კაცი, რომელსაც $190 მლნ-ის კრიპტოვალუტაზე წვდომა ჰქონდა, გარდაიცვალა - პაროლი არავინ იცის
ახალი ამბავი არაა, რომ კრიპტოვალუტის სამყარო რისკებითაა სავსე. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია კრიპტოსავალუტო ბირჟის QuadrigaCX-ს მფლობელის გარდაცვალების შესახებ - კომპანიის დამფუძნებელი 30 წლის ჯერალდ კოტენი 2018 წლის დეკემბერში ინდოეთში მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
ახლა კი ირკვევა, რომ ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც კომპანიის მფლობელობაში არსებულ თანხებზე ჰქონდა წვდომა. ერთ-ერთი სერვისი, რომელსაც კრიპტოსავალუტო ბირჟები მომხმარებლებს სთავაზობენ, ელექტრონული საფულეებია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი კრიპტოვალუტის შენახვა შეუძლიათ. საბოლოოდ კი მომხმარებელთა თანხებს კომპანია ე.წ. მყარი, ცივი შენახვის საფულეებში ინახავს, რომლებსაც ინტერნეტთან კავშირი არ აქვთ, ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.
QuadrigaCX კი მომხმარებლების კრიპტოვალუტის ძირითად ნაწილს ასეთი ტიპის საფულეებში ინახავდა, რომლის პაროლიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა იცოდა.
"კომპიუტერი, რომლითაც ჯერი ბიზნესს მართავდა, დაშიფრულია, მისი პაროლი კი არავინ იცის. გამალებული ძებნის მიუხედავად, კომპიუტერის პაროლს ვერსად მივაგენით", - ნათქვამია გარდაცვლილის ცოლისა და ახალი შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ადვოკატის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.
"ბოლო რამდენიმე კვირაა ვცდილობთ, რომ "გაყინულ" საფულეებზე წვდომა მოვიპოვოთ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ", - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქმე ძალიან დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტას ეხება. 18 იანვრის მონაცემებით კომპანიის საფულეებში 26,488 ბიტკოინი, 11,378 ბიტკოინ ქეში, 11,149 ბიტკოინ SV, 35,230 ბიტკოინ გოლდი, 199,888 ლაითკოინი და 429,966 ეთერიუმი ინახებოდა.
კრიპტოსავალუტო ბირჟები ჰაკერების შეტევის სამიზნე ხშირად ხდება ხოლმე, ამიტომაც კოტენმა კომპანიის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის უდიდესი ნაწილი ე.წ. ცივი შენახვის საფულეებში გადაიტანა, რაც ლოგიკური გამოსავალია. თუმცა, საფულეებზე წვდომის ექსკლუზიური უფლების მხოლოდ ერთ ადამიანზე გადაცემა სარისკოა.
31 იანვრის მონაცემებით, კომპანიის სერვისებს 115 000 ადამიანი იყენებდა, რომელთა წინაშეც კომპანიას 250 მილიონი დოლარის ვალდებულება აქვს.
QuadrigaCX-ს მომხმარებლებმა აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, უარყოფითად მიიღეს. ადამიანების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჯერალდ კოტენმა საკუთარი სიკვდილი გააყალბა, რათა საფულეებში არსებული თანხა მიესაკუთრებინა. მომხმარებელთა ნაწილი კი ფულის დაკარგვას უკვე შეეგუა.
კომენტარები