კვლევა: რატომ გვინდება საყვარელი არსებების მოჭყლეტა?
ეს ის გრძნობაა, რომლის დროსაც თავის შეკავება ძალიან რთულია. ერთადერთი რამ, რაც ამ დროს ჩვენს თავში ტრიალებს - დაუოკებელი სურვილია, რომ ზემოთ მოცემულ ფუმფულა ცუგას ვეცეთ და თავი გამალებით დავუჩქმიტოთ.
როგორც აღმოჩნდა, ეს სავსებით ნორმალური ფენომენია და მას ფსიქოლოგიაში "საყვარელი აგრესიის" ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე.
საყვარელი აგრესია, ერთი შეხედვით, უარყოფითად ჟღერს, თუმცა ტერმინის უკან ცუდი არაფერი იმალება. უფრო მეტიც, ეს ფენომენი, სავარაუდოდ, ჩვენ უფრო მზრუნველს გვხდის.
ახლახან გამოქვეყნდა პირველი კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა ეს ფენომენი შეისწავლეს.
კვლევის ავტორების თქმით, საყვარელი აგრესია ჩვენს ტვინში ზრუნვისა და მოვლის სურვილს აჩენს, ამის წყალობით ეს მექანიზმი ჩვენს ტვინში, სუპერ-საყვარელი ნივთებისა და არსებების დანახვისას წარმოქმნილ გადაჭარბებულ ემოციებს ანეიტრალებს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საყვარელი აგრესია მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჩვენ წარმოუდგენლად საყვარელ არსებებს, ან ნივთებს ვაწყდებით", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის კოგნიტური მეცნიერებებისა და ნეიროფსიქოლოგიის პროფესორი კატერინა სტავროპულოსი, - "ჩვენი კვლევა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საყვარელი აგრესია ტვინის ერთგვარი უნარია, რომლის საშუალებითაც ის სუპერ-საყვარელ შემთხვევებს უმკლავდება"
"საყვარელი აგრესიის" ფენომენი წარსულშიც იყო შესწავლილი, თუმცა ეს პირველი კვლევაა, როდესაც ეს ფსიქოლოგიური ფენომენი ტვინში ფიზიოლოგიურ აქტივობასთან დაკავშირდა.
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ საყვარელი აგრესია, ტვინში, დაჯილდოვებისა და ემოციების ცენტრებს ააქტიურებს.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 54-მა ადამიანმა მიიღო, მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა. თითოეულ მათგანს მეცნიერებმა 128 ფოტო აჩვენეს, რომელზეც საყვარელი ბავშვები, ან ცხოველები იყვენ გამოსახული.
ფოტოებში იყვნენ პატარა, ან დიდი ცხოველები, ასევე ბავშვების ჩვეულებრივი და კომპიუტერით დამუშავებული სურათები, ამ უკანასკნელში ბავშვებს სისაყვარლის განმაპირობებელი თვისებები გადაჭარბებულად ჰქონდათ გამოხატული.
ფოტოების თითოეული კატეგორიის ჩვენების შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილეებს დაუსვეს კითხვები, მაგალითად, რამდენად საყვარლად ეჩვენებოდათ ესა თუ ის სურათი და უჩნდებოდათ თუ არა ფოტოებში გამოსახულ არსებებზე ზრუნვის სურვილი.
ამ საკითხზე წარსულში ჩატარებული კვლევის მსგავსად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ "საყვარელი აგრესია" ყველა ადამიანს არ ახასიათებს.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების ნაწილი საყვარლობების მიმართ განსაკუთრებით ემოციურია, საყვარელი აგრესია თავს სწორედ ამ დროს იჩენს, მაგრამ არსებობენ ადამიანებიც, რომელთათვისაც ეს შეგრძნება უცხოა.
ექსპერიმენტით გაირკვა, რომ მონაწილეების 64 პროცენტს ფრაზა "ისეთი საყვარელია, მინდა გავჭყლიტო" წარსულშიც უთქვამთ. მონაწილეთა 74 პროცენტმა კი განაცხადა, რომ ამ სურვილის გამო საყვარელი ცხოველები და ბავშვები მართლაც დაუჩქმეტავთ.
განსაკუთრებით დიდი კორელაცია პატარა ცხოველების სურათების ყურებისას განცდილი საყვარელი აგრესიისა და ტვინში დაჯილდოვების მექანიზმების გააქტიურებას შორის დაფიქსირდა.
"თუ თქვენ ბავშვს დაინახავთ, რომლის სისაყვარლესაც ვერ უძლებთ, თქვენ შეიძლება მას ადეკვატურად ვერ მოუაროთ", - აცხადებს სტავროპულოსი, - "საყვარელი აგრესია არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ უსაზღვროდ საყვარელ ბავშვებსა და ცხოველებს გავუმკლავდეთ".
კვლევა ჟურნალ Frontiers in Behavioral Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები