ახლახან გამოქვეყნებული კვლევით ვიგებთ, რომ ბაბუინებმა, რომლებსაც ღორების გენეტიკურად მოდიფიცირებული გულები გადაუნერგეს, 195 დღის განმავლობაში იცოცხლეს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მიღწეული შედეგი ქსენოტრანსპლანტაციის სფეროში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ქსენოტრანსპლანტაცია სხვადასხვა სახეობებს შორის ორგანოების გადანერგვას ეწოდება.

"25-წლიანი მუშაობის მიუხედავად, ამ დრომდე გულის გადანერგვის შემდეგ ბაბუინების მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 57 დღე იყო", - აცხადებენ მკვლევარები.

"ქსენოტრანსპლანტაციის დადებითი თვისებები აშკარაა, თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ სახეობათა შორის ორგანოების გადანერგვით გავრცელებულმა ცნობილმა და ჯერჯერობით უცნობმა ინფექციებმა შესაძლოა რეციპიენტებსა და მის გარშემო არსებულ საზოგადოებას საფრთხე შეუქმნან. საზოგადოებისთვის სახეობათაშორისი ინფექციები საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით საშიში კი რეტროვირუსებია, რომლებსაც ხშირად ლატენტური ფაზა ახასიათებთ - ისინი შესაძლოა ორგანიზმში წლების განმავლობაში სიმპტომების გამოწვევის გარეშე ცხოვრობდნენ, თუმცა საჭირო პირობების შექმნისას მათ დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ", - ნათქვამია აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად, რეციპიენტებში გულის გადანერგვა გარდაცვლილი ადამიანისგან ხდება, ეს მათთვის, ვის სამკურნალოდაც სხვა მეთოდები აღარ გამოდგება, ხშირად, გადარჩენის ერთადერთი გზაა. თუმცა, როდესაც გულის დონორი არ არსებობს, პაციენტებს ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოცდა უწევთ.

2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში ტრანსპლანტის რიგში 114 000 ადამიანი იმყოფება, ხოლო ყოველდღიურად დონორის არ არსებობის გამო 20 ადამიანი კვდება.

ექსპერიმენტი

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2015-დან 2018 წლამდე მიმდინარეობდა მეცნიერებმა 14 ახალგაზრდა ღორის გული 14 მამრ ბაბუინში გადანერგეს. გენეტიკური მოდიფიცირების შედეგად ღორების გულები ადამიანის გენის, CD46-სა და მემბრანული ცილის, თრომბომოდულინის ექსპრესიას ახდენდნენ.

მეცნიერებმა ბაბუინები ჯგუფებად დაჰყვეს და ოპერაცია სამი სხვადასხვა მეთოდით ჩაატარეს.

პირველ ჯგუფში, დონორის გული გადანერგვის დაწყების პროცესიდან მის დასრულებამდე პლასტმასის კონტეინერებში, ცივ ხსნარში ყინულებთან ერთად ინახებოდა. ამ შემთხვევაში შედეგები იმედისმომცემი არ იყო, მეცნიერების თქმით, ბაბუინებმა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იცოცხლეს.

მეორე ჯგუფში გული საკვები ნივთიერებების, ჰორმონებისა და ერითროციტების შემცველ ხსნარში ინახებოდა. პირველ ჯგუფთან შედარებით, ბაბუინებმა ამ შემთხვევაში 40 დღემდე იცოცხლეს.

მესამე ჯგუფში ბაბუინებს მაღალი წნევის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდათ - ღორების სისხლის წნევა ბაბუინებისაზე დაბალია, ოპერაციისას ასევე გამოიყენეს დამატებითი მედიკამენტები, რათა გადანერგილი გულის ზრდა შეეჩერებინათ - გული გადანერგვის შემდეგ ზოგჯერ გადაჭარბებულ ზრდას განიცდის ხოლმე.

ოთხი კვირის შემდეგ მესამე ჯგუფში მყოფი ხუთივე ბაბუინის გული გამართულად მუშაობდა. ორმა მათგანმა კი ჯანმრთელად სამი თვის განმავლობაში იცოცხლა, რის შემდეგაც მეცნიერებმა კვლევის გახანგრძლივება გადაწყვიტეს, საბოლოო ჯამში ბოლო ორმა ბაბუინმა დაახლოებით 195 დღის განმავლობაში იცოცხლა.

ჯერჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა ახალი მიდგომა ადამიანებთან მიმართებაშიც, თუმცა, კვლევის შედეგები დამაიმედებელია.

"ის ფაქტი, რომ ღორის გულით ბაბუინებმა 195 დღის განმავლობაში იცოცხლეს, მიუთითებს, რომ მსგავსი შედეგის მიღწევა ადამიანებშიც შეიძლება. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის. ჯერ საჭიროა დადგინდეს, რა გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებში ცხოველთა ორგანოების გადანერგვას", - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორი ჩარლზ მური.

მურის თქმით მეცნიერებმა აღნიშნულ კვლევაში ორი ახალი მნიშვნელოვანი პროცედურა გამოცადეს. ერთ-ერთია ორგანოს სისხლის მსგავს ხსნარში შენახვა, რომელიც გულს ნარჩენ პროდუქტებს აშორებს, ხოლო მეორე კი ღორის გულში ცილების სინთეზის დათრგუნვა, რისი საშუალებითაც მათ გადანერგილი გულის ზრდა შეაჩერეს.

ადამიანებში ცხოველების ორგანოების გადანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება ჯერ არ მომხდარა. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმი ცხოველებიდან გადანერგილ ორგანოებს იმუნური სისტემის რეაქციების გამო ხშირად უკუაგდებს.

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორის ბერი ფიულერის თქმით, მეცნიერებმა გენეტიკური მოდიფიცირების საშუალებით ორგანოები გადანერგვისთვის უფრო თავსებადი გახადეს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ის აცხადებს, რომ მსგავსი ოპერაციის ადამიანებში ჩატარებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.