დამატებითი X ქრომოსომის გამო, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ
ცნობილია, რომ საშუალოდ, ქალები კაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამაში როლს სავარაუდოდ უამრავი სხვადახვა ფაქტორი თამაშობს, ახალი კვლევა კი მიუთითებს, რომ პასუხი ნაწილობრივ X ქრომოსომაში იმალება.
ორი X ქრომოსომის ქონას გარკვეული უპირატესობები გააჩნია, მაგალითად, მრავალი გენეტიკური დაავადება X ქრომოსომაში მოცემული რეცესიული გენით ვლინდება. ბიჭები, რომლებსაც გენის დეფექტური ვარიანტი შეხვდებათ, დიდი რისკის წინაშე დგანან და უმეტესობა მათგანი ბავშვობაშივე იღუპება. გოგოებს კი აღნიშნული პრობლემა მხოლოდ მაშინ ეხებათ, თუ რეცესიული გენი ორივე X ქრომოსომაში გამოვლინდება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის დენა დუბალის კვლევის ფარგლებში ვიგებთ, რომ რეცესიული გენებისგან თავის დაცვის უნარის გარდა, X ქრომოსომის ქონას სხვა უპირატესობებიც აქვს, ყოველ შემთხვევაში, მღრღნელებში მაინც.
პროფესორმა გენეტიკური ინჟინერიით მიიღო თაგვების ორი ჯგუფი, პირველ ჯგუფს ორი X ქრომოსომა, მაგრამ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქეო ორგანოები ჰქონდათ, თაგვების მეორე ჯგუფს კი X და Y ქრომოსომა, მაგრამ მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები. აღნიშნული თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ორივე სქესის ჩვეულებრივ თაგვებს შეადარეს.
აღნიშნულ კვლევაში ჩართულ თაგვებს გაუმართლათ, მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როდის დაიღუპებოდნენ ისინი ბუნებრივად. დუბალმა აღმოაჩინა, რომ მდედრობითი სქესის სასქესო ორგანოების ქონა გახანგრძლივებულ სიცოცხლესთან იყო ასოცირებული, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ორი X ქრომოსომა იყო. XX ქრომოსომის მქონე თაგვები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის გენიტალიები ჰქონდათ მათ, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე XY-ის მქონე თაგვები.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ორი X ქრომოსომის მქონე თაგვებს 23 თვის ასაკამდე დაღუპვის ნაკლები შანსი ჰქონდათ, მიუხედავად მათი სასქესო ორგანოებისა. ხოლო მათ შორის, ვინც ამ ასაკს მიაღწია, უფრო უკეთესი შედეგი მდედრობითი სასქესო ორგანოების მქონე თაგვებს ჰქონდათ.
"ერთი შეხედვით, დასაშვებია, რომ ბუნებამ მდედრების ამ გზით განვითარებაზე იზრუნა. როცა დიდხანს ცოცხლობ, საკუთარ შთამომავლობაზეც უფრო დიდხანს შეგიძლია იზრუნო, ან, შესაძლოა, - მათ შთამომავლობაზეც", - განაცხადა დუბალმა.
ამ სიტყვებში იგულისხმება, რომ ქალები კაცებზე მეტად ზრუნავენ შვილებზე, თუმცა ეს დაშვება ყველა სახეობისთვის სწორი არაა.
ევოლუციური ახსნა ერთია, თუმცა მის უკან მდგომი მექანიზმი უცნობია. დუბალი ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, კერძოდ კი ალცჰაიმერს იკვლევს. ის იმედოვნებს, რომ X ქრომოსომის დადებითი გავლენის უკეთ შესწავლა მას ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაეხმარება.
კომენტარები