როდესაც სარკეში იყურებით, თქვენ საკუთარ თავს აღიქვამთ. ამ უნარს ადამიანებთან ერთად დელფინები, სპილოები, შიმპანზეები და კაჭკაჭები იყოფენ, რადგან მათ საკუთარი ანარეკლის ამოცნობა შეუძლიათ.

სარკის ტესტი ხშირად გამოიყენება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა ორგანიზმს თვითცნობიერება. ახლა კი ერთ-ერთმა თევზმა, აღნიშნული ტესტი წარმატებით გაიარა, რაც უჩვეულოა. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ სარკის ტესტი შესაძლებელია იმას უფრო გამოხატავდეს, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ, ადამიანები, ვიდრე იმას, აქვთ თუ არა ცხოველებს ცნობიერება.

ალექს ჯორდანი ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერია, ის თევზ ჭორჭილაზე ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია. მან და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ცდა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ტროპიკულ თევზს სარკეში საკუთარი ანარეკლის ამოცნობა შეუძლია.

ცდის ფარგლებში მეცნიერები თევზის სხეულზე საღებავით ლაქას სვამდნენ, თევზი კი სარკეში საკუთარ სხეულზე ლაქის დანახვის შემდეგ, მის მოცილებას ცდილობდა. ნეირომეცნიერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სამი წლის შემდეგ, კვლევა, როგორც იქნა, გამოქვეყნდა და ის მიუთითებს, რომ თევზის ამ სახეობას საკუთარი თავის აღქმის გარკვეული უნარი გააჩნია.

"მე ბოლო ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ამ თევზს ისეთივე გონებრივი შესაძლებლობები აქვს, როგორც შიმპანზეს. ისიც სიცრუეა, რომ ჭორჭილას გონება 18 თვის ბავშვის გონების ეკვივალენტურია. მე ვთვლი, რომ სარკის ტესტი, რომელსაც მეცნიერების 50 წელზე მეტია იყენებენ, თვითცნობიერების დასადგენად არ გამოდგება", -აცხადებს ჯორდანი.

ამ ცდის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ის მხედველობაზეა დაფუძნებული. ამ საკითხზე ემორის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი და ფსიქოლოგიის პროფესორი გრეგორი ბერნი საკუთარ წიგნში საუბრობს. საქმე ისაა, რომ მხედველობა ყველა ცხოველისთვის აღქმის მთავარი გრძნობა არ არის. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ ღამურა, რომელიც გარემოში ორიენტაციისთვის ხმის ბგერებს იყენებს, თვითცნობიერი იყოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაფიქსირებდეთ. ადამიანი გარემოს შესაცნობას დიდწილად მხედველობით ახდენს და ჩვენს მიერ შემუშავებული სარკის ტესტიც აღქმის ამ უნარზეა მორგებული.

სპილოები, რომლებიც სარკის ტესტსაც წარმატებით აბარებენ, უფრო მეტად ყნოსვაზე არიან დამოკიდებულნი, ვიდრე მხედველობაზე. ნიუ-იორკის ჰანტერის კოლეჯის ფსიქოლოგის ჯოშუა პლოტნიკის თქმით, სპილოების ცნობიერება შესაძლოა ადამიანებისთვის რთული აღსაქმელი იყოს, რადგან ჩვენ უბრალოდ განსხვავებულად ვფუნქციონირებთ.

პლოტნიკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ახალი ტიპის ცდები, რათა სპილოები უკეთ შევისწავლოთ.

"მე დაინტერესებული ვარ ისეთი ექსპერიმენტების შემუშავებით, რომლებიც კონკრეტულად სპილოებზეა მორგებული. ცხოველთა ცნობიერებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ექსპერიმენტები იმ სახეობებისთვის არის განკუთვნილი, რომელთათვისაც სამყაროს აღქმის მთავარი საშუალება მხედველობაა. ასეთი სახეობებში შედის ადამიანი, შიმპანზე, მაიმუნები, ფრინველები. უსამართლობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ძაღლები და სპილოები ჩვენსავით ჭკვიანები არ არიან, ან თუ ვიფიქრებთ, რომ მათი ცნობიერება განუვითარებელია. შესაძლებელია, რომ ეს ექსპერიმენტები მათთვის შესაფერისი უბრალოდ არ იყოს. ჩვენთვის ადვილი არაა, რომ წარმოვიდგინოთ, როგორია სპილოდ, ან ძაღლად ყოფნა, რადგან ჩვენ სამყაროს განსხვავებულად აღვიქვამთ", - ხსნის პლოტნიკი.

ცნობიერება ცხოველებსა და ადამიანებშიც, რთული შესასწავლია. ფილოსოფოსები და ნეირომეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ ხდება საკუთარი თავის აღქმა და რა ფიზიკური პროცესები დგას ამ ყველაფრის უკან.

ადამიანები, რომლებიც პანფსიქიკურ ხედვას იზიარებენ, მიიჩნევენ, რომ ყველა ცოცხალ არსებას გარკვეული ცნობიერება გააჩნია, მოლეკულით დაწყებული, მცენარითა და ადამიანით დამთავრებული. თუმცა, ცნობიერების რა დონეა საჭირო საკუთარი თავისა და სხვების აღსაქმელად, გაურკვეველია.

ჯორდანი, რომელმაც თევზებზე ექსპერიმენტი ჩაატარა, თვლის, რომ თვითცნობიერება შესაძლებელია სპექტრის სახით არსებობდეს. მისი თქმით, ჭორჭილა თვითცნობიერია, მაგრამ არა ისე, როგორც ადამიანი, - მხოლოდ ის ფაქტი, რომ თევზს სარკეში დანახულ საკუთარ სხეულზე ლაქის ამოცნობა შეუძლია, არ ნიშნავს, რომ მას ცხოვრების არსზე დაფიქრება შეუძლია.

ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ცხოველებში ცნობიერების შესწავლის ახალი გზები უნდა შეიმუშაონ. ალბათ ისიც საჭიროა, რომ თვითცნობიერების უკეთესი განმარტებაც დამუშავდეს. საჭიროა ახალი ტიპის ექსპერიმენტები, რომლებითაც ცხოველებში თვითცნობიერების ამოცნობას შევძლებთ.

ამ მოსაზრებას ცნობიერების მკვლევარებს შორის ხშირად მოისმენთ. ამ საკითხის გადახედვის აუცილებლობაზე ნატურალისტები, ნეირომეცნიერები და ბოტანიკოსებიც კი საუბრობენ. რვაფეხები, ლობსტერები, ძაღლები და მცენარეები შესაძლოა სამყაროს ჩვენნაირად არ აღიქვამენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ არსებობას ვერ გრძნობენ.