონტრაქტი ღმერთთან პროტაგონისტი საქართველოში დაბადებული და მოზარდობისას ამერიკაში ემიგრირებული ებრაელი ფრიმ ჰერშია. მართალია, აიზნერმა ის თბილისის განაპირას, არარსებულ პატარა ებრაულ დაბაში, პისკეში დაასახლა და როგორღაც ისიც მოუხერხა, რომ თბილისიდან ჩრდილოეთით წასულ ფრიმს პორტში ამოაყოფინა თავი, მაგრამ, მოდით, დეტალებზე არ გამოვედევნოთ. ბოლოს და ბოლოს, 70-იან წლებში გუგლი არ არსებობდა. ქართველებს კიდევ ისე გვიყვარს, ჩვენი ასვალ-დასავალი რომ გაკრთება ხოლმე სადმე, ღირებულ ადგილას, მადლობის მეტი რა გვეთქმის.
აიზნერის კრებულმა, კონტრაქტი ღმერთთან და საცხოვრებელი კორპუსის სხვა ამბები, მართლაც შეცვალა თამაშის წესები. მის გაკვალულ გზას ალან მური, არტ შპიგელმანი, ფრენკ მილერი გაჰყვნენ და დარგმა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაიმსახურა, აი, ის, რასაც კრიტიკულ აღიარებას ეძახიან სერიოზული ადამიანები.
ჩვენი ტვინი და კომიქსები
აქამდე კი ვიმეორე, ზოგადი ფორმით ცალკეული ტექსტების თვისობრივ ღირებულებაზე არ უნდა იმსჯელოს პატივმოყვარე ადამიანმა-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნით ეს სიტყვები უკან მიმაქვს. კომიქსისეული ფორმა ერთ ისეთ უნიკალურ თავისებურებას ფლობს, რომლის ხსენების გარეშე ბოლომდე ვერასოდეს ახსნი, ბედნიერების და სრული გატაცების იმ გრძნობას, კარგი კომიქსის კითხვისას რომ გეუფლება. აი, რომ გითხარით, ტვინის ერთი ნახევარსფერო ნახატებს აღიქვამს, მეორე კი დამწერლობას-მეთქი, ეგ ამბავია. კომიქსის კითხვაში ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მონაწილეობს, ალფაბეტური დამწერლობა და ნახატების მონტაჟი ერთ, გამოუცალკევებლ მთლიანობას ქმნის. თანაც ყველაფერი ინტუიტიურად ხდება, ამბის თხრობის ეს ორი ფორმა შენგან დამოუკიდებლად იქცევა ჰარმონიულ ერთობად.
ეს სიტყვებით აღუწერელი გამოცდილებაა, რომელიც ერთგვარ დამოკიდებულებასაც კი გიჩენს; კომიქსის აქტიური მკითხველები დამეთანხმებიან, რომ უკომიქსოდ გატარებული ყოველი მომდევნო დღე წინაზე გაცილებით უხალისოა. მაგრამ სიტყვაზე არ მენდოთ, როგორც იტყვიან, თავად სცადეთ.
კომენტარები