ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება მასალა, რომელშიც მოზრდილ გორილას ას კაცთან აპირისპირებენ.

ის, რაც 24 აპრილს X-ზე უწყინარი შეკითხვით დაიწყო, ნამდვილ ვირუსულ კონტენტად გადაიქცა. ეს თემა ახლა ვირუსულად აიტაცეს როგორც Reddit-ზე, ისე Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.

ფოტო: nypost

ინტერნეტის მომხმარებლები კამათობენ, გამოთქვამენ ვარაუდებს და ქმნიან ვიზუალურ გამოსახულებებს იმაზე თუ როგორ ებრძვის ასი კაცი ერთ გორილას.

როგორ დაიწყო

ფოტო: reddit

სულ პირველად ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, როდესაც Reddit-ის მომხმარებელმა ამ ბრძოლის დეტალური სცენარი წარადგინა.

მიუხედავად ამისა, თემას ისეთი გამოხმაურება არასდროს ჰქონია, როგორც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

უმეტესობა თანხმდება, რომ ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი იქნება, მაგრამ ვინ გამოვა გამარჯვებული ეს კამათის საკითხად რჩება. ამაზე კამათობენ და სახალისო ვიდეოებს აკეთებენ, როგორც ინფლუენსერები, ისე სპორტსმენები.

ექსპერტის თქმით, გორილას ძალა შესაძლოა გადაჭარბებულად არის შეფასებული

ფოტო: Reddit

დაიან ფოსის გორილას ფონდის პრეზიდენტმა და მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ტარა სტოინსკიმ USA TODAY-თან აღნიშნა, რომ გორილა ძალიან ძლიერი ცხოველია, მაგრამ მის ძალაზე წარმოდგენები შეიძლება მაინც გადაჭარბებული იყოს.

"შემხვდა პოსტები, რომლებშიც ეწერა, რომ გორილა ადამიანზე 25-ჯერ უფრო ძლიერია. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ეჭვი მაქვს, რომ ადამიანებს გორილას ძალაზე უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ, ვიდრე ეს რეალობაშია", — თქვა სტოინსკიმ.

მან აღნიშნა, რომ გორილას ძალიან ძლიერი კიდურები აქვს, მაგრამ ასი ადამიანის კოორდინაცია ცხოველისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა.

"ას ადამიანს ბრძოლის გაგრძელება უფრო დიდხანს შეეძლება. გასათვალისწინებელია მათ შორის თანამშრომლობა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გორილას გამარჯვებს ძალიან გაართულებს", — თქვა მან.

გუნდური მუშაობა და გამძლეობა

100 ადამიანი ნამდვილად დიდი ძალაა და პირველ რიგში გამძლეობის მხრივ.

"ასი ადამიანი გორილას სხვადასხვა მხრიდან შეუტევდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მათ შეუძლიათ მორიგეობით იჩხუბონ. გორილას ასეთი გამძლეობა არ აქვს, ის უბრალოდ გადაიღლება", — დაამატა სტოინსკიმ.

იმავეს ფიქრობს ველური ბუნების ბიოლოგი კალებ ჯადმა. მან X-ზე დაწერა, რომ მიუხედავად მსხვერპლისა, 100 კაცი ერთ გორილას საბოლოოდ მაინც დაამარცხებს.

რეალური ბრძოლა: გორილას გადაშენებისგან ხსნა

ფოტო: awf.org

უწყინარი ხუმრობა რომ დავივიწყოთ და რეალურ გამოწვევასაც დავუბრუნდეთ აღსანიშნავია, რომ გორილა, როგორც ბევრი სხვა ველური ცხოველი, გადაშენების საფრთხის წინაშეა.

"ნამდვილი ბრძოლა წინ გვაქვს და ეს მათი გადარჩენაა. ტყეების გაჩეხისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო გორილები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან", — თქვა სტოინსკიმ.

სტოინსკიმ ისიც აღნიშნა, რომ პოპ-კულტურაში გორილებზე ჩამოყალიბებული შეხედულების მიუხედავად, ეს არსებები აგრესიულები ნაკლებად არიან.

შესაბამისად, კარგი იქნება თუ გავიაზრებთ, რომ გორილებთან ბრძოლაზე მეტად მათი დაცვაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.