ცხელი წყლის დასხმა, ნაჯახით დადევნება, დაჭრა — 5 მსხვერპლი ქალი და ძალადობის ისტორიები
ჩვენ გარშემო ქალებს ისევ სცემენ, მათ შორის ორსულობისას, ფიზიკურ შრომას აიძულებენ, იარაღით ემუქრებიან, თვითმკვლელობამდე მიჰყავთ... გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემა რეგიონებში განსაკუთრებით მწვავეა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივ ტრადიციებსა და ჩვეულებებსაც ასახელებენ. ზოგადი დიკრიმინაციული ფონის გამო, პოლიციისა და მსხვერპლის რეაგირებაც დაგვიანებულია ხოლმე.
გთავაზობთ რამდენიმე მსხვერპლი ქალის ისტორიას, რომელიც ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. მასალაში გამოყენებული ქალების სახელები პირობითია და მსხვერპლების რეალურ ვინაობაზე არ მიუთითებს.
ცხელი წყლის გადასხმა, იარაღით თავდასხმა — ნინო
ნინომ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას დახმარებისთვის 2017 წელს მიმართა. ის წლების განმავლობაში ქმრისგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ნინო ყოფილმა ქმარმა თავისი ნების საწინააღმდეგოდ 2008 წელს მოიტაცა.
თანაცხოვრების დაწყებიდან ორ თვეში ქმარმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ცემა, სხვადასხვა საგნების სროლა, ცხელი წყლის გადასხმა — ეს ძალადობის იმ ფორმების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნინოს ქმარი იყენებდა. ამასთანავე, ნინო სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ქმარი მას აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა, რომ თუ სახლიდან წასვლას დააპირებდა, აუცილებლად მოკლავდა და თვალებს დაუზიანებდა.
ძალადობისაგან თავის დასაღწევად ნინო დროებით მშობლების სახლში გადავიდა, თუმცა ამან მოძალადე ვერ შეაჩერა. მშობლების სახლში ცივი იარაღით დაესხა თავს და განსაკუთრებული სისასტიკით იძალადა მასზე.
"სამართალდამცავები ფლობდნენ ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ. სამართალდამცავები საფუძვლად ნინოს პოზიციას იყენებდნენ. ის უარს აცხადებდა საჩივრის შეტანაზე. თავის მხრივ, მსხვერპლის ასეთი ქმედების მიზეზი წლების განმავლობაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იყო", — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ძალადობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2017 წლის 25 ივლისს მოხდა. მოძალადე ნინოსა და მის დედას პნევმატური იარაღით დაესხა თავს. მან ქალს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, კერძოდ, ესროლა სხეულის მიდამოებში და იარაღის ტარით თავი დაუზიანა.
მოძალადის მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მოძალადე, საბოლოოდ, სამივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო და მას ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუცლის არეში დაჭრა, თვითმკვლელობის მცდელობა — ლიზა
ლიზა წლების განმავლობაში იყო ქმრისგან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. მან არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. ლიზაზე ძალადობაც მისი მოტაცების მცდელობითა და შემდეგში ნების საწინააღმდეგოდ ოჯახის შექმნით დაიწყო.
თანაცხოვრებიდან რამდენი თვეში მისმა მეუღლემ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაიწყო და წამალდამოკიდებული გახდა. ამ ეტაპიდან ის სისტემატურად ძალადობდა მსხვერპლზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, კერძოდ, სცემდა და აგინებდა ქალს. ერთხელ ცივი იარაღით დაესხა თავს და მუცლის არეში დაჭრა.
სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდნენ ლიზას არასრულწლოვანი შვილებიც. მათ მამა აიძულებდა, "წამლის" ე.წ. მოხარშვაში დახმარებოდნენ, ავალებდა სხვადასხვა მასალის მოტანას, მოხარშვით გამოწვეული სუნის გაქრობას სახლში და ა.შ. ამასთანავე, იგი ბავშვების თვალწინ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას.
2017 წლის მაისში, ლიზამ ქმრის მხრიდან მორიგი ძალადობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ ინციდენტის გამოსაკვლევად მისულმა პოლიციელებმა, როგორც მსხვერპლი აცხადებს, თავად ქალი დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ქმართან პატარა ჩხუბის გამო მას თავის მოკვლა არ უნდა ეცადა. პოლიციელებს გამოძიება არ დაუწყიათ. მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლიზას თქმით, ექიმებს განუმარტეს, რომ ქალმა დიდი რაოდენობის წამლები არა თვითმკვლელობის მიზნით, არამედ ტკივილის გასაყუჩებლად დალია.
ლიზამ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დახმარებით სასამართლოში განცხადება შეიტანა და დამცავი ორდენის გაცემა მოითხოვა, როგორც თავისთვის, ისე შვილებისთვის. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მხარის არგუმენტაცია და დამცავი ორდერის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.
ნაჯახით დადევნება და მსხვერპლი შვილები — თამუნა
თამუნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი 23 წლის განმავლობაში იყო. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, თამუნამაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნა ოჯახი. მისმა ყოფილმა ქმარმა ქალზე ძალადობა მალევე დაიწყო, კერძოდ, მუდმივად ცდილობდა მსხვერპლის დამცირებას, შეურაცხყოფას და ფიზიკურადაც ეხებოდა. მოძალადე პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. თამუნას სახლიდან წასვლა და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა ეკრძალებოდა.
ძალადობის ერთ-ერთი ბოლო მძიმე შემთხვევა 2017 წლის სექტემბერში მოხდა. თამუნა იხსენებს, რომ ამ დღეს მოძალადე სახლში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა და სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი. ის ხელით ჯერ ქალს, შემდეგ კი თავის არასრულწლოვან შვილს შეეხო. წინააღმდეგობის გაწევის გამო მოძალადე ცოლ-შვილს ნაჯახით დაედევნა. მათ თავი ახლობლებს შეაფარეს.
ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა: მოძალადის ნათესავები, რომლებიც სახლის ქვედა სართულზე ცხოვრობდნენ, ასევე მეზობლები და გამვლელები. არცერთ მათგანს პოლიციისთვის არ მიუმართავს და არც გამოძიება დაწყებულა. 2018 წლის 12 თებერვალს
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ერთ-ერთი პირობის თანახმად, სასამართლოს მოძალადისთვის მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება უნდა აეკრძალა. მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილი თავად მოძალადის საკუთრება იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მოძალადეს საკუთარ სახლთან მიახლოება ექვსი თვის ვადით აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
იძულებით გათხოვება და შრომითი ექსპლუატაცია — ქეთი
ქეთი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ყვება, რომ წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლისა და მისი მშობლების მხრიდან.
16 წლის ქეთი მშობლებმა იძულებით გაათხოვეს. თანაცხოვრების დაწყების დღიდან, მეუღლე ქალს უხეშად ეპყრობოდა, დროის გასვლის შემდეგ კი, ეს აგრესია უფრო გაიზარდა. ქმარი და მისი მშობლები ქეთის ავიწროებდნენ და მუდმივად მიუთითებდნენ ფაქტზე, რომ ის არ ფეხმძიმდებოდა.
ამასთანავე, ქეთი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლიც იყო, კერძოდ, მამამთილი მას ფიზიკურ შრომას აიძულებდა. ამ მიზეზებით, ქეთიმ რაოდენობით წამლები მიიღო და თვითმკვლელობა სცადა, რომ არა მისი ძმის სწრაფი რეაქცია, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა.
2017 წლის 22 ივნისს ქეთიმ აჭარის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და ოჯახში ძალადობის გამოძიება მოითხოვა. საქმე ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციას გადაეცა, მათ გამოკითხეს მსხვერპლი და სხვა საგამოძიებო ქმედებებიც განახორციელეს, თუმცა პასუხისგებაში დღემდე არავინ მიუციათ.
ძალადობა ორსულობისას და ახალშობილი ჯანმრთელობის პრობლემებით — მაია
მაია რუსთავში ცხოვრობს. ის ორი 2 წლის განმავლობაში მეუღლისგან და დედამთილისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, მათ შორის, ორსულობის პერიოდშიც.
წინა ისტორიებისგან განსხვავებით, მაიამ საკუთარი სურვილით შექმნა ოჯახი. დაქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი საცხოვრებლად დედამთილთან გადავიდა. მსხვერპლის თქმით, დედამთილთან თანაცხოვრების შემდეგ მისი ქმარი რადიკალურად შეიცვალა და ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო. დროთა განმავლობაში აგრესია უფრო გაიზარდა და კაცმა მაიაზე ფიზიკური ძალადობაც დაიწყო. ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ფიზიკური ძალადობა არც ქალის ორსულობის პერიოდში შეწყვეტილა. ბავშვი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა.
ძალადობის ბოლო შემთხვევის შემდეგ მსხვერპლმა პოლიციას მიმართა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მაია დაზარალებულად სცნეს. ამჟამად საქმე სასამართლო წარმოების პროცესშია.
კომენტარები