დაფიქსირებული უცნაური ნათება, შესაძლოა, შავი ხვრელის დაბადებაზე მიუთითებდეს
2018 წლის გაზაფხულზე მეცნიერებმა ღამის ცაზე უცნაური ნათება დააფიქსირეს. ასტრონომები კი ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
კომპიუტერულმა პროგრამამ ნათებას ავტომატურად გენერირებული სახელი, AT2018cow დაარქვა, თუმცა მეცნიერები მას არაოფიციალურად The Cow-ს ეძახიან.
ივნისის შუა რიცხვებში ასტრონომებმა ასტეროიდების აღმრიცხველი სისტემის, ATLAS-ის საშუალებით კოსმოსში კაშკაშა ნათება დააფიქსირეს. ის ჰერკულესის თანავარსკვლავედში არსებული ჯუჯა გალაქტიკიდან, CGCG 137-068-დან მომდინარეობდა, რომელიც დედამიწიდან ორასი მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. გალაქტიკური მასშტაბების გათვალისწინებით, ეს არც ისე დიდი მანძილია.
კაშკაშა სინათლე ისევე მალე გაქრა, როგორც გამოჩნდა. ATLAS-ის ასტრონომებმა კი აღნიშნული სიახლე სამეცნიერო საზოგადოებას სწრაფადვე გააცნეს.
The Cow-მ ასტრონომების ყურადღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიპყრო და მასზე დაკვირვება სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ტიპის ტელესკოპებით მოხდა.
დაკვირვებისას მალევე გახდა აშკარა, რომ საქმე ჩვეულებრივ სუპერნოვასთან (ზეახალი ვარსკვლავი) არ გვქონდა.
"ეს სინათლის ძალიან კაშკაშა წყარო იყო, ის ბევრად უფრო ნათელი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა სუპერნოვა, რომელიც ჩვენ დაგვიფიქსირებია. The Cow ძალიან სწრაფად გაჩნდა და გაქრა, რაც სუპერნოვებისათვის დამახასიათებელი არ არის. საქმე რაღაც ახალ მოვლენასთან გვაქვს", - აცხადებს ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი დანიელ პერლი.
პერლი ერთ-ერთი ასტრონომია, რომელმაც ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 223-ე კონფერენციაზე The Cow-ს შესახებ საკუთარი კვლევები წარმოადგინა.
აფეთქებამ მის გარშემო არსებული ნაწილაკები წამში 30 000 კილომეტრამდე ააჩქარა, რაც სინათლის სიჩქარის 10 პროცენტია. ნათება კი დაახლოებით 16 დღის შემდეგ შესუსტდა.
ჩილეში განთავსებული ტელესკოპის, SOAR-ის საშუალებით ასტრონომებმა სინათლეში წყალბადისა და ჰელიუმის კვალი დააფიქსირეს. ასტრონომების თქმით, თუ აღნიშნული მოვლენა სხვადახვა კოსმოსური ობიექტების შეჯახების შედეგია, მაშინ "აფეთქებიდან" მიღებული სინათლის სპექტრში მძიმე მეტალების კვალიც უნდა აღმოჩენილიყო.
The Cow სხვა კოსმოსურ მოვლენებთან შედარებით უფრო "შიშველი" იყო, ვგულისხმობთ იმას, რომ მის გარშემო ნაწილაკების დიდი რაოდენობა არ გაფანტულა.
"აფეთქების ცენტრში მყოფი "ბირთვი" ძალიან კაშკაშა იყო. სხვა აფეთქებებში ამის დანახვას ვერ შევძლებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში საშუალება მოგვეცა, რომ ცენტრიდან მომავალი რადიაცია პირდაპირ დაგვეფიქსირებინა", - აცხადებს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი რაფაელა მარგუტი.
სუპერნოვებიდან მიღებული რადიაცია, როგორც წესი, სტაბილური და თანაბარია ხოლმე, ამ შემთხვევაში კი მიღებული სიგნალები არსტაბილური და "ფეთქებადი" იყო. რადიაციის ინტენსივობა ყოველ რამდენიმე დღეში მაღალ ნიშნულზე ხტებოდა.
ასტრონომები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აფეთქება რაღაც სხეულით იკვებებოდა, სავარაუდოდ, ეს შავი ხვრელი ან მაგნეტარი (სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი) უნდა ყოფილიყო.
სხვადასხვა ტელესკოპით შეგროვებული ინფორმაციის გაერთიანებით ასტრონომებმა აფეთქების რამდენიმე შესაძლო მიზეზი დაასახელეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფეთქება ზრდის პროცესში მყოფმა შავმა ხვრელმა ან ნეიტრონულმა ვარსკვლავმა გამოიწვია. თეორიულად ვიცით, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები ვარსკვლავების დაღუპვის შედეგად ფორმირდება, თუმცა ჩვენ მათი დაბადების პროცესი არასდროს გვინახავს", - აცხადებს CTIO-ს ობსერვატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიაკომო ტერერანი.
თუ ასტრონომების ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ტელესკოპებმა ზუსტად ის მომენტი დააფიქსირეს, როდესაც ვარსკვლავის დაღუპვის შედეგად შავი ხვრელი, ან ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნა.
რადგანაც აღნიშნულ აფეთქებაზე დაკვირვება რამდენიმე სხვადასხვა ტელესკოპით მოხდა, ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მოვლენის ამოსნას შეძლებენ. ამჟამად კი დებატები იმის შესახებ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, კვლავ მიმდინარეობს.
კომენტარები