Georgian Airways-ის პილოტის საბჭოთა ნოსტალგია
"დიდო მოსკოვო, დილა მშვიდობისა! TGZ 930. პატარა ქართველი ძირს ეშვება და მოგესალმებათ თქვენ, საყვარელო მოსკოვო", — ცდებით, თუ გგონიათ, რომ ეს სიტყვები ბუბა კიკაბიძემ თქვა მიმინოს გადაღებისას. ასე ესაუბრება Georgian Airways-ის მფრინავი რუს ავიამეთვალყურეებს მოსკოვში დაშვებისას 2018 წელს.
ცალმხრივი სიყვარული
On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა აუდიომასალა, რომელშიც საქართველოს ავიახაზების (ყოფილი აირზენა) მფრინავისა და მოსკოვის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის რუსულენოვანი საუბარია ჩაწერილი.
ქართული ავიახაზების მფრინავისა და რუსი ავიამეთვალყურის საუბარი "საყვარელი მოსკოვის" გულითადი მოკითხვით იწყება. მფრინავი, რომელიც დილა მშვიდობისას უსურვებს რუს ავიამეთვალყურეებს, პასუხად იღებს მხოლოდ მონაცემებსა და ინსტრუქციას თვითმფრინავის დასმის შესახებ. თუმცა, ის ემოციური ტონით მიმართვას აგრძელებს და სხვა პირობებით დაშვებას ითხოვს, რის პასუხადაც ეუბნებიან, რომ დაშვება შეუძლია, მთავარია, დროულად მოასწროს.
მფრინავის ამ ნოსტალგიური ფრაზის პასუხად რუსი ავიამეთვალყურეების სიცილი ისმის. მასთან კონტაქტზე მყოფი პირისგან კი მფრინავი პასუხად იღებს: "გასაგებია".
მკითხველის მიერ მოწოდებულ აუდიოჩანაწერში ისმის ამ მფრინავის კიდევ ერთი საუბარი, ამჯერად სხვა ავიამეთვალყურესთან. საუბარი "პატარა ქართველის" მიერ "დიდი რუსისთვის" თვითმფრინავის დასმის პირობების შეთანხმებით იწყება.
რუსი ავიამეთვალყურე ამჯერადაც მშრალი პასუხით შემოიფარგლა და პილოტს არა "პატარა ქართველით", არამედ "თამაზ 930"-ით მიმართავს, რაც Georgian Airways-ის ოფიციალური მოსახმობი სიტყვაა. მფრინავი ამას რეპლიკით პასუხობს: "აი, ეს არის ჭეშმარიტი რუსის ხმა".
მონაცემების შეთანხმების შემდეგ რუსი ავიამეთვალყურე თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას აძლევს, პასუხად კი მფრინავისგან ისმენს: "მეც ყოველთვის ამას ვამბობ, რუსეთმა ყველაფერი იცის".
ოკუპანტის ენაზე საერთაშორისოს ნაცვლად
ავიამეთვალყურესა და მფრინავს შორის კომუნიკაციის წესები განსაზღვრულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის საჰაერო სივრცეშიც ფრენს საჰაერო ხომალდი.
საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) წევრი ქვეყანაა. ICAO-ს შესაბამისი დანართის თანახმად, მფრინავები ვალდებული არიან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირი საერთაშორისო სამუშაო ენაზე, ინგლისურად დაამყარონ. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, რადიოკავშირის დამყარება დასაშვებია როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე.
გარდა ამისა, ICAO-ს კოდექსი მფრინავსა და ავიამეთვალყურეს ავალდებულებს, კომუნიკაცია სტანდარტული ფრაზეოლოგიით ჰქონდეთ და არაოფიციალური სასაუბრო ენა მხოლოდ მაშინ გამოიყენონ, როცა ფრაზეოლოგია არ არის საკმარისი კომუნიკაციის დასამყარებლად.
მართალია, მფრინავისა და ავიამეთვალყურის პირადი დამოკიდებულების გამოხატვას საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე ნორმა არ არეგულირებს. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკით რადიოკავშირის დროს, დაშვებულია მოკლე ფრაზებით საუბარი. კავშირი უნდა წარიმართოს გარკვევით, მკაფიოდ და არაორაზროვნად.
Georgian Airways-ის პასუხი
On.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ Georgian Airways-ში ქართველი მფრინავის რუსულ საუბარსა და საავიაციო კოდექსის დარღვევაზე. ასევე, რა რეაგირება ექნება კომპანიას ამ საკითხზე. კომპანიაში ამბობენ, რომ ტოპ-მენეჯმენტი მუდმივ რეჟიმში ამოწმებს პერსონალის მუშაობის პროცესს და როცა საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობას ადგენენ, რეაგირებენ.
როგორც მათ On.ge-ს განუცხადეს, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლიათ მფრინავის იდენტიფიცირება და მოკვლევის შემდეგ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. მათი თქმით, ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული ზუსტი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა სახის იქნება ეს რეაგირება. მათივე თქმით, პირველ რიგში, უნდა გაიშიფროს ამ ავიახომალდის შავი ყუთის ჩანაწერები, საიდანაც საუბრის შინაარსის დადგენა იქნება შესაძლებელი.
კომუნიკაციის განსხვავებული მაგალითი
საბჭოთა ნოსტალგიის ამ მაგალითის გარდა, ქართულ ავიაციას პოზიტიური შემთხვევებიც ახსოვს. ქართველმა ავიამეთვალყურემ, გიორგი სარალიძემ, რომელიც ცხრა წელია, საქაერო ნავიგაციაში მუშაობს, მსგავსი ოფიციალური საუბრის დროს ფრანგ მფრინავს რუსულად მომართვის გამო შენიშვნა მისცა.
როგორც სარალიძემ On.ge-ს უამბო, წარსულიდან გამომდინარე, ქართველებს დღესაც რუსებთან აიგივებენ. სამუშაო პროცესში საფრანგეთის ავიახაზების მფრინავმა მას დახმარებისთვის მადლობა რუსულად გადაუხადა. პასუხად ქართველმა ავიამეთვალყურემ ფრანგ მფრინავს გერმანულად მიმართა და განუმარტა, რომ მისთვის ისეთივე უცხო ენა იყო რუსული, როგორიც ფრანგისთვის – გერმანული. სარალიძის ქმედებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოყვა.
კომენტარები