როგორ შეცვალა ტონი სოპრანომ ტელევიზია
20 წლის წინ ტონი სოპრანომ, რომელსაც დადებით პერსონაჟს ვერ ვუწოდებთ, ტელევიზიის ისტორია შეცვალა. მაფიოზური დაჯგუფების ლიდერის ცხოვრებას თვალს უამრავი მაყურებელი ადევნებდა.
წლების წინ, როდესაც კინოინდუსტრია ხელოვნების მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა და ტელევიზია მხოლოდ ძველი, დავიწყებული ვარსკვლავების თავშესაფრად მიიჩნეოდა, ერთმა სერიალმა დღის წესრიგი შეცვალა.
1999 წელს გამოჩნდა სატელევიზიო დრამა სოპრანოს კლანი, რომელმაც მაყურებლებისა და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. იმ პერიოდში სატელევიზიო ლანდშაფტი დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. საკაბელო არხები იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა არხისთვის საზიარო გადაცემები და უხარისხო, მოძველებული კომერციული ფილმები გადიოდა.
სანამ სოპრანოს კლანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ შოუდ იქცეოდა, მასზე უარი რამდენიმე არხმა თქვა, მათ საკუთარი პოზიცია სხვადასხვა მიზეზით გაამყარეს. ზოგს მარტივი ისტორია სურდა, ზოგი თვლიდა, რომ სცენარში ბევრი გინება იყო, საბოლოო უარის მიზეზი კი მაინც ის ხდებოდა, რომ არავის ესმოდა, რატომ უნდა ეგულშემატკივა მაყურებელს განგსტერისათვის.
დევიდ ჩეიზის მაფიოზურმა დრამამ პრემიერისთანავე მიიპყრო ყურადღება და HBO ორიგინალურ სცენარზე შექმნილი სერიალების "თამაშში" წამყვან პოზიციაზე მოაქცია. სოპრანოს კლანმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ რა ითვლებოდა შემოსავლიან პროდუქტად, როგორ მოიხმარდა მაყურებელი კონტენტს და როგორი შეიძლება ყოფილიყო სერიალის მთავარი გმირი. მიუხედავად იმისა, რომ სოპრანოს კლანის სცენარსა და გადაღების ტექნიკას დღესაც ვერ უპოვით წუნს, იმ ალქიმიის უკან, რომელმაც შოუს ემის 16 ნომინაცია მოუტანა, ერთი მთავარი ფაქტორი იდგა: ტონი სოპრანო.
პრობლემებით დატვირთული განგსტერი შოუს ემოციური საყრდენიც იყო და სიუჟეტის მთავარი მამოძრავებელი ძალაც, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ჯეიმს განდოლფინის ამოუცნობმა, დეტალიზებულმა და ჩამთრევმა შესრულებამ ითამაშა. სერიალმა მთავარი გმირისა და სხვა მსახიობების ცხოვრება მომენტალურად შეცვალა და სატელევიზიო ინდუსტრიაში ახალ ტრენდს, ანტიგმირს ჩაუყარა საფუძველი.
სანამ პირველად ვნახავდით ტონის, რომელიც The Star-Ledger-ს ფურცლავს, ტელევიზია ის ადგილი იყო, სადაც მაყურებელი გარანტირებულად პოულობდა ადვილად გადასამუშავებელ ისტორიებს. აქ კარგი ბიჭები კვირიდან კვირამდე სამყაროს გადარჩენას ცდილობდნენ, ცუდი ბიჭები კი მზაკვრულად გეგმავდნენ მეტნაკლებად პროგნოზირებად ბოროტ საქმეებს. განდოლფინიმ სერიალის პრემიერიდან რამდენიმე თვეში მოახერხა და ემის ნომინაცია დაიმსახურა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დაჯილდოებამ საკაბელო არხის სერიალის წარმატება აღნიშნა. განდოლფინიმ სერიალის არსებობის პერიოდში სამჯერ მოიგო ემი.
თავდაპირველად ტონი სოპრანოს, როგორც პერსონაჟის კონკურენტები ჰაროლდ რემისის Analyze This-ის კრიმინალური გიგანტები იყვნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ HBO-ს დრამასა და რობერტ დე ნიროს მონაწილეობით გადაღებულ ფილმს საერთო შტრიხები ნამდვილად აქვთ (ორივე შემთხვევაში მთავარი განგსტერი ფსიქოლოგს რეგულარულად სტუმრობს), განდოლფინი კომიკურობის გარეშე გვაჩვენებს მაფიოზის შინაგან სამყაროს. პოპ-კულტურაში მენტალური დაავადების ასეთმა გააზრებულმა და შეულამაზებელმა ილუსტრაციამ სერიალი სხვა საფეხურზე აიყვანა.
როლმა, რომელმაც განდოლფინის ნიჭი სრული ბრწყინვალებით წარმოაჩინა, უამრავ კინომსახიობს უბიძგა, თავი სატელევიზიო სფეროშიც მოესინჯათ. ცვლილება მყისიერი არ ყოფილა, რადგან ჰოლივუდში ასეთი ამბები დროში იწელება ხოლმე, თუმცა სწორედ ამ სერიალმა აჩვენა, რომ ტელევიზიაში მრავალგანზომილებიანი ნარატივის ადგილიც არსებობდა.
როცა პილოტზე მუშაობა დაასრულა, ჩეიზმა სოპრანოს კლანის მიყიდვა ოთხი დიდი არხისთვის სცადა.
"არავის აინტერესებდა საკაბელო არხები და მით უმეტეს, არ უნდოდათ მათთვის ფულის გადახდა. ამ პერიოდში "სასწრაფო" უზარმაზარ ფულს შოულობდა რამდენიმე არხზე ტრანსლაციისთვის და მეც მინდოდა ბევრი ფული", - თქვა ჩეიზმა Vanity Fair-თან ინტერვიუში. სამედიცინო დრამის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული მარტივი არ აღმოჩნდა, ჩეიზი ყოველ ნაბიჯზე წააწყდა წინააღმდეგობას, რადგან მის პროექტს "ზედმეტად შავს" ან "სარისკოს" უწოდებდნენ.
"ტელევიზია უბრალოდ რადიოს გაგრძელებაა", - ასე განმარტა სერიალის შემქმნელმა საკუთარი იმედგაცრუების მიზეზები, - "რადიო უბრალოდ ბლაბლაბლაბაა და ტელევიზიაც სწორედ ესაა. ის დიალოგის პატიმარია, კამერით ჩაწერილი ადამიანების საუბარი. მყვირალა სიტყვები".
საბედნიეროდ, HBO-მ ეს მოცემულობა შეცვალა.
HBO-მ სტანდარტული გზიდან გადახვევა პირველად 1997 წელს სცადა, როცა ციხის თემაზე შექმნილი დრამა Oz გამოუშვა. სერიალი გამბედავ ნაბიჯად შეფასდა, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან გვიან გადიოდა და ზედმეტად სერიოზულ თემებს ეხებოდა, მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩა. შოუ ანტიგმირებით იყო სავსე, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებდა აუდიტორიაში ემპათიის აღძვრას. სოპრანოს კლანმა წინამორბედისგან ბევრი რამ ისწავლა და მისი შეცდომები აღარ გაუმეორებია.
განდოლფინიმ, რომელსაც მაფიოზის როლი უკვე შესრულებული ჰქონდა ფილმში True Romance, სატელევიზიო ანტიგმირებისთვის ახალი სტანდარტები შექმნა. ტონი სოპრანოს მიერ ჩადენილ ყველა შემაძრწუნებელ დანაშაულს მსახიობი ადამიანური ბუნების გამოვლინებით აბალანსებდა, რომელთანაც მაყურებელი ადვილად ავლებდა პარალელს. მისმა შესრულებამ, რომელიც ზიზღსა და თანაგრძნობას ერთდროულად იწვევდა, დრამატული სერიალის განვითარების პრინციპი თავდაყირა დააყენა.
რა თქმა უნდა, სოპრანოს კლანი კრიმინალური ლიდერის შესახებ გვიყვება — რომელსაც ასეთივე ოჯახი ჰყავს და თავიდან ფეხებამდეა ჩართული დანაშაულისა და მკვლელობების უზარმაზარ სქემაში — თუმცა თუ უკან დავიხევთ და სრული სურათის დანახვას ვეცდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ პერსონაჟს უამრავი შრე და ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი ისტორია აქვს. ეს არის ამბავი ჩვეულებრივი ამერიკელი კაცის შესახებ, რომელიც დანაწევრებული ოჯახის ფონზე ცდილობს, საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნოს.
HBO-ს ორიგინალური პროგრამების მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კრის ალბრეხტმა სცენარში დამალული ეს შესაძლებლობა მაშინვე შეამჩნია:
"ჩემთვის გავიფიქრე, ეს არის სერიალი კაცზე, რომელიც 40-ის ხდება", - თქვა ალბრეხტმა, - "მას ბიზნესი მამისგან გადაეცა. ზედმეტად მზრუნველი დედა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი უყვარს, ქორწინების გარეთ რომანი მაინც ჰქონდა. ორი თინეიჯერი შვილი ჰყავს... ის მუდამ ღელავს, დეპრესიაშია და საკუთარი ცხოვრების აზრს ეძებს. ერთადერთი განსხვავება მასსა და ჩემს ნაცნობებს შორის ისაა, რომ ტონი სოპრანო ნიუ-ჯერსის მთავარი კრიმინალია".
ჩეიზის დრამის პრემიერიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ The New York Times-მა სერიალს "1994 წლის შემდეგ პოპულარობით მესამე საკაბელო დრამა" უწოდა. ამას მოჰყვა დევიდ საიმონის საკულტო სერიალი The Wire, რომელიც იკვლევდა, რა გავლენას ახდენს კრიმინალი ქალაქსა და მის მაცხოვრებლებზე - დაწყებული ქუჩაში მდგომი დილერებით, დამთავრებული მთავრობის უმაღლესი ეშელონებით. ამ სერიალში მაყურებელი კიდევ ერთ წინააღმდეგობრივ გმირს, ყაჩაღ ომარ ლიტლს გულშემატკივრობდა.
2002 წელს HBO-ს გზას FX Network-იც მიჰყვა. FX, რომელიც მანამდე Fox-ის სერიალის, საიდუმლო მასალების ტრანსლაციით იყო დაკავებული, პოლიციელების შესახებ სერიალის მომზადებას შეუდგა (The Shield), რამაც ტელეეკრანებს კიდევ ერთი საინტერესო ანტიგმირი, ვიკ მაკქეი აჩუქა. ამ როლმა მაიკლ ჩიკლის კარიერა, განდოლფინისა არ იყოს, ახალ საფეხურზე აიყვანა. შეუბრალებელი პოლიციელის განსახიერებისთვის მსახიობმა ორი ემი დაიმსახურა.
ტონი სოპრანის შემდეგ ტელევიზია ანტიგმირებმა წალეკეს. პარალელურად, სულ უფრო და უფრო მეტი კინომსახიობი ინტერესდებოდა სერიალებით, სადაც ჩახლართული სიუჟეტები და კომპლექსური როლები ახალ ნორმად იქცა. საკაბელო არხები მაყურებლებს ამორალური, თუმცა ადამიანური პერსონაჟებით ანებივრებდნენ.
მედიცინის გენიოსი და ამავე დროს, ცინიკური ექიმი ჰაუსი, ტერორისტებთან დაუშვებელი გზებით მებრძოლი ჯეკ ბაუერი, ფსიქოპატი დექსტერი, ამორალური დონ დრეიპერი და ნარკოიმპერიის მმართველი ვოლტერ ვაითი - ეს იმ პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც მაყურებლებს საკუთარი ეთიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებინეს. აუდიტორია მზად იყო, ყველა საინტერესო ისტორია მოესმინა და სერიული მკვლელისთვისაც მოეძებნა ადამიანური მხარეები. აი, რისკენ გვიბიძგეს არხებმა.
ზემოთნახსენებ პერსონაჟებს ტონი სოპრანოსთან ერთი თვისება მაინც აერთიანებთ: დექსტერი მუდმივად მორალური კომპასის ძიებაშია, დონ დრეიპერი ცოლს ღალატობს, ვოლტერ ვაითს კი ოჯახური და კრიმინალური საქმიანობის შეთავსება უჭირს.
ყოველი ანტიგმირი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოჩენილა ეკრანზე, ტონი სოპრანოს გარკვეულ ნაწილს მაინც შეიცავს. ოსტატურად დაწერილი სცენარისა და ახლებური კინემატოგრაფიული სტილის დახმარებით განდოლფინიმ არა მხოლოდ HBO-ს, არამედ ყველა მომავალი პერსონაჟის ბედიც განსაზღვრა.
განდოლფინის გარეშე ტელევიზიის ოქროს ხანა შეიძლება არც დამდგარიყო. საბედნიეროდ, ტონი სოპრანო სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა საჭირო იყო.
ამავე თემაზე:
კომენტარები