სისხლის ანალიზით შესაძლოა ალცჰაიმერი სიმპტომებამდე 10 წლით ადრე დაფიქსირდეს
სისხლში არსებული ერთ-ერთი ცილის რაოდენობის ცვლილება შესაძლოა ტვინში მიმდინარე იმ საზიანო პროცესებზე მიუთითებდეს, რომელიც საბოლოოდ ალცჰაიმერის დაავადების განვითარებით სრულდება. ორგანიზმში დაავადებისათვის დამახასიათებელი პროცესები ხშირად ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე მისი სიმპტომები. აღნიშნული ცილის რაოდენობის დადგენით ალცჰაიმერის აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე 10 წლით ადრეც კი შეიძლება მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს არც ერთი წამალი, რომელსაც ალცჰაიმერის განვითარების შეფერხება ან მისი განკურნება შეუძლია, ავტორები აცხადებენ, რომ ეს ტესტი ექიმებს დაეხმარებათ, უკეთ ივარაუდონ თუ რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს დაავადების სიმპტომები.
ამ ცილის რაოდენობის კონტროლით ალცჰაიმერის სამკურნალოდ შექმნილი ახალი მედიკამენტების გამოცდაც შეიძლება.
"ცნობილია, რომ ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი პროცესები ტვინში, სიმპტომების გამოვლენამდე ერთი, ან ორი ათწლეულით ადრე იწყება. ხოლო თუ გვსურს რომ ალცჰაიმერის საწინააღმდეგო თერაპია ეფექტური იყოს, ის სიმპტომების გამოჩენამდე მინიმუმ ათი წლით ადრე უნდა დავიწყოთ", - აცხადებს კვლევის თანაავტორი მათიას ჯაკერი.
ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ მოხდა პაციენტების სისხლსა და ცერებროსპინალურ სითხეში ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვის (NfL) რაოდენობის განსაზღვრა.
აღნიშნული ცილა ნეირონებში გვხვდება. წინამორბედი კვლევებით აღმოჩენილია, რომ თაგვებში NfL-ს მომატებული რაოდენობა ტვინის დაზიანებასთანაა კავშირში. ჯაკერის თქმით, სისხლში NfL-ს მომატება შესაძლებელია ალცჰაიმერის მნიშვნელოვანი მარკერი იყოს.
კვლევაში მონაწილეობა 405-მა ადამიანმა მიიღო, რომლებთაგანაც 243 ალცჰაიმერისაკენ გენეტიკურად იყო მიდრეკილი. ჯაკერის თქმით, ასეთი ადამიანების შემთხვევაში დიდი სიზუსტით შეიძლება იმის ვარაუდი, თუ რა ასაკში გამოავლენს თავს დაავადება. ამან კი მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ NfL-ს გაზომვით სიმპტომებამდე განსაზღვრული დროით ადრე სისხლში ამ ცილის რაოდენობა დაედგინათ.
როგორც აღმოჩნდა, სიმპტომებამდე 6.8 წლით ადრე სისხლში NfL-ს რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ალცჰაიმერისაკენ გენეტიკურად იყო მიდრეკილი.
"ცილის რაღაც კონკრეტული კონცენტრაციის დასახელება, რომლის დაფიქსირების შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტვინში ნეიროდეგენერაცია მიმდინარეობს, რთულია. დაავადებაზე უფრო მეტად ის მიანიშნებს, თუ რამდენად სწრაფად იცვლება NfL-ს კონცენტრაცია. ანუ დაავადების მარკერი არა რაიმე კონკრეტული რაოდენობა, არამედ ცილის რაოდენობის დიდი და სწრაფი ცვლილებაა", - აცხადებს ჯაკერი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეთა უმეტესობას ალცჰაიმერის გამომწვევი გენეტიკური მუტაცია ჰქონდა. ეს მუტაცია კი მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებულთა მხოლოდ 1%-ს აქვს. რაც ნიშნავს, რომ კვლევა საკმაოდ მცირემასშტაბიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ სისხლში NfL-ს მომატება სხვა დაავადებებით, ან ტრამვებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება NfL-ს გაზომვა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც რამდენიმე სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, თუმცა, მეცნიერების თქმით, აღნიშნულ სფეროში მცირე პროგრესიც კი იმედისმომცემია.
კომენტარები