რამდენიმე დღეში საბჭოთა პერიოდის 500-კილოგრამიანი ზონდი დედამიწაზე ჩამოვარდება

Kosmos 482 ვენერას მისიისთვის 1972 წელს გაუშვეს. მან დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა ვერ გააღწია და ამ დრომდე იქ გადაადგილდება. ამის მიუხედავად, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ის მალე პლანეტაზე ჩამოვარდება.
კოსმოსური აპარატი საბჭოთა კავშირმა ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა Molniya-8K78M-ით გაუშვა. მასზე 4 დღით ადრე ვენერასკენ Venera 8 გაგზავნეს მისიის ფარგლებში, რომელიც, Kosmos 482-ისგან განსხვავებით, წარმატებული აღმოჩნდა. ეს ცივი ომის პერიოდში ხდებოდა, საბჭოთა კავშირი კი მსგავს მარცხებს საჯაროდ არ აღიარებდა, ამიტომ შეუმდგარი მისიის შესახებ მაშინ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ნავარაუდებია, რომ Kosmos-482-ის ფრენის შეფერხება ტაიმერის ანომალიამ გამოიწვია. აპარატს ზოგიერთი ფრაგმენტი გაშვებიდან მალევე გამოეყო და მათი ნაწილი 5 დღეში ახალი ზელანდიის თავზე ატმოსფეროში შემოვიდა.
დედამიწის ორბიტაზე დარჩენილი ზონდი 500 კილოგრამს იწონის და შესაძლოა, რაკეტის ზედა საფეხურზე დასაშვები მოდულიც იყოს მიმაგრებული. პლანეტაზე მისი დაბრუნება პოტენციურ რისკს უკავშირდება, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, გადაურჩება თუ არა ატმოსფეროში შემოსვლას.
მოდული ისეა შექმნილი, რომ ვენერას სქელი ატმოსფერო უსაფრთხოდ გადაელახა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, დედამიწის უფრო თხელ აირად გარსში არ დაიწვას. მაინც ბევრი ფაქტორია, რომლებიც პროგნოზირებას ართულებს, მაგალითად, ზონდის გრძელი და ნელი ტრაექტორია, ასევე მისი ასაკი.
Kosmos-482-ის დახრილობა 52°-ია, ხოლო მისი ელიფსური ორბიტა 156-394 სიმაღლეზეა. ის პლანეტას გარს ყოველ 90 წუთში უვლის. ატმოსფეროში მისი შემოსვლა 10 მაისისთვისაა მოსალოდნელი. რაც უფრო მოახლოვდება ეს მოვლენა, მით უფრო ზუსტი დრო გვეცოდინება.
შემოსვლის რეგიონი საკმაოდ ფართოა — 52° ჩრდილოეთიდან 52° სამხრეთამდე. ზონდი ჩრდილოეთ ამერიკის თავზე გამთენიისას ჩაივლის ხოლმე, სანამ უფრო დაბლა გადაინაცვლებს და ატმოსფეროში საბოლოოდ შემოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობა მუდმივად იმატებს. ამის პირდაპირპროპორციულად იზრდება ორბიტალური ნარჩენების რიცხვიც. ისინი ფუნქციურ აპარატებს საფრთხეს უქმნის, თუმცა კოსმოსური სააგენტოები ამ პრობლემის მოგვარების გზებზე უკვე მუშაობენ.
კომენტარები