ორეგონში მდებარე იაკინას ყურეში მეცნიერებმა ელექტროგამტარი ბაქტერიების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც Candidatus Electrothrix yaqonensis ეწოდება. ეს სახელი მას იაკინას ხალხის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ყურისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობდა.

"ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ბაქტერიისთვის კონკრეტული ტომის სახელის დარქმევა მიწასთან მათი ისტორიული კავშირის აღიარების ტოლფასია. ასევე, ეკოლოგიურ ცოდნასა და მდგრადობაში შეტანილ წვლილს უსვამს ხაზს", — ამბობენ ავტორები.

Ca. Electrothrix yaqonensis-ის სახელი მათ ბიოლოგიაზეც გვაწვდის ინფორმაციას. ისინი სადენისებრი ბაქტერიების ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ ასე იმიტომ მოიხსენებენ, რომ მართლაც სადენების მსგავსი მახასიათებლები აქვთ — მრავალუჯრედიანი გრძელი სხეული, რომელიც გამტარი ბოჭკოებისგან შედგება. სულ 25 ასეთი სახეობაა ცნობილი, რომლებიც გავრცელებულია როგორც ზღვების, ისე მტკნარ წყლების დანალექში. მათი მორფოლოგიისა და გენეტიკის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.

ფოტო: Oregon State University

შესაძლოა, Ca. Electrothrix yaqonensis ამ სიცარიელეების ამოვსებაში დაგვეხმაროს. გენომის ანალიზით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი სახეობა სადენისებრი მიკროორგანიზმების ორი გვარის გენებს აერთიანებს, მათ შორის ამასთან ასოცირებულ მეტაბოლურ მექანიზმებს.

"ახალი სახეობა ერთგვარი ხიდია, Ca. Electrothrix-ის ჯგუფის განშტოება. ეს მიუთითებს, რომ მას ამ ბაქტერიების ევოლუციისა და სხვადასხვა გარემოში მათი ფუნქციონირების შესახებ ახალი დეტალების გამოვლენა შეუძლია", — აცხადებენ სპეციალისტები.

Ca. Electrothrix yaqonensis-ის გენების ნაზავი იმაზეც მიანიშნებს, რომ ის სადენისებრი ბაქტერიების მეცნიერულად განსაზღვრულ მიჯნებში არ ჯდება. სხვა მსგავსი მიკროორგანიზმებისგან ის მეტაბოლური პოტენციალითა და განსხვავებული სტრუქტურული მახასიათებლებით გამოირჩევა, როგორიცაა ზედაპირზე არსებული ამოზნექილობები, რომლებიც სამჯერ განიერია. იქ გამტარი ბოჭკოებია, რომლებიც ნიკელის ბაზის მქონე უნიკალური მოლეკულებისგან შედგება.

ეს ბოჭკოები ბაქტერიის საცხოვრებელ გარემოში ნივთიერებების გადამუშავებას უწყობს ხელს, რისი გამოყენებაც ადამიანებს ეკოლოგიური სარგებლის მისაღებად შეგვიძლია. მაგალითად, დაბინძურებულ არეალებში ამ ბაქტერიებით ელექტრონების გადატანა და ასე მათი გასუფთავებაა შესაძლებელი. ასევე, არაა გამორიცხული, ეს ბაქტერიები ბიოელექტრონიკის სფეროშიც შთაგონების წყაროდ იქცეს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Applied and Environmental Microbiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.