დეველოპერული კომპანია m² თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში ე.წ. ხრუშოვკებში მაცხოვრებლებს თავიანთი ბინების სანაცვლოდ, ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლას სთავაზობს. ჩანაცვლების პროექტი შავიშვილის ქუჩაზე, თსუ-ს მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის ტერიტორიაზე იგეგმება. ამ ადგილზე ოთხი 12-სართულიანი ახალი კორპუსის აშენდება განიხილება, ბინების ნაწილში კი ძველ კორპუსში მაცხოვრებელი, მინიმუმ 70 ოჯახი შესახლება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოთავისუფლებული ე.წ. ხრუშოვკის შენობა დაინგრევა და მის ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, სადაც სურვილის შემთხვევაში მომდევნო ე.წ. ხრუშოვკის მაცხოვრებლები გადავლენ და ასე გაგრძელდება ჯაჭვური რეაქციით. გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ უკვე დაწყებულია კომუნიკაცია მოსახლეობასთან:

"გამოკითხვები დაიწყო ორშაბათიდან და ინტერესი არის მაღალი. მათი ძირითადი შიში და უარის თქმის მზიეზი შეიძლება იყო, რომ არ ესმოდეთ სქემა, ანუ როგორ უნდა მოხდეს ჩანაცვლება. მათი შეკითხვები ძირითადად ეხება იმას, რომ "მერე რომ აღარ აშენდეს, სადღაც შუა გზაზე გაჩერდეს..." მოსახლეობა საკუთარ ბინებში გააგრძელებს ცხოვრებას და მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ ახალში, რაც დასრულდება მშენებლობა".

შორენა დარჩიაშვილი განმარტავს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით, მერიასთან თანამშრომლობენ, თუმცა ისინი არ მონაწილეობენ სქემაში. მერიაში უკვე წარდგენილია განახლებული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი.