ხელოვნურმა ნიადაგმა შესაძლოა ბანანები გადაშენებას გადაარჩინოს
ნიდერლანდებში ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ქვეყანაში ბანანები პირველად გაზარდა, თანაც საინტერესო მეთოდით.
ვაგენინგენის უნივერსიტეტში ქოქოსის ბოჭკოსა და სპეციალურ ბამბაზე ბანანის 60-მდე მცენარე გაზარდეს. მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა ბანანის გაზრდა ხელოვნურ ნიადაგზე. ახალმა მეთოდმა ეს ხილი მომავალში შესაძლოა გადაშენებისგან დაიცვას.
დაავადება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ბანანებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, ფუზარიოზის სახელით არის ცნობილი.
ფუზარიოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც მიწაში ვრცელდება. ნიადაგის ბამბითა და ქოქოსის ბოჭკოთი ჩანაცვლებით კი მეცნიერებმა დაავადების წყაროს გვერდი აუარეს.
"ფუზარიოზი ბანანის წარმოებას სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს მასშტაბით უქმნის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბანანები ნიადაგის გარეშე გაგვეზარდა. როგორც აღმოჩნდა, მინერალების დამატების შემდეგ, მცენარეები ბამბაზეც მშვენივრად იზრდებიან", - აცხადებს ტროპიკული მცენარეების პათოლოგიათა პროფესორი გერტ კიმა.
ბანანი ტროპიკებში ადამიანთათვის საკვების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელზეც 400 მილიონზე მეტი ადამიანია დამოკიდებული. ფუზარიოზის გამომწვევი სოკო ნიადაგში ათწლეულების განმავლობაში რჩება და მისი განადგურება თითქმის შეუძლებელია. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბანანის მწარმოებელთათვის დიდი პრობლემაა.
"ბანანების ხელოვნურ ნიადაგზე გაზრდა მცენარეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ გარემოდან მხოლოდ ის ნივთიერებები აითვისონ, რაც მათ სჭირდებათ. ნაკლებია დანაკარგებიც. სათბურში ამ მეთოდით გაზრდილ ბანანებს არც დაავადებები ემუქრებათ, რაც მათ კულტივაციას უფრო აადვილებს. ასევე უფრო ადვილად არის შესაძლებელი მცენარეების ერთმანეთისგან განცალკევებაც, რათა თითოეულ მათგანს მზის მეტი სინათლე ერგოს", - აცხადებს კიმა.
1950-იან წლებში ფუზარიოზის ერთ-ერთმა ტიპმა მსოფლიოში ბანანის პლანტაციები თითქმის სრულად გაანადგურა, რამაც მწარმოებლებს ბანანის ახალ, დაავადებებისადმი გამძლე კულტივარზე გადასვლა აიძულა, რაც უდიდეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ახალმა კულტივარმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაამართლა, თუმცა ის ფუზარიოზის ახალ შტამებს უკვე ვეღარ უმკლავდება.
კვლევის შემდეგ ეტაპზე ხელოვნური ნიადაგის გამოყენებით ბანანების გაზრდა ფილიპინებში იგეგმება.
კომენტარები