მზის სისტემის უცნობი პლანეტა? — მეცნიერებმა "მე-9 პლანეტის" შესაძლო კვალი დააფიქსირეს
ფოტო: Getty / Futurism
ასტრონომები საუკუნეზე მეტია ცდილობენ გაიგონ, არსებობს თუ არა ჩვენი მზის სისტემაში მე-9 პლანეტა, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია. რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეცნიერები შესაძლო კანდიდატზე საუბრობენ, თუმცა ჯერჯერობით არცერთის არსებობა არ დადასტურებულა. ამის მიუხედავად, ძიება არ წყდება.
ამჯერად მეცნიერებმა ძველი მონაცემები გააანალიზეს და ახალი სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შეიძლება უცნობ პლანეტაზე მიანიშნებდეს. მიგნებების თანახმად, ეს პლანეტა პოტენციურად დედამიწაზე 5-10-ჯერ მასიურია; სავარაუდოდ, მზის სისტემაში იგი იმდენად შორსაა, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად 10 ათასი წელი სჭირდება.
მკვლევართა ნაშრომს რეცენზირება ჯერ არ გაუვლია. ამჟამად იგი პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჩვენი მზის სისტემაში შეიძლება დამალული, ჯერაც აღმოუჩენელი პლანეტა არსებობდეს. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი კოიპერის სარტყელში უნდა ვეძიოთ. ეს ყინულოვანი ობიექტების სარტყელია, რომელიც ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს; აქ კომეტები და პლუტონის მსგავსი ჯუჯა პლანეტები გვხვდება. მკვლევრების აზრით, ზოგ ობიექტს უჩვეულოდ შეჯგუფებული ორბიტა შეიძლება იმიტომ ჰქონდეს, რომ მათზე დიდი, უცნობი პლანეტის გრავიტაცია მოქმედებს.
თუკი აქ რაიმე პლანეტა მართლაც არსებობს, იგი მზის სინათლეს უნდა ირეკლავდეს, რომელსაც დავინახავდით.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები უხილავ სინათლეზე ფოკუსირდნენ. მათ ორი ინფრაწითელი დაკვირვება გამოიყენეს, რომლებიც ღამის ცაზე 23 წლის შუალედით ჩატარდა. დიდი შუალედი მეცნიერებს შორი, ნელა მოძრავი (სწორედ ისეთის, როგორიც მე-9 პლანეტა უნდა იყოს) ობიექტის დანახვის საშუალებას მისცემდა. მას წერტილთა წყვილის სახით შენიშნავდნენ, სადაც ერთი წერტილი საწყისი მდებარეობა იქნებოდა, მეორე კი — მომდევნო.
გუნდმა წერტილთა 13 შესაძლო წყვილი დააფიქსირა, რომელთა მდებარეობებიც მოძრავი პლანეტისას შეესაბამებოდა. ერთ-ერთი წყვილის წერტილებს იგივე ფერი და სიკაშკაშე ჰქონდა, ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ორივე ერთი ობიექტიდან წამოვიდა. მკვლევრების აზრით, შეიძლება სწორედ ეს წყვილი მიანიშნებდეს უცნობ, მე-9, პლანეტაზე.
მიუხედავად ამისა, სფეროს ზოგიერთი ექსპერტი მიგნებებს სკეპტიკურად უყურებს. დაფიქსირებული სიგნალები ძალიან სუსტია და შეიძლება უბრალო ხმა ან სხვა ობიექტი ყოფილიყო. ჯერჯერობით მონაცემები არასაკმარისია და შორ ობიექტებსაც გულდასმით ვერ ვაკვირდებით, ამიტომ შეიძლება დასკვნებს ზედმეტად სწრაფად ვაკეთებდეთ ყველა აუხსნელ ობიექტზე, რომელსაც კი კოიპერის სარტყელში დავაფიქსირებთ.
მე-9 პლანეტის არსებობის საკითხს უკეთ გამოიკვლევენ, როცა ჩილეში ვერა რუბინის ობსერვატორია ამუშავდება. ეს წელს იგეგმება. ასტრონომები ელიან, რომ ობსერვატორიის დახმარებით კოიპერის სარტყელში ათიათასობით ობიექტს გამოავლენენ.
კომენტარები