თუ ფიქრობთ, რომ კატები ასოციალურები არიან, პრობლემა თქვენშია
ადამიანებთან ათასობით წლის განმავლობაში თანაცხოვრების მიუხედავად, კატების ხასიათის თავისებურებების გარკვევა მაინც გვიჭირს, ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული საკითხი მეცნიერულად სათანადოდ შესწავლილი არ არის.
ჩვენ ვიცით, რომ კატები შეიძლება იყვნენ პრეტენზიულები, მომთხოვნები, დამოუკიდებლები, ამავდროულად თბილები და მოსიყვარულეები. კატების ხასიათის აღწერისას დიდი შანსია, რომ ადამიანებისგან ერთმანეთის გამომრიცხავი პასუხები მიიღოთ.
ცნობილია, რომ კატებს ცვალებადი ხასიათი აქვთ, მათ შეუძლიათ იყვნენ უფრო მეგობრულები, ან ნაკლებად მეგობრულები. თუმცა როგორ წყვეტენ ისინი ვისთან როგორ მოიქცნენ?
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში 46 კატა შეისწავლეს, 23 მათგანზე დაკვირვება თავშესაფარში მოხდა, 23-ზე კი სახლში.
კვლევის მიმდინარეობისას კატას მისთვის უცხო ადამიანთან ერთად ოთახში სვამდნენ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ადამიანი კატას სრულად აიგნორებდა, შემდეგი ორი წუთის განმავლობაში კი პირიქით, ის მას თავს ევლებოდა. ექსპერიმენტის მეორე ფაზაში აღნიშნული პროტოკოლი ზუსტად გაიმეორეს, ოღონდ ერთი განსხვავებით, ახლა ოთახში კატასთან ერთად არა უცხო ადამიანი, არამედ მისი პატრონი იყო.
გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, ოთახში უცხო ადამიანი იყო, თუ პატრონი, კატები უფრო სოციალურები იყვნენ მაშინ, როდესაც ადამიანი მას ყურადღებას აქცევდა.
ეს ჩვენთვის ადვილად გასაგები ქცევაა, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ სხვა ადამიანს, მეტი შანსია, რომ მათ ჩვენთან იურთიერთონ. თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
- ისევე როგორც ადამიანებში, ზოგი კატა უფრო სოციალურია, ზოგი კი ნაკლებად.
- ყველა კატას ინდივიდუალური ხასიათი აქვს, ამიტომ საჭიროა, რომ მათ შესაბამისად მივუდგეთ.
- კატები საკმაოდ ტერიტორიულები არიან. მათ ურჩევნიათ, რომ სახლში უცხოებთან ერთად იყვნენ, ვიდრე უცხო გარემოში, პატრონებთან ერთად.
შესაბამისად, თუ გსურთ, რომ კატამ მეტი ყურადღება მოგაქციოთ, ამისათვის საჭიროა, რომ პირველი ნაბიჯი მისადმი თქვენ გადადგათ.
კომენტარები