პროგრამა Breakthrough Starshot-ის ფარგლებში, მეცნიერებს სურთ, რომ შორეული ვარსკვლავური სისტემების შესასწავლად უძლიერესი ლაზერები და ორცხობილის სისქის ხომალდები გამოიყენონ.

ეს ერთი შეხედვით ფანტასტიკის სფეროა, თუმცა პროგრამის მთავარი ინჟინერი აცხადებს, რომ აღნიშნულ პროექტზე უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის წარმატებით მიმდინარეობს.

Starshot-ის დამფუძნებლებსა და პარტნიორებს შორის შევხვდებით ისეთ სახელებს, როგორიც არის სტივენ ჰოკინგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი ავი ლოუბი და რუსი მილიარდერი იური მილნერი. პროექტის კონცეფცია ვარსკვლავთშორის მოგზაურობაზე არსებულ 80-ზე მეტ სამეცნიერო კვლევაზეა დაფუძნებული.

იური მილნერმა და სილიკონის ველის რამდენიმე ინვესტორმა პროექტი $100 მილიონით უკვე დააფინანსა, რისი წყალობითაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევები ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.

"მათ სურდათ, რომ შეგვესწავლა სხვადასხვა მეთოდები, რომლებითაც სხვა ვარსკვლავებისკენ ობიექტების გაგზავნას შევძლებდით. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა გიგანტური ლაზერის აშენებაა და ეს სავარაუდოდ ჩილეში უნდა მოხდეს.", - აცხადებს Breakthrough Foundation-ისა და Starshot-ის მთავარი ინჟინერი პიტერ კლუპარი.

პროექტი ითვალისწინებს 1 000 ჩიპის ვარსკვლავ ალფა კენტავრისკენ გაგზავნას, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 4.37 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული. ჩიპების სიჩქარე სინათლის სიჩქარის დაახლოებით 20 პროცენტი იქნება (220 მილიონი კილომეტრი საათში), თითოეული ჩიპის წონა კი - ერთ გრამზე ნაკლები.

დანიშნულების კიდევ ერთ ადგილად პროქსიმა კენტავრი განიხილება, რომელიც დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოსაა, თანაც არსებობს შანსი, რომ ამ უკანასკნელს სიცოცხლისთვის შესაფერისი პლანეტა ჰყავდეს.

ალფა კენტავრი

ალფა კენტავრი

ფოტო: ESO/Digitized Sky Survey 2

წარმატების შემთხვევაში, StarChip-ები ვარსკვლავთშორის მოგზაურობაში შეიძლება 2030-იან წლებში გაემართონ. თითოეული ჩიპი დედამიწაზე განთავსებული უძლიერესი ლაზერების გამოყენებით სამოგზაურო სიჩქარეს სულ რამდენიმე წუთში მიაღწევს.

თუმცა, კლუპარის თქმით, 100-გიგავატიანი ლაზერი იმდენად ძლიერი იქნება, რომ მას ქალაქების განადგურება რამდენიმე წუთში შეეძლება, თუ, რა თქმა უნდა, მას კოსმოსიდან სპეციალური სარკის გამოყენებით რომელიმე ქალაქისკენ მივმართავთ.

ქალაქების აორთქლება, რა თქმა უნდა, Starshot-ის მიზნებში არ შედის. მაგრამ, თუ ეს პროექტი გაამართლებს, კამერით აღჭურვილი ჩიპებით კაცობრიობამ 2060-იან წლებში შესაძლოა ეგზოპლანეტების პირველი ახლოდან გადაღებული ფოტოები მოიპოვოს. დანიშნულებამდე მისაღწევად ჩიპებს დაახლოებით 25 წელიწადი დასჭირდებათ, უკან სიგნალის გამოგზავნას კი დაახლოებით 4 წელი.

პროექტი Starshot 2016 წელს დაიწყო და კლუპარის თქმით, მათ მას შემდეგ დიდ პროგრესს მიაღწიეს.

"თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ამჟამად 50 კონტრაქტის გაფორმებაზე ვმუშაობთ, რაც ამ ყველაფერს მალე რეალობად აქცევს. პროექტში ჩართულია კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტი და ეგზეტერის უნივერსიტეტი. ჯერჯერობით არ წამოჭრილა ისეთი პრობლემა, რომელიც პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ დააყენებს", - აცხადებს კლუპარი.

100-გიგავატიანი ლაზერი

ფოტო: Breakthrough Prize

კლუპარს და მის კოლეგებს პროექტის წინაშე არსებული დაბრკოლებები გაცნობიერებული აქვთ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა შესაძლებელია მძლავრი ლაზერის ასაშენებლად საჭირო უზარმაზარი თანხები იყოს.

მეცნიერები ცდილობენ გააანალიზონ, როგორ შეძლებს ჩიპებზე მიმაგრებული "მზის იალქნები" ჩიპების აჩქარებას. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ხომალდები უძლიერესმა ლაზერმა შეიძლება დააზიანოს. ასევე არსებობს შანსი, რომ ლაზერმა ჩიპების ტრაექტორიაზე იქონიოს გავლენა.

"მზის იალქანი ძალიან თხელია. მისი დიამეტრი ოთხი მეტრია, სისქე კი - სულ რაღაც 400 ატომი. მისი წონა ნახევარი გრამია", - აცხადებს კუპლარი.

ასევე არსებობს ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის პრობლემა, რომელმაც შეიძლება სწრაფად მოძრავი ხომალდი დააზიანოს.

Starshot-ის ინჟინრებმა ამ პრობლემების შესახებ იციან და ისინი მის გადაწყვეტაზე უკვე მუშაობენ. მაგალითად, დანიშნულების ადგილამდე ხომალდის უვნებლად მიღწევა შეიძლება საჭირო სულაც არ იყოს, სავარაუდოა, რომ გზაში "მზის იალქნის" დიდი ნაწილი დაზიანდება, თუმცა მთავარია, რომ დანიშნულების ადგილამდე ხომალდის იმ ნაწილმა მიაღწიოს, რომელიც ფოტოების გადაღებასა და ინფორმაციის უკან გამოგზავნას შეძლებს.

კლუპარს მაგალითად Starshot-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი ექსპერიმენტალური 4-გრამიანი თანამგზავრები, Sprite-ები მოჰყავს, რომლებიც 2017 წელს ინდური რაკეტით ორბიტაზე გაუშვეს.

თანამგზავრი Sprite

თანამგზავრი Sprite

ფოტო: Breakthrough Starshot

ეს რამდენიმე სანტიმეტრის ზომის თანამგზავრებია, რომლებმაც ორბიტაზე ტემპერატურა გაზომეს და რადიოტალღების საშუალებით ინფორმაცია მიწაზე გამოაგზავნეს. ეს ხომალდები შეგვიძლია StarChip-ების წინამორბედებად მივიჩნიოთ.

კლუპარის თქმით, 20 წლის წინ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო CubeSat-ების მიმართაც. CubeSat-ები ჩემოდნის ზომის პატარა თანამგზავრებია, რომლებსაც ორბიტაზე სხვადასხვა ფუნქციების შესრულება შეუძლიათ, დღეს ისინი ხშირად გამოიყენება და მათზე ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება.

Starshot გეგმავს, რომ მომავალ წელს კიდევ ოთხი პაწაწინა სატელიტი გაუშვას, რომლითაც StarChip-ის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიას გამოცდიან.

რამდენიმე დღე მარსამდე

მარსი

მარსი

ფოტო: ISRO/ISSDC/Emily Lakdawalla

სანამ StarShot ვარსკვლავებისკენ გაეშურება, ტექნოლოგიის გამოცდა მზის სისტემაში იგეგმება. 2030 წლისთვის ინჟინრები იმედოვნებენ, რომ ისინი ნევადაში 1-გიგავატიანი ლაზერის აშენებას შეძლებენ. ამით ისინი პროექტისთვის საჭირო ტექნოლოგიას გამოცდიან, თანაც 10-ჯერ უფრო იაფად.

1-გიგავატიანი ლაზერით პროექტის ავტორები ხომალდების სხვადასხვა პლანეტებზე, მთვარეებსა და ასტეროიდებზე გაგზავნას გეგმავენ. ამ შემთხვევაში ხომალდების სიჩქარე სინათლის სიჩქარის დაახლოებით ერთი პროცენტი იქნება.

"აღმოჩნდა, რომ 1-გიგავატიანი ლაზერით და 10-მეტრიანი მზის იალქნით, მარსამდე მიღწევა რამდენიმე დღეში შეიძლება, იუპიტერამდე კი რამდენიმე კვირაში", - აცხადებს კლუპარი.

1-გიგავატიანი ლაზერის აშენება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაჯდება, რის შემდეგაც მზის სისტემაში ხომალდების გაშვება შედარებით იაფი გახდება. წინასწარი კვლევით, ლაზერის აშენების შემდეგ მზის სისტემაში ხომალდების გაგზავნა სულ რაღაც რამდენიმე ათეული, ან უბრალოდ რამდენიმე ათასი დოლარი დაჯდება. ამჟამად სხვა პლანეტაზე ხომალდის გაგზავნის ფასი, უხეშად რომ დავთვალოთ, ერთი მილიარდი დოლარია.

კლუპარის თქმით, StarChip-ების გაშვებისთვის საერთაშორისო ჩართულობა იქნება საჭირო, რადგან, კოსმოსში 1-გიგავატიანმა ლაზერის სხივმა შესაძლოა სატელიტები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანოს.

100-გიგავატიანი ლაზერის დანახვა კი მთელი გალაქტიკიდან იქნება შესაძლებელი. ეს ლაზერი უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე მზე. ამის საშუალებით ჩვენ მთელ გალაქტიკას შევატყობინებთ, რომ დედამიწაზე ჭკვიანი, მოაზროვნე არსებები ცხოვრობენ.

"ამ პროექტს არა ხალხის რომელიმე ჯგუფისთვის, არამედ მთლიანად პლანეტისთვის ვაკეთებთ", - აცხადებს კლუპარი.