სახალხო დამცველმა 2018 წელს საჯარო სკოლებში წყალი, სანიტარია და ჰიგიენური მდგომარეობა იკვლია. შემოწმება საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი) ჩატარდა. ჯამში, 108 საჯარო სკოლა შემოწმდა და გამოიკვეთა, რომ სკოლების დიდ ნაწილში სასმელი და სამეურნეო წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია, 16 სკოლას კი სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მოუწესრიგებელია საპირფარეშოები და მათი უმეტესობა ეზოშია განთავსებული. ამავე კვლევის მიხედვით, 108 შემოწმებული სკოლიდან დაახლოებით 75-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა.

წყალი და სანიტარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის მონიტორინგმა გამოავლინა რიგი საჯარო სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სასმელი და სამეურნეო გამოყენების წყალი. ეს პრობლემას უქმნის, როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და განსაკუთრებით დამლაგებლებს.

"სკოლის დამლაგებლებს ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უწევთ. მსგავს პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.", — ნათქვამია ანგარიშში.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

ომბუდსმენმა ასევე გაარკვია, რომ სოფლად მდებარე და მცირემოსწავლიან სკოლებში არ არსებობს სკოლის ბუფეტები, რის გამოც მოსწავლეები სასკოლო დროს სკოლასთან მდებარე ადგილობრივ მაღაზიებში ყიდულობენ საკვებს. სახალხო დამცველის ცნობით, ამ საკვების უვნებლობა არ კონტროლდება.

სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე სკოლის ადმინისტრაციაც საუბრობს:

  • სასმელად უვარგისი ჭის წყალი და მოსწავლეების მიერ სასმელი წყლის სახლიდან ტარება;
  • გრაფიკით მიწოდებული წყალი;
  • ამინდის გაუარესების გამო შეფერილი სასმელი წყალი;
  • ზამთარში წყლის გაყინვის გამო შეფერხებით მიწოდება და ა.შ.

შემოწმებული 108 სკოლიდან 80-ში არ არის ბუფეტი, 73-ში არ არის სამედიცინო კაბინეტი, 69-ში წყალგაყვანილობა სკოლის შენობაში.

ჩოლურის საჯარო სკოლა

ჩოლურის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

საბოლოოდ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ სკოლის სანიტარული ობიექტები ტექნიკურად გამართული და სუფთა 108 სკოლიდან მხოლოდ 18-შია.

სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებზე ხელმისაწვდომობა გასხვავებულია ქალაქებისა და სოფლების სკოლებში. კერძოდ, ხელსაბანი ნიჟარები და ბუფეტი ქალაქის ტიპის დასახლების სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სოფლად მდებარე სკოლის მოსწავლეებისთვის.

კვლევაში მონაწილე სკოლების უმრავლესობაში ვენტილაციის სისტემა არ მუშაობს, ხოლო დაახლოებით მესამედში ბუნებრივი ვენტილაციაა. ვენტილაციის პრობლემები საპირფარეშოებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიულ სუნს წარმოშობს.

სკოლის საპირფარეშოები

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სკოლების ნაწილში მოქმედი საპირფარეშოები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია,
ნაკლებად გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ.

საპირფარეშოს ჯიხურებში ხელსაწმენდი საპონი 108 სკოლიდან მხოლოდ 48-შია, ხელსაწმენდი — 29-ში, წყალჩამრეცხი სისტემა კი 29-ში მუშაობს.

"შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება უფუნქციო წყალჩამრეცხ სისტემას, ანტისანიტარიას, სპეციფიკურ სუნს და ა.შ.", — ნათქვამია ანგარიშში.

სკოლების უმეტესობაში საპირფარეშოები სკოლის შენობის გარეთაა მოწყობილი. უმეტეს შემთხვევაში საპირფარეშოს დამოუკიდებელი ჯიხურებია გოგოსა და ბიჭისთვის.

დალაგება, ნარჩენების გატანა

გამოკითხულ თანამშრომელთა განცხადებით, სველი წერტილები სკოლების უმრავლესობაში (98 სკოლა) ყოველდღიურად სუფთავდება, საკლასო ოთახებს შემოწმებული სკოლებიდან 85-ში დამლაგებლები ალაგებენ/ასუფთავებენ.

სკოლების ვიზუალურმა დათვალიერებამ ასევე გამოავლინა, რომ ჯგუფების, კვების ბლოკის, სამედიცინო კაბინეტის, ბავშვთა განთავსების სხვა ადგილების დალაგება/დასუფთავების შესახებ რაიმე სახის აღწერა/აღრიცხვა თითქმის არ ხორციელდება.

"სოფლის სკოლებში ნაგავს ან ეზოებში წვავენ, ან შენობაში ადგილზე ინახება კვირის განმავლობაში და შემდგომ გააქვთ სკოლის ტერიტორიიდან. რამდენიმე სკოლაში ასევე გამოვლინდა, რომ ნაგავს ახლომდებარე მდინარეში ყრიდნენ", — ვკითხულობთ ანგარიში.

სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა

სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სასკოლო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ სკოლის შესაბამის თანამშრომლებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუ რა წესითა და ჯერადობით უნდა სუფთავდებოდეს სასკოლო ნივთები, საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და სკოლის სხვა ტერიტორია, ან ტარდებოდეს ე.წ. დეზინფექცია.

რიგ სკოლებში პირდაპირი წესით ხდება მერხების, სკამებისა და საკლასო ნივთების "დაქლორვა", მცირებიუჯეტიან სკოლებში კი, არ აქვთ სათანადო თანხა სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შესასყიდად.

სკოლებში წყლის ხარისხის მონიტორინგი

ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლა

ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ცნობით, შემოწმებული სკოლების უმეტესობაში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არ ჩატარებულა ან არარეგულარულად ტარდება, 12 სკოლაში წელიწადში ერთხელ ტარდება. შემოწმებული სკოლებიდან მხოლოდ 16-ში დადასტურდა წყლის სასმელად ვარგისიანობა.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინიციატივით, გამოიკვლიონ წყლის უვნებლობა.

რეგიონებში მდებარე ზოგიერთ სკოლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არ აქვთ ფინანსური რესურსი სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური უვნებლობა ლაბორატორიებში. ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება, ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა.

სკოლებში ჰიგიენის სწავლება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საშაშის საჯარო სკოლა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საშაშის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სკოლების ადმინისტრაციის 96 გამოკითხული რესპონდენტიდან 12 რესპონდენტი ამბობს, რომ მათ სკოლებში ჰიგიენის საკითხები არ ისწავლება.

იმ დაწესებულებებში კი, სადაც აღნიშნული საკითხები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია სწავლების მეთოდები და სახეები განსხვავდება სასკოლო საფეხურებისა და საგნების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე, ძირითადად, დამრიგებლები ესაუბრებიან კლასის საათების ფარგლებში.

"ბავშვებს უმეტესად ზოგადი ტიპის ინფორმაცია აქვთ წყლის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ. უსაფრთხო წყლის ხელმისაწვდომობაზე ბავშვების ინფორმაცია, უმთავრესად, ზედაპირულია; აღმოჩნდა, რომ ბავშვები თავადაც ხშირად არიან ჩართულნი საკლასო ოთახების დალაგება-დასუფთავების პროცესში და ე.წ. მორიგეობის ფარგლებში ინაწილებენ", — ვკითხულობთ ანგარიშში.

რეკომენდაციები

ამბროლაური, ჭრებალოს საჯარო სკოლა

ამბროლაური, ჭრებალოს საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • განახლდეს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების რეგულირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი;
  • გონივრულ ვადებში განხორციელდეს საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარული ნორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრაზე აქტიური კონტროლი.

საქართველოს განათლების სამინისტროს:

  • დროულად გაკონტროლდეს სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანა, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
  • რეგულარულად განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები არასრულწლოვნებისთვის, მშობლებისა და სკოლაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის წყლის რესურსების მისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ;
  • სასწავლო პროგრამებში აქტიურად და ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში დაინერგოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ სწავლების საკითხები;
  • ხელი შეეწყოს საჯარო სკოლებში შიდა დოკუმენტაციისა და რეგულაციების შემუშავება/მოწესრიგებას წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ.

ადგილობრივ თვითმმართველობას:

  • ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და წყლის ხარისხის ამაღლებას;
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა;
  • გამოვლინდეს ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა, საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას საჯარო სკოლებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მდებარე 2084 სკოლიდან 94 საჯარო სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდება. საჯარო სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა გადაუჭრელი პრობლემაა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და პრობლემაზე ეფექტური რეაგირება.

განათლების სამინისტროს პასუხი

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის თქმით, ისინი იზიარებენ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და დასკვნას. მისი განცხადებით, დღეს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბიუჯეტი გასამმაგებულია.

ნათია ზედგინიძის თქმით, ამ პროცესს დაემატა დეცენტრალიზაცია. ეს გულისხმობს, რომ 2019 წლის იანვრიდან ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება საჯარო სკოლებში მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის უფლებამოსილებაა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლა

ფოტო: სახალხო დამცველი

"უკვე ვიმუშავეთ ამ უწყებებთან და განვსაზღვრეთ სკოლები, სადაც ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, დაახლოებით 787 სკოლაში შენობის შიგნით ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა პრობლემურია. დაახლოებით, 1 003 სკოლაში წყალმომარაგების კვანძები ეზოშია. პრობლემები მაღალმთიან რაიონებში არსებულ სკოლებში უფრო მწვავეა, სადაც წყლის მოპოვება საჭიროებს ჭას", — განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მისივე ცნობით, 2019 წელს რეგიონებში დაგეგმილია 27 სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა. რეგიონის 83 სკოლაში კი მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობების რეაბილიტაციას გეგმავს.

ნათია ზედგინიძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა ყველა სკოლისას ერთად ვერა.