გორის რაიონში, სოფელ ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობის შესაძენად ბიუჯეტიდან 960 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. სამუშაოებს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ტენდერის გარეშე დაუკვეთავს.

მათივე განმარტებით, ამ სამუშაოებისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ჩაიშალა. ფასი ახლანდელზე თითქმის ორჯერ ნაკლები, 490 300 ლარი იყო.

"მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბაზარზე აღნიშნული აღჭურვილობის ფასები გაზრდილია და შეუძლებელია შესყიდვის განხორციელება იმ თანხაზე", — აღნიშნავს სააგენტო.

უწყება შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ აუცილებელია მომსახურება ტენდერის გარეშე შეისყიდონ, რადგან თანხის დაფარვა 2018 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება და 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა არ დევს.

"შესაბამისი ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს (დასრულდეს) მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე", — აღნიშნავენ სააგენტოში.

საბოლოოდ, საწარმო უნდა გადაეცეს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.